GE

მასწავლებელთა სქემაში შესულ ცვლილებებს პრემიერმა ხელი მოაწერა – ვინ გახდება უფროსი მასწავლებელი

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში შესულ ცვლილებებს პრემიერმა ხელი მოაწერა.

ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებაში, სხვა სარედაქციო ცვლილებებთან ერთად წერია, რომ „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილების 38-ე მუხლს დაემატა ახალი პუნქტები, რომელიც განსაზღვრავს რომელი ყოფილი პრაქტიკოსი მასწავლებლები არ დატოვებენ სკოლას და მიენიჭებათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი:

დაემატოს შემდეგი შინაარსის 1​1 და 1​2 პუნქტები:

11 – იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 31 იანვრისთვის ასწავლიდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2020 წლის 1 თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენცია დაადასტურეს ან დადასტურებული ჰქონდათ მინიმუმ 1 კრედიტქულაზე (დააგროვეს მინიმალური ქულა), მიენიჭებათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი.

1​2 – იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 31 იანვრისთვის ასწავლიდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2020 წლის 1 თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე და საგნობრივი კომპეტენცია დაადასტურეს ან დადასტურებული ჰქონდათ 10 კრედიტქულაზე, მიენიჭებათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი.“

დაემატოს შემდეგი შინაარსის 2​2 და 2​3 პუნქტები:

22 – იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 31 იანვრისთვის ასწავლიდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2020 წლის 1 თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით არ/ვერ დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენცია დადასტურებული ჰქონდათ მინიმუმ 1 კრედიტქულაზე (დააგროვეს მინიმალური ქულა), უფლება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ უფროსი მასწავლებლის ვაკანსიის შესავსებად გამოცხადებულ კონკურსში და კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმდნენ, როგორც უფროსი მასწავლებლები.

2​3 – იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 31 იანვრისთვის ასწავლიდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2020 წლის 1 თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით არ/ვერ დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე და საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული ჰქონდათ 10 კრედიტქულაზე, უფლება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ უფროსი მასწავლებლის ვაკანსიის შესავსებად გამოცხადებულ კონკურსში და კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმდნენ, როგორც უფროსი მასწავლებლები“.

ასევე, დადგენილების 41-ე მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის პუნქტები:

2022 წლის პირველი იანვრისთვის არაქართულენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში/სექტორებზე დასაქმებულ იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებსაც 2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით საგნობრივი და პროფესიული კომპეტენცია დადასტურებული აქვთ მინიმუმ 1 კრედიტქულაზე (დააგროვეს მინიმალური ქულა), მიენიჭებათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი.

2022 წლის პირველი იანვრისთვის არაქართულენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში/სექტორებზე დასაქმებულ იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებსაც 2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვთ 10 კრედიტქულაზე, მიენიჭებათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი.“

დადგენილება, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა დღეს გამოქვეყნდა და უკვე ძალაშია.

ასევე იხილეთ:

რა ახალი გამონაკლისი დაუშვა განათლების სამინისტრომ პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის – ცვლილება სქემაში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური