GE

“მასწავლებლები კრიტიკული აზროვნებისთვის“ პროექტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

“მასწავლებლები კრიტიკული აზროვნებისთვის“ პროექტის ფარგლებში, დაბა წაღვერის საჯარო სკოლის ინიციატივით, ბორჯომის N3 საჯარო სკოლაში, მასწავლებლებთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება კოალიციის დირექტორმა, გიორგი ჭანტურიამ გახსნა და დამსწრე საზოგადოებას პროექტით გათვალისწინებული აქტივობები გააცნო. პროექტს განათლების კოალიცია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს, რომლის მიზანია მასწავლებლებში კრიტიკული აზროვნების მნიშვნელობის წარმოჩენა და სწავლა-სწავლების პროცესში მისი გამოყენების წახალისება.

ღონისძიებაზე პრეზენტაციით წარსდგნენ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის კლუბის წევრები, 2018 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული, მანანა კაპეტივაძე და 2019 წლის ფინალისტი, დაჩი ნანობაშვილი. მათ კოლეგებს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება, თუ როგორ უწყობენ ხელს კრიტიკული აზროვნების განვითარებას სწავლა-სწავლების პროცესში და კონკრეტული მაგალითები გააცნეს. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მასწავლებლებმა დასმულ შეკითხვებსაც უპასუხეს.

პროექტი ითვალისწინებს დროის მოკლე მონაკვეთში ინტენსიური კამპანიის წარმოებას მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრების მონაწილეობით. კლუბში გაერთიანებული არიან 2017-2019 წლებში ჯილდოს საუკეთესო ათეულში შემავალი მასწავლებლები. ისინი სხვადასხვა აქტივობებისა და ღონისძიებების ფარგლებში კოლეგებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ. ასევე, მასწავლებლების მონაწილეობით მომზადდა ვიდეო რგოლები, ბროშურები და გზამკვლევი კრიტიკული აზროვნების შესახებ.

***
განათლების კოალიცია 2013 წლის შემოდგომაზე ჩამოყალიბდა. მასში გაწევრიანებულია განათლების სფეროში მოღვაწე 15 სხვადასხვა თემატური პროფილის მქონე ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაცია. კოალიციის მიზანია ხელი შეუწყოს განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და ხარისხიან განათლებაზე თანაბარ წვდომას ჩვენს ქვეყანაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური