GE

მასწავლებლები კონსტიტუციაზე გამარჯვებული: „ქვეყნის ძლიერების ქვაკუთხედი კონსტიტუციაა“

„მოხარულები ვართ, რომ პედაგოგებს კონსტიტუციაზე ჩვენი აზრის გამოთქმის საშუალება მოგვეცა, იმ ადამიანებს, რომლებიც მომავალ თაობებს ვზრდით“, – აღნიშნეს ესეების კონკურსში “მასწავლებლები კონსტიტუციაზე” მონაწილე პედაგოგებმა, რომლებიც პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა  სასახლეში დააჯილდოვა და სპეციალური სერტიფიკატები გადასცა.

კონსტიტუციის თემატიკაზე გამოცხადებული ესეების კონკურსი მასწავლებლებისთვის საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდმა დააფინანსა და საგანმანათლებლო პორტალმა EDU.ARIS.GE განახორციელა. ესეების კონკურსის მიზანი საკონსტიტუციო რეფორმისა და კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების შესახებ მასწავლებელთა დაინტერესება და მათი ინფორმირებულობის გაზრდა იყო.

გიორგი მარგველაშვილმა პროექტში მონაწილე მასწავლებლებს სიტყვით მიმართა და კონკურსში მონაწილეობისა და აქტიურობისათვის მადლობა გადაუხადა.

„წლევანდელი წელი მე განათლების წლად გამოვაცხადე და ამითაც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი განათლების სისტემის საფიქრალი და სამსჯელო საკითხი გახდა ასევე პოლიტიკურად უმნიშვნელოვანესი თემა – კონსტიტუციის გააზრება.

მადლობას გიხდით ამ სამუშაოსთვის, იმედი მაქვს, რომ ეს სულისკვეთება, არ დარჩება მხოლოდ პედაგოგებში, არამედ ეს გადავა ასობით და ათასობით თქვენს მოსწავლეზე, გადავა საზოგადოებაში და ჩვენი სახელმწიფო იმით იქნება ძლიერი, რომ ჩვენ ყველა ერთი კანონით, ერთი წესით, ამ ერთი წესის ერთგულებითა და პატივისცემით ვიცხოვრებთ”,- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

კონკურსანტების ნამუშევრები სპეციალურმა ჟიურიმ შეაფასა, რომლის შემადგენლობაში იყვნენ: დიმიტრი გეგენავა – კონსტიტუციონალისტი, ცირა ბარბაქაძე – ფილოლოგი, თომა ჩაგელიშვილი – დოკუმენტალისტი, გიორგი კეკელიძე – ლიტერატურათმცოდნე, ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმღვანელი და ფიქრია ჩიხრაძე – პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი.

ფიქრია ჩიხრაძის თქმით, ბევრი თხზულება ჰგავდა ერთმანეთს, მაგრამ ჟიურიმ ყურადღება მიაქცია გარკვეულ ემოციურ ნაკადს, რომელიც ავტორებს შემოჰქონდათ თხრობაში და პერსონალურ დამოკიდებულებას, რომელიც  პრეზიდენტის პოლიტიკური მდივნის განცხადებით, ბევრად უფრო საინტერესოს ხდიდა თხზულებას, მისადმი დამოკიდებულებას.

„კონსტიტუციაზე ფიქრი, მსჯელობა რომ იწყება საზოგადოებაში, ძალიან კარგია, თუმცა დაგვიანებულია. ბევრად უფრო ადრეც უნდა დაგვეწყო.  კონსტიტუციის მიმართ იყო და ჯერ კიდევ რჩება გაუცხოებული დამოკიდებულება ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ ეს პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.

პედაგოგთა ესეების შეფასებისას ჟიურის წევრებმა შემოქმედებითობის და თავისუფალი აზროვნების პრინციპით იხელმძღვანელეს:

„მე ვცდილობდი, პირველ რიგში, მეპოვა ბმა კონსტიტუციასა და პედაგოგს შორის. თავიანთი კუთხით როგორ უყურებენ კონსტიტუციას, რა შეიძლება მათ ბავშვებთან მიიტანონ. ყველაზე მეტად დამამახსოვრდა მასწავლებლების თავისუფალი აზროვნება, რომლითაც ჩვენ ზოგადად, არ ვართ განებივრებულები“, – აღნიშნა დოკუმენტალისტმა თომა ჩაგელიშვილმა.

„შემოქმედებითი კრიტერიუმის მიხედვით შევარჩიე ნაშრომები, რაც ნიშნავს არა ვიკიპედიურ გააზრებას კონსტიტუციისას, არამედ მასწავლებლის ცოცხალ გამოცდილებას. იყო ასეთი რამდენიმე ნაშრომი, რომლებიც მოხვდენ ფავორიტებში და გაიმარჯვეს კიდეც.  შემოქმედებითობა და საკუთარ გამოცდილებასთან კავშირი იყო რამაც მომხიბლა ესეების გაცნობისას“, – განაცხადა ფილოლოგმა ცირა ბარბაქაძემ.

კონკურსში მონაწილეობა 200-ზე მეტმა მასწავლებელმა მიიღო. მათგან პრეზიდენტმა 16 გამარჯვებული დააჯილდოვა. 11 – რეგიონიდან და 5 – თბილისიდან. გამარჯვებული პედაგოგები ემოციებს ვერ მალავდნენ.

„როდესაც ამ კონკურსის შესახებ გავიგე, აფხაზეთში ვიყავი და იქ დაიწერა ეს ესე. ამიტომაც იყო, ალბათ, ასეთი ემოციური. ყველამ უნდა იცოდეს თავისი უფლებები. მე ისეთ ადგილას დავწერე ეს ესე, სადაც კონსტიტუცია არ მოქმედებს, სადაც ქაოსია, სადაც არაფერს მნიშვნელობა არ აქვს, თავის გატანის გარდა. ქვეყნის ძლიერების ქვაკუთხედი კონსტიტუციაა, წესრიგია. კარგი ცხოვრების გარანტიც კონსტიტუციაა და ყველამ უნდა იცოდეს თავისი უფლებები.

მინდა, რომ მოსწავლეებმაც გაითავისონ ეს, ჩაებან ამ ფერხულში და შემდეგ უკვე თავიანთი აზრები გამოხატონ კონსტიტუციის შესახებ“, – აღნიშნა სენაკის, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა–გიმნაზიის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა რუსუდან მურღულიამ, რომელიც სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის გამარჯვებულად დასახელდა.

„ემოცია ძალიან დიდია, რადგან თემა, რომელიც ჩვენ აქ წარმოვადგინეთ თავად იწვევს ემოციას. მე, როგორც პედაგოგს, არ მინდა, კონსტიტუცია დარჩეს მხოლოდ შავით თეთრზე ნაწერ ტერმინთა ერთობლიობად. კონსტიტუცია უნდა იყოს ხალხთან ინტეგრირებული. ხალხმა კარგად გაითავისოს. საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რა არის კონსტიტუცია და არ იყოს თაროზე შემოდებული წიგნი, რომელსაც არასდროს გადავფურცლავთ“, – გვითხრა იმერეთის რეგიონის გამარჯვებულმა, ჭიათურის მე–2 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელმა ნათია გიგაშვილმა.

„კონსტიტუცია არ უნდა მოერგოს რომელიმე ხელისუფლებას. კონსტიტუცია ხალხისაა და ხალხს უნდა ემსახურებოდეს. ეს იყო ჩემი თემის ნიშა.

მე ვფიქრობ, ჩემი ესეს დადებითი მხარე ის იყო, რომ სკოლაშივე ისწავლეოდეს კონსტიტუცია, რომ ბავშვი თავიდანვე იცნობდეს თავის უფლებებს, ფუნქცია-მოვალეობებს, რომ შემდეგ ცხოვრებაში აღარ სჭირდებოდეს სხვადასხვა ინსტანციებში ამის გარკვევა“, – აღნიშნა სამცხე–ჯავახეთის რეგიონის გამარჯვებულმა ადიგენის, სოფელ მოხის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა თემურ ბერიძემ.

„როცა გავიგე, რომ გავიმარჯვე, ძალიან დავიბენი, ცრემლები მომადგა და ვერ დავდიოდი. ის, რაც ჩვენს ბავშვებს, სახელმწიფოს წაადგება, 500 სიტყვაში გადმოვეცი და ეს ვიღაცამ დაინახა ისე, რომ ჩემი წარმატება აღიარა. მე ეს ძალიან მიხარია.

ძალიან დიდი ხნის წინ, საბჭოთა დროში, როცა საბჭოთა კონსტიტუციაში ჩვენ მშობლიურ ენად რუსულის ჩაწერა უნდოდათ, ჩემი მეგობარი ჩამოვიდა და გვითხრა, პროკლამაციები გადმოყარეს და კონსტიტუციის გამო ქუჩაში უნდა გამოვიდეთო. ეს სიტყვები ჩამრჩა და გაუცნობიერებლად შემოვიდა ჩემში კონსტიტუცია. შემდეგ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, როდესაც ვმსჯელობდით, 1921 წლის კონსტიტუციით უნდა მივიღოთ დამოუკიდებლობა, თუ – ისე. შეიცვალა დრო, მეც დამიგროვდა მოსწავლეებთან, ახალგაზრდებთან ურთიერთობის წლები და ვთვლი, რომ კონსტიტუცია არის ხერხემალი, რომელზეც ჩვენი ქვეყანა დადგება“, – გვითხრა შიდა ქართლის რეგიონის გამარჯვებულმა, გორის ამერიკის უნივერსიტეტის სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა არინა თავაქარაშვილმა.

არინა თავაქარაშვილის თქმით, ამ კონკურსში მონაწილეობა იმიტომ მიიღო, რომ რეგიონალიზმის პრინციპი იყო გათვალისწინებული.

„საქართველო ერთი ქალაქი არ არის, საქართველო არის ერთიანი და ადამიანებს თუ მივცემთ რეგიონებშიც დამაგრების საშუალებას და სამოქალაქო აზროვნება ადგილებზე განვითარდება, კარგი იქნება. ამისი ხელშეწყობა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა სამოქალაქო განათლების პედაგოგმა.

პრეზიდენტის სასახლეში ესეების კონკურში მონაწილე ყველა პედაგოგი მიიწვიეს და მათ პრიზები და სერტიფიკატები გადასცეს. გურჯაანის #3 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელმა ეთერ ბიბილაშვილს მართალია, არ გაუმარჯვია კონკურსში, მაგრამ მასში მონაწილეობით მაინც ძალიან კმაყოფილია.

„უზომოდ კმაყოფილი ვარ ამ ღონისძიების. მართალია მხოლოდ სერტიფიკატი შემხვდა, მაგრამ კარგი ღონისძიება იყო. ამ კონკურსს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ვინაიდან მასწავლებლებს მოგვეცა კონსტიტუციაზე ჩვენი აზრის დაფიქსირების საშუალება.

ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც ვფიქრობთ, ის რომ მოგვეტანა პრეზიდენტამდე. კარგი იქნება, სხვა დროსაც თუ მსგავსი ღონისძიებები ჩატარდება. სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას. აქ ყველა პედაგოგი გამარჯვებულია“, – აღნიშნა ისტორიის პედაგოგმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერით და  საგანმანათლებლო პორტალი – EDU.ARIS.GE-ს ორგანიზებით ესეების კონკურსი „მასწავლებლები კონსტიტუციაზე“  2017 წლის 31 ივლისს დაიწყო და 9 ოქტომბერს დასრულდა. 207 მონაწილეს სპეციალური სერტიფიკატი და პრეზიდენტისგან სიმბოლური საუქრები გადაეცათ. 16–მა გამარჯვებულმა კი ფულადი ჯილდო მიიღო, თითოეულმა 500 ლარის ოდენობით. გამარჯვებულები საკუთარ ესეს მკითხველს პირადად გააცნობენ, შესაბამისი ვიდეორგოლების მომზადება უახლოეს მომავალში დასრულდება და EDU.ARIS.GE-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

კონკურსში გამარჯვებულთა სია

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური