GE

„მასწავლებლები მარათონული რბენის რეჟიმში ვართ“ – პედაგოგები გასულ სასწავლო წელს აჯამებენ

სკოლებში 2021-2022 სასწავლო წელი დასრულდა, რომელიც ნაწილობრივ დისტანციური რეჟიმის, რეფორმებისა და პედაგოგებისთვის საგამოცდოდ მზადებისგან გამოწვეული ციებ-ცხელების ფონზე მიმდინარეობდა. ზოგად განათლებაში მრავალწლიანი რეფორმების მცდელობების მიუხედავად, პრობლემებს ბოლო მაინც არ უჩანს და როგორც პედაგოგთა ნაწილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, სახელმწიფო უწყებები ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდნენ, როგორი განათლების სისტემის შექმნა უნდათ.

EDU.ARIS.GE-მ განვლილი სასწავლო წლის შეჯამება სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეებთან მომუშავე ორ პედაგოგს, თბილისის კლასიკური გიმნაზიის გეოგრაფიის მასწავლებელს, ქეთი ჩხიკვაძეს და თბილისის #221 საჯარო „მეგა“ სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგს, ირმა სტეფნიაშვილს სთხოვა. ორივე მასწავლებელს ერთი და იგივე კითხვები დავუსვით. რა თქმა უნდა, სხვადასხვა პასუხები მივიღეთ, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე მეტად, ორივეს მასწავლებელთათვის გაუთავებლად დაგეგმილი გამოცდების საკითხი აწუხებს, რის გამოც ამბობენ, რომ მოსწავლეების საჭიროებებისთვის დრო აღარ რჩებათ.

– გვინდა, გასული სასწავლო წელი თქვენთან, მასწავლებელთან ერთად შევაჯამოთ და პროცესები ამ პრიზმაში დავინახოთ. რას იტყვით, როგორი იყო 2021-2022 სასწავლო წელი – რა გამოწვევები, რა პრობლემები იდგა. რა მიღწევები გქონდათ თქვენ, როგორც ერთ პედაგოგს და ზოგადად სკოლას სწავლა-სწავლებაში?

ქეთი ჩხიკვაძე: სკოლას ვერ შევაფასებ, მაგრამ ჩემთვის ჩვეულებრივი სასწავლო წელი იყო. სულ ერთი იყო, კლასში ვმუშაობდი თუ დისტანციურად. „თიმსი“ მაძლევდა საშუალებას, რომ ელექტრონული რესურსით მომემარაგებინა ბავშვები და გადამეგზავნა დავალებები, პრეზენტაციები, სასწავლო-შემეცნებითი რესურსები და ა. შ. გეოგრაფია არ არის წავიკითხე-მოვყევი საგანი. არ ვარ მომხრე დაზეპირების. იმის მიხედვით მივყვები ამ პროცესს, ბავშვის გონება რასაც მაძლევს.

ირმა სტეფნიაშვილი: პრობლემები და გამოწვევები ჩვეულებრივ სასწავლო წელსაც შეიძლება იყოს, მაგრამ წლევანდელ წელს სირთულე ისევ ონლაინ სწავლებიდან გამომდინარე იყო. სკოლა იმდენად ცოცხალი ორგანიზმია და იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს სასწავლო პროცესზე, თუ როგორი ურთიერთობა აქვთ მოსწავლეებს ერთმანეთთან, მოსწავლეს მასწავლებელთან… ზოგადად, სოციალურ ურთიერთობებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და გავლენა მოსწავლის მოტივაციაზეც, შესაძლებლობაზეც. ერთი წუთის განწყობამ შეიძლება მთელი დღე სასიკეთოდ ან პირიქით, უარესობისკენ შეცვალოს.

სწავლა-სწავლების პროცესს წყლის ნაკადს ვადარებ, რომელიც ახლა ცდილობს, კალაპოტი გაიკვალოს და იმის მიხედვით მიდის, როგორი სირთულეც დახვდება. ჩვენი მოქნილობა და პროფესიონალიზმიც იმაშია, რომ ბავშვებს სწორი გზა გავუკვალოთ და ვცდილობდი, ასეც ყოფილიყო.

-ონლაინ სწავლების გამო შეფერხებებისა და დანაკარგების თქვენეული ჩამონათვალი როგორია და როგორ ფიქრობთ, მიიღეს მოსწავლეებმა ჯეროვანი განათლება?

ქეთი ჩხიკვაძე: სულ ერთი იყო, ონლაინ რეჟიმში ვიმუშავებდი თუ დასწრებულზე, ჩემთვის ორივე კომფორტული გარემო გახლდათ. ხანდახან რამდენიმე ბავშვი არ შემოდიოდა ონლაინ გაკვეთილზე, მაგრამ ვაგებინებდით მშობელს და ვაგვარებდით ამ პრობლემასაც. მეც ჩვეულებრივად ვმუშაობდი. მოსწავლეებმაც მიიღეს ჯეროვანი განათლება. მე ჩემს საგანზე ვარ პასუხისმგებელი. პირიქით, მოსწავლეებს უფრო მოსწონდათ და აღფრთოვანებულებიც იყვნენ ონლაინ რეჟიმით. მე არ მაქვს ონლაინ რეჟიმის გამო დანაკარგები. უამრავი მასალა მაქვს მოსწავლეებისთვის გაზიარებული. ასე რომ, არაფერი დამკლებია არც მე და არც მოსწავლეებს.

ირმა სტეფნიაშვილი: ონლაინ სწავლების დროს, ჩვენმა სკოლამ ყველაფერი გააკეთა, რომ ჩამორჩენა არ გვქონოდა, მაგრამ მაინც იჩინა თავი პრობლემებმა. კი, ესწრებოდნენ ბავშები ონლაინ გაკვეთილებს, სწავლობდნენ, ჩართულობაც იყო, მაგრამ ისეთ შედეგს ვერ დადებ, როგორც სკოლაში, დასწრებული სწავლებისას. დისტანციური სწავლების დროს ბავშვმა მიკროფონი უნდა ჩართოს, გამორთოს, უნდა დაველოდოთ მისი აზრის ჩამოყალიბებას…

თუ მოსწავლეს ჯეროვანი განათლების მიღების სურვილი აქვს, მიიღებს კიდეც, თუ მასწავლებელსაც შესწევს უნარი, გადასცეს მას ცოდნა. არასათანადო განვითარება აუცილებლად ცუდ შედეგს მოგვცემს. ნებისმიერი ხარვეზი თუ პრობლემა კი თავდაუზოგავი შრომის შედეგად შეიძლება გამოსწორდეს. შინაგანი მოტივაცია უნდა ჰქონდეს მოსწავლეს, თორემ მხოლოდ მასწავლებელი და მშობელი უძლური იქნება. პირველი კლასის მოსწავლეებს გაუჭირდათ ყველაზე მეტად ონლაინ სწავლება. მე არ მყოლია პანდემიის დროს პირველი კლასი. ამ სასწავლო წელს მეოთხე კლასს ვასწავლიდი და მათ უკვე ჩამოყალიბებული ჰქონდათ სასწავლო თუ ქცევითი უნარები და დამოუკიდებლადაც ახერხებდნენ საგაკვეთილო პროცესში ჩართვას.

– მშობლების ჩართულობა გაიზარდა, თუ პირიქით, ამ რთული სასწავლო წლის პერიოდში?

ქეთი ჩხიკვაძე: ჩართულები იყვნენ მშობლები ჩვეულებრივად – საჭირო დროს აქტიურობდნენ, საჭირო დროს მიეწოდებოდათ ინფორმაცია… ჩემი საგანი VII კლასიდან იწყება, როცა ჩამოყალიბებულები არიან ბავშვები და მშობელი – შეგუებული სასკოლო სივრცეს. პატარებთან კი იყო ისე, რომ ონლაინ სწავლების დროს იქ ესხდნენ მშობლები, ბებიები, ბაბუები და კარნახობდნენ. მე არ შემიმჩნევია, ჩემს გაკვეთილზე მსგავსი ჩართულობა, თუმცა სულ ერთი იყო, ვინ მომისმენდა.

ირმა სტეფნიაშვილი: ბევრი რამ არის დამოკიდებული ადამიანის შეგნებაზე, დამოკიდებულებებზე, ადამიანის ადამიანობაზე და სურვილზე, იყოს უკეთესი. აქტიური მშობლები ყოველთვის იყვნენ, რომლებიც დაინტერესებულნი არიან თავისი შვილის ცხოვრებით. დისტანციური გაკვეთილისას განცდაც გაქვს მასწავლებელს, რადგან იქ მხოლოდ მოსწავლე კი არ გისმენს, არამედ მისი ოჯახის წევრებიც.

არიან ადამიანები, რომლებსაც კომპლექსი არ აქვთ, მაგრამ მე ძალიან მიჭირდა, როდესაც ვიცოდი, რომ მშობელიც მისმენდა, ბებიაც… მეორე მხრივ, ჩვენ ძალიან კარგი საქმე გაგვიკეთა ონლაინ სწავლებამ, რადგან აბსოლუტურად გამჭვირვალე გახადა ჩვენი მუშაობის პროცესი. ზოგი მოსწავლე რეგიონიდან მერთვებოდა, სადაც ბებიაც მისმენდა და სხვაც. მასწავლებელს, რომელიც მართლა თავდადებით მუშაობდა და საინტერესო გაკვეთილის ჩატარებას ცდილობდა, საბოლოოდ, სახელის მოხვეჭაში უფრო დაეხმარა ეს რეჟიმი.

– მასწავლებლებისთვის როგორი წელი იყო – გაწამაწია, ახალ რეჟიმებთან შეგუება, გამოცდები… ხშირად ჩივიან მასწავლებლები, რომ მათზე ექსპერიმენტებს ატარებენ, მათ უფლებებზე არავინ ზრუნავს და მოსწავლეებისთვის დრო არ რჩებათ…

ქეთი ჩხიკვაძე: გამოცდებმა ტვინი წაიღო, არ შეიძლება ასე! უკვე რამდენი ხანია, საგანი ჩაბარებული მაქვს და რატომ უნდა ვიყო კვლავ გაწამაწიაში? წელს შეგნებულად არ დავრეგისტრირდი გამოცდებზე. რამდენჯერ შეიძლება ერთი და იგივე აბარო და მით უმეტეს მე, რომელიც მაგისტრი ვარ ისედაც ხარისხით და დამთავრებული მაქვს თავის დროზე ხუთწლიანი სასწავლო პროგრამა უნივერსიტეტისა? საგანიც ჩაბარებული მაქვს და უნარებიც. სერტიფიცირებული პედაგოგი ვარ. ვინც სულ სხვა პროფესიიდან არიან გადმომისამართებულები, კი, ბატონო, მათ ჩაუტარე გამოცდა, მაგრამ მათ, ვისაც პედაგოგიკა გვაქვს გავლილი, საგანი ჩაბარებული, არ შეიძლება მათზე ექსპერიმენტების ტარება და ზედმეტად რაღაც-რაღაცებზე მოცდენა, როდესაც ისედაც უამრავი საქმე გვაქვს და მერე ბავშვებს ვაკლებთ ყურადღებას.

ამ გაუთავებელი გამოცდების გამო ძალიან ვაზარალებთ ჩვენს ოჯახებს. მოსწავლეებზე ვართ ორიენტირებულნი, მათ არაფერს ვაკლებთ და ზედმეტ დროსაც ვუთმობ. მე დიდი შვილები მყავს, მაგრამ ვისაც პატარები ჰყავთ და დიდი ოჯახები აქვთ, მათ რა უნდა ქნან? ამდენი გამოცდა, ამდენი ტრენინგი დაუმთავრებლად… ასე არ შეიძლება! მაშინ უნდა იყოს შესაბამისი ანაზღაურებაც. ისე კი არა, საათობრივად, ერთ კვირაში ჩატარებული გაკვეთილების ანაზღაურებას რომ თვეში ერთხელ მიხდიან, მთელ თვეზე უნდა იყოს განაწილებული და 3-4 ათასს რომ გადასცდება ხელფასი, საწუწუნოც აღარ გვექნება. გამოცდას ჩააბარებ და 100 და 200 ლარით გაგეზრდება ხელფასი, მაშინ, როცა პური უკვე 2-3 ლარი ღირს და ვინ იცის, იქნებ 5 ლარიც გახდეს. უნდა შეხედონ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და ისე მოხდეს ანაზღაურებაც.

ირმა სტეფნიაშვილი: არ ვიცი, დღეს რა ხატი იქმნება მასწავლებლისა. ისიც ვერ გავიგე, რა მოეთხოვება მასწავლებელს, რადგან არ შეიძლება მასწავლებელი იყოს ის, ვინც ყველაფერი იცის, ყველაფერს უნდა ასწრებდეს და ახერხებდეს, რადგან მუდმივად და განუწყვეტლივ სულ რაღაც ტრენინგია, სულ გამოცდებია… ახალი სკოლის მოდელში ვიყავით ჩართული, რომელიც ტრენინგების პროცესში მრავალჯერ შეიცვალა. არ ვარ იმის წინააღმდეგი, რაც მე პროფესიაში გამზრდის. პირიქით, კარგია, მაგრამ ჩვენი ტრენინგი თუ მეცადინეობა უნდა მიდიოდეს იქითკენ, რომ ჩემი მოსწავლეებისთვის შევძლო, უკეთესი მასწავლებელი ვიყო და არა რაღაცაზე ვიზრუნო, რომელიც არაფერს აძლევს სასიკეთოს ჩემს მოსწავლეებს.

შინაგანი პროტესტი მაქვს – მასწავლებელიც ხომ ადამიანია, რომელსაც აქვს პირადი ცხოვრება, ჰყავს ოჯახი და უნდა იზრუნოს თუნდაც თავის შვილებზე. თუ ჩართული ხარ სამუშაო პროცესში, წარმოუდგენელია, ამდენი ზღვა მასალისთვის, რომელიც საგამოცდოდ გვაქვს მითითებული, სამეცადინო დრო დაგრჩეს. ამ დროში, რაც სასწავლო წლის დამთავრების შემდეგ დაგვრჩა გამოცდამდე, წარმოუდგენელია, რომ ისწავლო კი არა, თუნდაც გადაიკითხო.

ვინც ახლა გამოცდებს აბარებს, მათთვის ერთადერთი მიზანი ხელფასის მომატებაა, თორემ ჩააბარებ თუ არა ამ გამოცდას, იგივე რესურსები უნდა მოიძიო გაკვეთილისთვის და ა. შ. ჩემთვის, როგორც რიგითი მასწავლებლისთვის, მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფილი ვიყო მატერიალური რესურსებით, რომელსაც გამოვიყენებდი რომელიღაც თემის ახსნისას მათემატიკასა თუ ქართულში. უამრავი დრო და ფინანსური რესურსი მეხარჯება, რომ სრულყოფილი და საინტერესო გავხადო სასწავლო პროცესი. ვთვლი, რომ მასწავლებლობა ბევრად აღმატებულია, ვიდრე ნებისმიერი სხვა პროფესია. რატომ უნდა ვიხარჯებოდე და ვიღლებოდე ისეთი რამისთვის, რაც ჩემს მოსწავლეებს არაფერში წაადგება.

– როგორია თქვენი ელექტრონულ ჟურნალთან მუშაობის გამოცდილება? რა მოგვცა ამ მექანიზმმა და რა დაგვაკარგინა ყოველდღიური სასკოლო ცხოვრების პროცესის გამართული მუშაობისთვის?

ქეთი ჩხიკვაძე: იმდენი ჩივილი იყო სოციალურ ქსელში პედაგოგების მხრიდან, რომ ვერ შედიოდნენ ელექტრონულ ჟურნალში, სოციალურ ქსელშიც დავწერე პოსტი ამის შესახებ. ვიღაც თავს იწონებდა, მე მოვაწესრიგეო… მე 8 ივნისს უკვე ყველაფერი მოწესრიგებული მქონდა და გადაცემულიც ყველგან ყველაფერი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ შენს კოლეგას მხარი არ დაუჭირო. მხოლოდ საკუთარ თავზე არ ვფიქრობ, თორემ მე არ მესწავლება არც ელექტრონული ჟურნალის წარმოება და არც გაკვეთილის ჩატარება.

როგორც ქაღალდის ჟურნალში ვასრულებდი ყველანაირ აქტივობას კლასშივე და არა მერე, ისე ვიყავი ელექტრონულზეც. ვიცოდი, რომ თუ დროულად არ შევიტანდი, მერე გახდებოდა საწვალებელი. თუმცა, ბევრისგან გამიგია, რომ ჩვეულებრივად მუშაობდნენ, მაგრამ ქულები, რომელიც შეჰქონდათ ჟურნალში, ქრებოდა.

სკოლები უნდა იყოს შესაბამისი ბაზებით აღჭურვილი. ყველა კლასში უნდა იყოს კომპიუტერი დამონტაჟებული და მერე იქნებოდა გამართული ეს სისტემა. პედაგოგმა არ უნდა გახსნას თავისი ფინანსური რესურსით ტელეფონი თუ ლეპტოპი და ზედმეტი დანახარჯი გაიღოს იმ მიზერული ხელფასებიდან, რაც გვაქვს. სახელმწიფო დონეზე უნდა იყოს უზრუნველყოფილი ყველა სკოლა. უდროო დროს, პანდემიის დროს ელექტრონული ჟურნალის ერთადერთ რესურსად ჩანაცვლება, ეს იყო აბსოლუტურად მიუღებელი. სპეციალურად უნდა გადამზადებულიყო პედაგოგები. ლოგიკური თუ გონებრივი რესურსი გაძლევს ადამიანს საშუალებას, რომ შენს თავზე იმუშაო, მოიაზრო და გააკეთო, მაგრამ ზოგს მეცადინეობა სჭირდება და ეს მეცადინეობები უნდა ჩაეტარებინათ.

ირმა სტეფნიაშვილი: დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისთვის იმდენად სტრესული და რთული არ იყო ჟურნალთან ურთიერთობა, როგორიც ზედა საფეხურის პედაგოგებისთვის. ხშირად გამიგია მათი გულისტკივილი, რომ ვერ შედიოდნენ ელექტრონულ ჟურნალში და ა. შ. რადგან ახალია და ინერგება, ალბათ აქედან გამომდინარეა ეს შეფერხებები და ალბათ მალე ვიხილავთ სრულყოფილად გამართულს. მეც, როგორც დაწყებითი საფეხურის მასწავლებელს, მიქმნიდა პრობლემას ის რომ შეზღუდული მქონდა დრო ჟურნალთან ურთიერთობის.

– როგორ უყურებთ იმ ცვლილებებს/რეფორმებს, რაც განათლების სფეროში მიმდინარეობს, რა მოგწონთ, რა გაღიზიანებთ?

ქეთი ჩხიკვაძე: მოძველებული სახელმძღვანელოები გამოიცვალა და ეს მომწონს. ბავშვზე და პედაგოგზე მორგებულია და ბევრი კარგი რესურსით არის დატვირთული, რომელიც ბავშვს აინტერესებს.
მაღიზიანებს დაუმთავრებელი გამოცდები, სიახლეები და ზევარსკვლავებთან წვდომა, რამდენჯერ შეიძლება ადმიანმა ერთი და იგივე გამოცდა ჩააბაროს?

ირმა სტეფნიაშვილი: მაღიზიანებს ის, რომ მუდმივად რეფორმების ქვეშ, განუწყვეტელი ცვლილებების რეჟიმში ვართ, რომელსაც დევიზად უდევს ის, რომ დაგვეხმარება უკეთესი მომავლის შექმნაში. წარმოუდგენელია, ევროპის თუ აზიის ქვეყნებში მიმდინარე რეფორმა პირდაპირ გადმოიტანო და დანერგო. ვინც ეს რეფორმა რეალურად უნდა განვახორციელოთ, არავინ გვეკითხება, რამდენად შესაძლებელია და რამდენად მოგვცემს შედეგს. ერთია თეორიული ცოდნა, გარეგანი შეხედვა მოვლენისა და მეორე – როდესაც შიგნიდან იცი, რა ხდება და როგორ იმუშავებს. როდესაც რაღაც რეფორმა იგეგმება, იმისი შედეგის დასანახად გარკვეული დროა საჭირო. ჩვენ არც ველოდებით, რომ დრო მოვიდეს და დავინახოთ მისი შედეგი – ერთი რეფორმიდან მეორეზე გადავდივართ, მერე – მესამეზე. მარათონული რბენის რეჟიმში ვართ, რომელსაც მოაქვს ის შედეგი, რა მდგომარეობაშიც ახლა ვართ.

– რას ისურვებდით, როგორ სკოლას და განათლების სისტემას?

ქეთი ჩხიკვაძე: ფინეთის მოდელს. პირველ რიგში, მასწავლებელმა ფანქრით უნდა იმუშაოს, რომ ბავშვს არ ეშინოდეს და კომპლექსები არ უჩნდებოდეს. კი, ქულა განმსაზღვრელი უნდა იყოს, მაგრამ ჯობია მეტი განმავითარებელი და ნაკლები განმსაზღვრელი გვქონდეს. ასევე, განათლების სისტემისთვის პრიორიტეტი ჯერ მასწავლებელი უნდა იყოს და შემდეგ სხვა დანარჩენი. მასწავლებელმა ძალიან კარგად იცის ბავშვის უფლებაც და მოვალეობაც. ყველამ რომ თავისი მოვალეობა კარგად შეისწავლოს, კარგი იქნებოდა.

ირმა სტეფნიაშვილი: ბევრჯერ მიფიქრია, როგორ სკოლას და სისტემაში მუშაობას ვისურვებდი. პირველ რიგში, ვისურვებდი იმას, რომ საკლასო ოთახში, სადაც შევდივარ და ვატარებ გაკვეთილს, იყოს მაქსიმუმ 15-16 მოსწავლე. სხვა შემთხვევაში, წარმოუდგენელია, შენმა მოსწავლეებმა იგრძნონ ის, რომ შენ საკუთრივ მისი მასწავლებელი ხარ. შენც გინდა დარწმუნდე, რამდენად ნაყოფიერია შენი დღევანდელი მუშაობა, დაღლა, წინა დღის მომზადება და ფიზიკურად დრო არ გრჩება ამისთვის. ნახევარ კლასსაც კი ვერ გამოკითხავ, რომ გაიგო, რა ასწავლე. ასევე, მინდა, სკოლაში მქონდეს მზა მატერიალური რესურსი, სადაც ყველა მოსწავლეს ექნება საშუალება, სრულფასოვან მონაწილედ იგრძნოს თავი სასწავლო პროცესში.

ასევე იხილეთ:

სიმონ ჯანაშია: ამ სქემით შესრულდა მიზანი, რომ მასწავლებლის დაბალი ხელფასი „მისი ბრალია“ და არა სახელმწიფოსი

მშობლები სასწავლო წელს აჯამებენ – იჭყლიტებიან მასწავლებლები და დაზარალდებიან ჩვენი შვილები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური