GE

მასწავლებელი თუ მოსწავლის ასისტენტი – პედაგოგი ქუთაისიდან, რომელიც საკლასო ცხოვრებას „თავდაყირა აყენებს“

სმოკინგებში გამოწყობილი ბიჭები, გოგონები კლასიკური კაბებით, ბაფთებით, მე-19 საუკუნისათვის დამახასიათებელი იერით, სალონური საღამოებისთვის შესაფერად მოწყობილი სივრცე, ბაფთიანი გიტარა და პოეზია. ეს ყველაფერი სკოლაში ხდება, მაგრამ არც საჩვენებელი გაკვეთილია და არც სასკოლო ღონისძიება. ერთი ჩვეულებრივი გაკვეთილია მისი ამსახველი ფოტოებით და ტექსტით: „მადლობა საუკეთესო დამრიგებელს, ქალბატონ ლალის, რადგან მომცა უფლება მისი საკლასო ოთახი თავდაყირა დამეყენებინა!“ – ამ სტატუსით რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გვერდი „მოსწავლის ასისტენტი“ აღმოვაჩინე. აქ ის განხორციელებული იდეები იყრის თავს, რომელიც სასწავლო პროცესის საინტერესოდ წარმართვისთვის ერთმა მასწავლებელმა გამოიყენა და შესაძლოა ქართულის ნებისმიერ მასწავლებელს ან მომავალ მასწავლებელს გამოადგეს.

გვერდი ქუთაისის მე-20 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს ეკუთვნის, რომელიც საკლასო ოთახების „თავდაყირა დაყენებით“ ცდილობს ბავშვებისთვის ჩვეულებრივი სასწავლო პროცესი თავგადასავლად აქციოს. ეს ამბავიც მასზეა, მასწავლებელ ნანა ჩხობაძეზე, რომელმაც პროფესიის არჩევაზე ხუთი წელი იფიქრა, მანდატურის სამსახურს თავი დაანება და მიზნისკენ სწრაფვა ნაბიჯ-ნაბიჯ, ეროვნული გამოცდების თავიდან ჩაბარებით დაიწყო. ალბათ, როგორც ყველა დამწყებისთვის, მისთვისაც პირველი სამუშაო დღე ემოციური იყო.

„მახსოვს, წინა ღამით თითქმის საერთოდ არ მეძინა, სურათის ჩარჩოს ვამზადებდი მოსწავლეებისათვის. სხვათა შორის, ჩემი მთავარი გზავნილიც ამ ჩარჩოზე დავიტანე – „სწავლის ძირიც ტკბილია“. ძირითადად, სკოლა და სწავლის პროცესი უარყოფით განცდებთან ასოცირდება, ჩემი მთავარი მიზანი კი ამ პროცესის გახალისება და მოზარდებისათვის მისი სხვაგვარად დანახება იყო. იმ დღის ემოციები, კადრები, დღემდე ცხადად მომყვება და ვფიქრობ, არც არასდროს დამავიწყდება. ჩემს თავს მუდმივად ვახსენებ ამ სიტყვებს – „თუ ბედავ სწავლებას, თავადაც არასდროს შეწყვიტო სწავლა“, – გვიყვება მასწავლებელი.

ჩვენს რესპონდენტს მიაჩნია, რომ სწავლა-სწავლების პროცესში ჯერ კიდევ ბევრი რამ არის შესაცვლელი. მაგალითად, თითქმის უკვე მივეჩვიეთ, რომ მოსწავლეებს საკუთარი აზრის ხმამაღლა გამოთქმა შეუძლიათ და ეს ცუდ აღზრდაზე არ მეტყველებს, ძალადობა სწავლების თანმდევი პროცესი ვერ იქნება და დიდი ხანია გავიდა დრო, როცა ეს საზოგადოებაში დამკვიდრებულ ნორმად ითვლებოდა.

„ჩემი ჯერ მცირე გამოცდილებით, ბავშვები პირველ რიგში, საჭიროებენ სულიერ კავშირს, მოსმენასა და გაგებას. მათ წინაშე უამრავი გამოწვევაა, განვითარებისა და ჩამოყალიბების გზაზე კი ისინი გულშემატკივრად და დამხმარედ უნდა აღგვიქვამდნენ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ მივაჩვიოთ დამოუკიდებლობას, პასუხისმგებლობას და ყველაფერი ლანგარზე მივართვათ. სამწუხაროდ, ჩვენ, მასწავლებლები, მშობლები, ბავშვებს მუდმივად ვადარებთ ერთმანეთს და არ ვასწავლით მათ, რომ ისინი მხოლოდ და მხოლოდ თავიანთ თავს უნდა შეედარონ. ბავშვი, რომელიც წლების მანძილზე მივაჩვიეთ გარკვეულ შიშსა და დისტანციას, აუცილებლად შეეცდება, დამალოს ნებისმიერი პრობლემა. ჩემი სურვილია, ვიყო მოსწავლის ასისტენტი, ვეხმარებოდე მას ცოდნის მიღების გზაზე და ამასთანავე, იცოდეს, რომ მე ყოვლისმცოდნე არ ვარ“, – ამბობს ნანა ჩხობაძე.

მასწავლებლის აზრით, ჰუმანური პედაგოგიკა, პედაგოგებს საშუალებას აძლევს, რომ მოზარდები ემპათიურ ადამიანებად აღზარდონ. ზოგჯერ ეს შეიძლება სრულად ეწინააღმდეგებოდეს ცნობილ მოსაზრებას, რომ „გაკვეთილზე ბუზის გაფრენის ხმა უნდა ისმოდეს“. რეალურად ხომ გაკვეთილი შემოქმედებითი ლაბორატორია უნდა იყოს და მოსწავლის იდეებსა და აზრებს ფრთებს ასხამდეს.

იმისათვის, რომ მისი გაკვეთილი ამ ლაბორატორიად აქციოს და ბავშვები შთაგონების სივრცე გაუფართოვოს, ჩვენი რესპონდენტი მზად არის სხვადასხვა პერსონაჟების როლი მოირგოს, სიმღერები გამოიგონოს, მისცეს მოსწავლეებს უფლება შეცდომები გაუსწორონ და საკლასო ოთახი „თავდაყირა დააყენონ“ .

„შუა გაკვეთილზე გაგვირეპავს, თვალები აგვიხვევია, იატაკზე დავმსხდარვართ, გრამატიკა უცნაურად გვისწავლია, ზედსართავი სახელის ხარისხის ფორმები ორცხობილებისა და შოკოლადის დაგემოვნებით, მეტყველების ნაწილთა კითხვების გასააზრებლად ნაწარმოების შექმნით, ზმნისწინები – სიმღერით, „ვეფხისტყაოსანი“ კი ძალიან ლამაზ მუსიკაზე დამღერებით გვისწავლია. როლებიც გავცვალეთ – მე მოსწავლის ადგილი დავიკავე და ჩემს პატარა მეგობარს გაკვეთილის მართვა წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით გადავაბარე. ამის პარალელურად, მუდმივად ვეცნობით საინტერესო სტატიებს, ვმუშაობთ ესეებზე, გამოვეცით სკოლის გაზეთი გრამატიკულ საკითხებზე, სხვადასხვა კლასის მოსწავლეებთან ჩავატარეთ შეხვედრები, ანუ ჩვენთვის ყველა გზა მისაღებია, რომელიც შედეგამდე მიგვიყვანს და გვიხარია, როცა ჩვენი გაკვეთილები სავსეა შთაგონებითა და შემოქმედებითობით“, – გვიყვება მასწავლებელი.

ვეფხისტყაოსანი (ვიდეო)
მოსწავლის ასისტენტი (ვიდეო)

პანდემიით გამოწვეული პრობლემა და სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვა ახალგზარდა პედაგოგმა ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის წყაროდ აქცია და მოსწავლეებისათვის მოტივაციის გასაზრდელად მკითხველთა დისტანციური კლუბი შექმნა, რომელიც საკლასო ოთახებში დაბრუნების შემდეგაც ფუნქციონირებს და ბავშვებს შესაძლებლობას აძლევს მათთვის საინტერესო წიგნები საინტერესო ადამიანებთან ერთად განიხილონ.

ნანა მასწავლებელს წინ კიდევ ბევრი გამოწვევა აქვს და იცის, რომ მხოლოდ მასწავლებლის სტატუსის მოპოვება და ამაღლება ამ საქმეში საკმარისი არ არის. ნამდვილ პედაგოგებს ბავშვები თავიანთი ამბებითა და პრობლემებით სახლშიც მიჰყვებიან და შეუძლებელია მოვალეობა 45 წუთში ამოწურონ. ნანას ისტორია გააზრებული პროფესიული არჩევანის მაგალითია.

დღეს სკოლაში შესვლის მსურველი ბევრია, სწორედ ამ ფონზე განსაკუთრებით მნიშნელოვანია დაფიქრება იმაზე, თუ ვინ გვინდა ვიყოთ ჩვენ, მასწავლებელი მასწავლებლობისთვის თუ მასწავლებელი მოსწავლის ასისტენტი?

ასევე იხილეთ:

XXI საუკუნის განათლება, უნარები და მასწავლებელი – პედაგოგის შეჯამება 2021 წლის ბოლოს

ავტორი: ანა ჯიქია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm