GE

„მასწავლებელს ბიულეტენს მხოლოდ იმ შემთხვევაში შევთავაზებთ, თუ საერთოდ არ შეუძლია გაკვეთილის ჩატარება“ – დირექტორების პოზიცია

15 თებერვლიდან სასწავლო პროცესი სასკოლო სივრცეში განახლდა თბილისში, რუსთავსა და ქუთაისშიც. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული საერთო რეკომენდაციების გარდა, სოფლისა და ქალაქების სკოლებში განსხვავებული რეგულაციები მოქმედებს. მაგალითად იმ მოსწავლეებს, რომლებიც სოფლის სკოლაში სწავლობენ არა აქვთ ონლაინ გაკვეთილების მოთხოვნის უფლება. იმ შემთხვევაში კი, თუ კლასში კორონავირუსი გამოვლინდება, მთლიანად კლასი გადადის დისტანციურ სწავლებაზე. რამდენიმე შემთხვევის დროს კი, დასწრებულ რეჟიმში სკოლაც ორი კვირით წყვეტს სასწავლო პროცესს და დისტანციურ სწავლებაზე გადადის.

რაც შეეხება მასწავლებლებს, როგორც EDU.ARIS.GE-ს განათლების სამინისტროში განუცხადეს, იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ მასწავლებელი რისკჯგუფს წარმოადგენს, სკოლას აქვს ორი შესაძლებლობა, ან კონკრეტული საგანი გადაიტანოს დისტანციურ ფორმატში და მასწავლებელმა სახლიდან წარმართოს პროცესი, ან ჩაანაცვლოს სხვა მასწავლებლით.

„მნიშვნელოვანია, რომ არ დაირღვეს მასწავლებლის უფლება, ამიტომ ეს პროცესი მასთან შეთანხმებით უნდა წარიმართოს“, – აცხადებს განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე.

ასეთი განცხადების მიუხედავად, მას შემდეგ, რაც ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთ მასწავლებელს სკოლამ მიმართვისთანავე ბიულეტენით სარგებლობა შესთავაზა, რაც სულაც არ ყოფილა მასწავლებლის სურვილი, EDU.ARIS.GE დაინტერესდა როგორ არეგულირებენ სკოლები რეგიონებში მასწავლებლების საკითხს, თუ ის ადასტურებს რომ რისკჯგუფში შედის და სურს დისტანციურად ასწავლოს თავის საგანი მოსწავლეებს.

როგორც EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ანონიმად დარჩენის მსურველი მასწავლებლები აღნიშნავდნენ, დირექტორმა ხშირ შემთხვევაში ბიულეტენის აღება ურჩიათ, რა დროსაც საგანში გაკვეთილს სხვა მასწავლებელი ჩაატარებს. დირექტორებისგან იყო შეთავაზებები ესარგებლათ კუთვნილი შვებულებითაც, რაც პედაგოგებისთვის სულაც არ იყო სასურველი.

„ორი ვარიანტი წერია ჩვენთანაც, ან დისტანციურს სთავაზობს სკოლა, ან სხვა მოჰყავს მის მაგივრად და ამ შემთხვევაში აძლევს ბიულეტენს, რეგიონებს რადგან არ გვაქვს ჰიბრიდულის არჩევის უფლება, შესაძლოა პირდაპირ ბიულეტენზე გასვლა ურჩიოს დირექტორმა“, – აცხადებენ მასწავლებლები.

ასეთი ინფორმაციების მიღების შემდეგ EDU.ARIS.GE რეგიონის სკოლის დირექტორებს ესაუბრა და მათთან გადაამოწმა რა მიდგომებს აირჩევენ, თუ მასწავლებელი რისკჯგუფში ყოფნის გამო დისტანციურად მოითხოვს გაკვეთილის ჩატარებას. იმ დირექტორების უმრავლესობა, რომელთაც ჩვენ ვესაუბრეთ აღნიშნავს, რომ მასწავლებლებს ბიულეტენს არ შესთავაზებენ და მისცემენ საშუალებას გაკვეთილი დისტანციურად ჩაატარონ. როგორც მათ გვითხრეს, მასწავლებლების უმრავლესობასთან ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებთ და იციან ვის სჭირდება რეალურად ასეთი მხარდაჭერა. მათივე თქმით, რისკი ყველასთვის არსებობს.

თელავის რაიონის სოფელ კისისხევის საჯარო სკოლის დირექტორის ლიანა ერგემლიძის განცხადებით, მასწავლებელს ბიულეტენს მხოლოდ იმ შემთხვევაში მისცემენ, თუ საერთოდ არ შეუძლია გაკვეთილის ჩატარება ფიზიკური მდგომარეობის გამო, თუ მხოლოდ რისკჯგუფშია დისტანციურად წარმართავს საგაკვეთილო პროცესს.

„ჩვენ ჰიბრიდული სწავლების უფლებაც გვაქვს, მაგრამ არ გვინდა. რაც შეეხება მასწავლებლებს, ბიულეტენს იმ შემთხვევაში მივცემთ, თუ საერთოდ არ შეუძლია გაკვეთილის ჩატარება, თუ მხოლოდ რისკჯგუფშია და ამას დაადასტურებს, ჩაატარებს დისტანციურად სახლიდან და სხვა მასწავლებლით არ ჩავანაცვლებთ. ამის გარდა, წლებია ვთანამშრომლობთ და ვიცით ვის სჭირდება რეალურად დაცვა და ვისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა განსაკუთრებით საფრთხის ქვეშ“, – განაცხადა ლიანა ერგემლიძემ.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის სკოლის დირექტორის ფატი თევდორაძის განცხადებით, ამ ეტაპზე მასწავლებლები კორონავირუსზე ტესტირებას გადიან, სკოლა მთლიანად დასწრებულ რეჟიმში სწავლობს და მასწავლებლებიდანაც რისკჯგუფში ყოფნის მიზეზით დისტანციურად გაკვეთილების ჩატარება არავის მოუთხოვია.

„გვაქვს ჰიბრიდული სწავლების არჩევის უფლება, რა თქმა უნდა, მაგრამ მთლიანად დასწრებულად სწავლას ვამჯობინებთ. მასწავლებლების მხრიდანაც არ აქვს არავის საჭიროება, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო რომ რისკჯგუფში შედიოდეს და მოითხოვოს გაკვეთილის დისტანციურად ჩატარება. იმედი გვაქვს, ასეც გაგრძლდება, სხვა შემთხევვაში არსებობს რეკომენდაციები, რომლის მიხედვითაც ვიმოქმედებთ“, – აღნიშნა ფატი თევდორაძემ.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს საჯარო სკოლის დირექტორის ჯემალ ქვათაძის განცხადებით, ჰიბრიდული სწავლების არჩევის შესაძლებლობა აქვთ, მაგრამ არ მიაჩნია რომ ამ ეტაპზე ამით სარგებლობის საჭიროება დგას, იმის მიუხედავად, რომ ასპროცენტიანი შედეგი დასწრების მხრივ მოსწავლეებში არ არის.

„ასპროცენტიანი შედეგი ცხადია ვერ გვექნება, მაგრამ მთლიანად დასწრებულად ვსწავლობთ და მასწავლებლებიც ატარებენ ჩვეულ რეჟიმში გაკვეთილებს. ამ ეტაპზე არავის მოუთხოვია, რომ დისტანციურად ჩაატაროს გაკვეთილი, თუმცა თუ ამის საჭიროება იქნება, ბიულეტენს ნამდვილად არ შევთავაზებთ, მივცემთ საშუალებას რომ სახლიდან წარმართოს საგაკვეთილო პროცესი“, – განაცხადა ჯემალ ქვათაძემ.

განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებით, მართალია სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ რისკჯგუში ყოფნის გამო მასწავლებლებს მისცეს შესაძლებლობას სახლიდან ჩაატაროს გაკვეთილები, თუმცა ეს ვერ იქნება ყველასთვის.

„რაღაც, დილით წნევა მქონდა და ვერ წავალ, ამაზე არ არის საუბარი. აქ არის საუბარი თუ რაღაც ქრონიკული დაავადებაა, არის მაღალი რისკი იმის, რომ ყოველდღიურად ამ პროცესში იყოს ჩართული, ამას ადასტურებს მასწავლებელი და ამ შემთხვევაში ეძლევა უფლება მისი კონკრეტული საგანი ჩავატაროთ დისტანციურად. ან რაღაც პერიოდის განმავლობაში, თუ არ არის კარგად კოლეგამ ჩაატაროს შეთანხმების საფუძველზე, ეს არ არის სავალდებულო და ეს არის პროცესი, როდესაც სკოლა იწყებს ასე ვთქვათ საუბარს, დიალოგს მასწავლებელთან თუ როგორ მოხდეს ასეთი რისკის ქვეშ მყოფი მასწავლებლის შემთხვევაში სასწავლო პროცესის დაორგანიზება”, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

მგონი, გაკვეთილზე მოქცევა დაგვავიწყდა, მაგრამ ყველაფერს შევძლებთ! – როგორი ემოციებით დაბრუნდნენ მოსწავლეები გახსნილი სკოლებიდან

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური