GE

მოსწავლე: „მასწავლებელმა სიის ამოკითხვისას საჯაროდ თქვა, რომ კლასელს კორონავირუსი დაუდასტურდა, ჩვენ სხვა რამეს ვსწავლობთ“

„ჩვენი კლასელი ერთი კვირა სკოლაში არ დადიოდა, ერთ დღეს მასწავლებელმა სიის ამოკითხვისას თქვა, რომ ქეთის კორონავირუსი დაუდასტურდა და ამიტომ არ დადის..

„ასევე გვითხრა, ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ სკოლაში აღარ ყოფილა და თქვენ საფრთხე არ გემუქრებათო. ცოტა გამიკვირდა, ჩვენ ვსწავლობთ სამოქალაქო განათლებას, სახლშიც მესმის, რომ ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია დაფარულია და თუ ჩვენი კლასელი საფრთხეს არ გვიქმნიდა, რატომ გვითხრა მასწავლებელმა მისი დაავადების შესახებ, იქნებ, სულ არ უნდოდა ქეთის გვცოდნოდა, რომ კოვიდი აქვს?“, – ეს თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლის სიტყვებია, რომელიც მან EDU.ARIS.GE–ს კლასელის ინფიცირების შემდეგ უთხრა.

კიდევ ერთი მოსწავლის მშობელი გვიყვება, რომ შვილის კლასელის დიაგნოზის შესახებ ინფორმაცია ტესტირების ცენტრში, მედიკოსის მხრიდან საჯაროდ გამოცხადების შემდეგ გაიგო.

„სკოლიდან მოსვლის შემდეგ, საღამოს საათებში ბავშვმა იგრძნო ყელის ტკივილი და ტემპერატურამ აუწია 37,5-მდე. მეორე დილით სკოლაში არ გავუშვი და წავიყვანე ტესტირების ცენტრში. მომლოდინე ადამიანებში ჩემი შვილის კლასელი და დედამისი შეგვხვდნენ, გავისაუბრეთ დისტანციის დაცვით და აღმოჩნდა, რომ ინფიცირებულთან კონტაქტები არიან, ტემპერატურები აქვთ და დიდი ალბათობით, დადებით პასუხს ელოდებიან. ბავშვი დისტანციურ რეჟიმში სწავლობდა, ამიტომ სხვა კლასელებთან ფიზიკური კონტაქტი არ ჰქონია. ავიღეთ ტესტი და კლინიკამ გვითხრა, რომ პასუხისთვის 15 წუთი უნდა დაგვეცადა. ველოდებოდით 10-მდე ადამიანი. გამოვიდა მედიკოსი, ხმამაღლა წაიკითხა ჩემი შვილის კლასელის და მისი დედის გვარები და ამდენ ხალხში გამოუცხადა, რომ დადებითები არიან და 112-ს უნდა დაუკავშირდნენ. ძალიან უხერხულად ვიგრძენი თავი ამ ადამიანებთან, ასე საჯაროდ მათი დიაგნოზის გამოცხადების გამო. ჩვენი პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა და სანამ არ მოვიკითხეთ, არავინ გვითხრა“, – ამბობს მშობელი EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

ბოლო ერთი წელია, მსოფლიოს მოსახლეობა გლობალური პანდემიის რეჟიმში ცხოვრობს, მათ შორის არიან მოსწავლეები და საგანმანათლებლო დაწესებულებები. როგორც ვიცით, ჩვენს ქვეყანაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები დახურული არაა და სკოლების დისტანციურ რეჟიმში გადაყვანა წერტილოვანი მიდგომებით ხდება. სადაც ფიქსირდება ინფექცია, ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებით, დისტანციურ რეჟიმში გადადის კლასი, ან სკოლა, თუმცა მთელ ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, ჯანმრთელი მოსწავლეების უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან ერთად, გათვალისწინებული იყოს ინფიცირებული ადამიანის უფლებებიც.

ერთია უფლება და მეორეა საფრთხე, თუ ერთი მხრივ დაცული უნდა იყოს ადამიანის დიაგნოზის შესახებ ინფორმაცია, ასევე დაცული უნდა იყოს მოსწავლე და მასწავლებელი, რომლებიც სკოლაში დადიან და უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია ინფიცირებულთან შესაძლო კონტაქტის შესახებ.

რა შემთხვევაშია შესაძლებელი კოვიდ 19-თან დაკავშირებული მოსწავლის ან მასწავლებლის დიაგნოზის გასაჯაროება?  EDU.ARIS.GE-მ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართა, სადაც განგვიცხადეს, რომ პანდემიასთან დაკავშირებით, ზოგადი რეკომენდაციები გამოქვეყნებული აქვთ და კონფიდენციალურობის საკითხიც ზოგადად აღნიშნულია.

„ვირუსით ინფიცირებულ, შესაძლო ინფიცირებულ ან/და მათთან კონტაქტში მყოფ პირთა ვინაობის (სახელის, გვარის) საჯაროდ გავრცელება, როგორც წესი, აუცილებელი არ არის და საზოგადოებრივი ინტერესის დასაკმაყოფილებლად საკმარისია მათ შესახებ არაიდენტიფიცირებადი ფორმით ინფორმაციის გავრცელება (მოქალაქეობა, ეთნიკური კუთვნილება, ასაკი, სამუშაო ადგილი, მათი გადაადგილების მარშრუტი და ა.შ.). აღნიშნულ პირთა ვინაობის შესახებ მონაცემების გასაჯაროება და მესამე პირთათვის გამჟღავნება დასაშვებია იმ მოცულობითა და იმ ფარგლებში, რაც აუცილებელია დაავადების პრევენციის, კონტროლისა და მართვისათვის“, – ვკითხულობთ სახელმწიფო ინსპექტორის რეკომენდაციაში.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბოლო მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით სრულ დისტანციურ სწავლებაზე 37 სკოლა და 117 ცალკეული კლასი იმყოფება, თუმცა ინფორმაცია ყოველდღიურ რეჟიმში იცვლება.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში  ვირუსით ინფიცირების 687 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. აქედან, თბილისში გამოვლენილია 351 შემთხვევა, აჭარა – 61, იმერეთი – 68, ქვემო ქართლი – 22, შიდა ქართლი – 41, გურია – 14, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 84, კახეთი – 18, მცხეთა-მთიანეთი – 20, სამცხე-ჯავახეთი – 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.

„ვეცდებით დიდხანს შევინარჩუნოთ“ – თამარ გაბუნია სკოლებისა და ბაღების დახურვაზე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური