GE

მასწავლებელთა გარე დაკვირვება დაიწყო – რამდენი ქულა უნდა დააგროვოს პედაგოგმა დადებითი შეფასების მიღებისთვის

ნოემბერში გამოცხადებულ მასწავლებელთა გარე დაკვირვების პროცესში ჩართვის მიზნით სულ 4156 მასწავლებელი დარეგისტრირდა.

როგორც EDU.ARIS.GE-ს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, უშუალოდ გაკვეთილზე დაკვირვების პროცესი დღეიდან დაიწყო და 2019-2020 სასწავლო წლის ბოლომდე გაგრძელდება.

პირველ სემესტრში გარე დაკვირვებას გაივლის სხვადასხვა საგნის დაახლოებით 500 მასწავლებელი, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში.

რაც შეეხება რეგისტრირებულთა აქტივობას რეგიონების მიხედვით, მონაცემები ასე გამოიყურება:

აფხაზეთი 16

აჭარა 296

გურია 187

თბილისი 928

იმერეთი 975

კახეთი 330

მცხეთა-მთიანეთი 89

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი 44

სამეგრელო-ზემო სვანეთი 427

სამცხე-ჯავახეთი 95

ქვემო ქართლი 321

შიდა ქართლი 448

გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის გამოცხადებამდე შემოწმდა იმ ადამიანების კვლევები, რომლებიც აკმაყოფილებდნენ გარე დაკვირვების წესით განსაზღვრულ პირობებს.

მასწავლებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მიმდინარე სასწავლო წლისთვის გარე დაკვირვების პროცესში განხორციელდა ორი ცვლილება – გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის გავლამდე მოხდა მასწავლებლების კვლევების შეფასება და შეიცვალა გაკვეთილის შეფასების რუბრიკა, კერძოდ, რუბრიკის მხოლოდ ერთი კომპონენტი – რეფლექსია. რეფლექსიის შეფასება რუბრიკას ემატება ერთ-ერთ კრიტერიუმად და იმისთვის, რომ მასწავლებლის მიერ ჩატარებული გაკვეთილი შეფასდეს დადებითად, მას მოუწევს მაქსიმალური 36 ქულიდან მინიმუმ 27 ქულის დაგროვება.

„ფიქსირდება შემთხვევები, როცა მასწავლებლები განაზღვრულ ვადაში ვერ ტვირთავენ გაკვეთილის გეგმებს, ამის მიზეზი უმთავრესად არის ის, რომ ვერ ახერხებენ დროის სწორად მენეჯმენტს. აუცილებელია, გაკვეთილის გეგმები ატვირთონ 5 სამუშაო დღით ადრე და შეავსონ ყველა კომპონენტი, რომელიც გაკვეთილის გეგმის ფორმით არის გათვალისწინებული. ასევე გაითვალისწინონ ისიც, რომ გაკვეთილის გეგმა აუცილებლად უნდა იყოს pdf ფორმატში. გარდა ამისა, აუცლებელია გაკვეთილის ჩატარებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში ატვირთონ ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსია. გაკვეთილი უნდა იყოს 21-ე საუკუნის უნარების განვითარებაზე ორიენტირებული, გათვალისწინებული უნდა იყოს მოსწავლეების ინდივიდუალური შესაძლებლობები და, რა თქმა უნდა, პასუხობდეს შეფასების რუბრიკით გათვალისწინებულ მოთხოვნებს”, – აცხადებენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.

ცნობისთვის, მიმდინარე სასწავლო წელს გარე დაკვირვების გავლის მსურველ პირთათვის რეგისტრაცია 12 ნოემბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით იყო  გამოცხადებული.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური