GE

მასწავლებლები, რომლებმაც ისტორია შეცვალეს

რას გასწავლიდათ თქვენი საყვარელი მასწავლებელი?

ყველას გვყავს ერთი მასწავლებელი მაინც, რომელიც ჩვენს მეხსიერებასა თუ მოსწავლეობის ხანას სასიამოვნოდ გასდევს. მაგრამ არსებობენ ყველა დროის მასწავლებლები, ისინი, ვინც თავიანთი მოღვაწეობით ისტორია შეცვალეს.

მსოფლიოს არაერთი ასეთი მასწავლებელი ახსოვს. მათ კაცობრიობის ისტორიაში გამორჩეული კვალი დატოვეს. EDU.ARIS.GE, ამ სტატიაში, მკითხველს ზოგიერთ მათგანს გააცნობს. წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი პედაგოგიური მოღვაწეობით თავი გამორჩეულად დაგვამახსოვრეს.

მათზე საუბრისას, პირველ რიგში, ის მასწავლებლები უნდა გავიხსენოთ, რომლებიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე ცხოვრობდნენ. ადამიანების გონებრივ განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი სწორედ მათ შეიტანეს.

მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი პირველი და გამორჩეული მასწავლებელი ჩინელი ფილოსოფოსი კონფუცი (ძვ. წ. 551 – 479) იყო. მან უდიდესი გავლენა მოახდინა არამარტო ჩინურ, არამედ მსოფლიო განათლებასა და ფილოსოფიაზე.

არისტოკრატების ოჯახში დაბადებული კონფუცი, უკვე 20 წლის ასაკში ცნობილი მასწავლებელი იყო. აღსანიშნავია, რომ იმ დროისთვის განათლება მხოლოდ დიდგვაროვნებისთვის და სამეფო ოჯახის წევრებისთვის იყო ხელმისაწვდომი. ჩინელი მოაზროვნე პირველი მასწავლებელი გახდა, რომელიც ყველა მსურველს ასწავლიდა, განურჩევლად მათი ფენისა და წარმომავლობისა.

სიცოცხლის განმავლობაში, მას ათასამდე მოსწავლე ჰყავდა. უდიდეს ყურადღებას უთმობდა ე.წ. “ექვს ხელოვნებას”, რაც მუსიკას, მათემატიკას, რიტუალებს, მშვილდოსნობას, ცხენოსნობას და კალიგრაფიას მოიცავდა. ვინც ექვსივე ხელოვნებას წარმატებით შეისწავლიდა, მას საზოგადოების სრულყოფილ წევრად თვლიდნენ.

მისი სწავლება და ფილოსოფია კონფუციანელობის სახელით არის ცნობილი. ეს იდეოლოგია ჩინურ განათლებაში, მმართველობასა და კულტურაში საუკუნეების განმავლობაში ბატონობდა.

აღსანიშნავია, რომ ჩინელები კონფუცის დაბადების დღეს “მასწავლებლის დღედ” აღნიშნავენ.

საგანმანათლებლო საქმიანობაში არანაკლებ მნიშვნელოვანი წვლილი სოკრატეს (ძვ. წ. 469- 399) მიუძღვის. ის დასავლური ცივილიზაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გამორჩეული მასწავლებელი იყო. ბერძენი ფილოსოფოსი ათენის მაცხოვრებლებთან საინტერესო დისკუსიებს მართავდა, სადაც რთულ და ღრმა შეკითხვებს სვამდა. სოკრატემ სწავლებაში თანხის აღებაზე უარი განაცხადა, რამაც მისი მოსწავლეთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაზარდა და მათში მეტი ნდობა გამოიწვია. მისი ერთ-ერთი მოსწავლე პლატონი გახლდათ, რომელიც ასევე დასავლური ფილოსოფიის გამორჩეულ ფიგურად იქცა.

სოკრატეს მისთვის დამახასიათებელი სწავლების მეთოდი ჰქონდა, რთული შეკითხვების დასმით აზროვნების სტიმულირებას ახდენდა. ამ მეთოდს თანამედროვე მასწავლებლები დღემდე აქტიურად იყენებენ: ის სოკრატესეული მეთოდის სახელით არის ცნობილი.

ძველი საბერძნეთის მოსახლეობა ფილოსოფოსებით და მასწავლებლებით განებივრებული იყო. ერთ-ერთი გამორჩეული ფილოსოფოსი და მეცნიერი არისტოტელეც (ძვ.წ 384 -322) ძველ საბერძნეთში ცხოვრობდა. ის პლატონის მოსწავლე იყო, შემდგომში კი არაერთი გამოჩენილი ადამიანის მასწავლებელი გახდა, მათ შორის, ალექსანდრე მაკედონელის.

ისტორიული წყაროების მიხედვით, 13 წლის ალექსანდრე ბერძენ ფილოსოფოსს აღსაზრდელად მიაბარეს. მომავალმა მაკედონიის მეფემ სწორედ არისტოტელესგან შეისწავლა მედიცინა, ფილოსოფია, რელიგია, ხელოვნება. აღსანიშნავია, რომ მაკედონელის პოლიტიკურ შეხედულებებზე უდიდესი გავლენა მოახდინა მასწავლებელმა.

არისტოტელემ ათენში საკუთარი სკოლა დააარსა, სადაც ცხოვრების უმეტესი ნაწილი სწავლებასა და წერაში გაატარა. მას უდიდესი წვლილი მიუძღვის მათემატიკის, ფიზიკის, ბიოლოგიის, პოლიტიკისა და ბევრი სხვა სფეროს განვითარებაში. ბერძენი მეცნიერი, ასევე ცნობილია, როგორც ზოოლოგიის მამა: მან ცოცხალი ორგანიზმების კლასიფიცირება შეძლო. სამწუხაროდ, მისი ნაშრომების მხოლოდ 20-მა პროცენტმა მოაღწია ჩვენამდე.

არისტოტელე დამსახურებულად ითვლება ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოაზროვნედ და მასწავლებლად.

ძველი წელთაღრიცხვიდან დღემდე, მსოფლიოს არაერთი გამორჩეული მასწავლებელი ახსოვს. მათმა თავდაუზოგავმა შრომამ ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა. უახლეს ისტორიას თუ გადავხედავთ, ბევრ მნიშვნელოვან ფიგურას აღმოვაჩენთ. შეიძლება მათ პედაგოგიურ ღვაწლს საზოგადოება ნაკლებად იცნობს, თუმცა მათი ფასდაუდებელი შრომა ისტორიამ შემოგვინახა.

ბუკერ ტალიაფერო ვაშინგტონი (1856-1915) ბევრისთვის უცნობი მასწავლებელია. აფრო-ამერიკელი პედაგოგი, მწერალი და ორატორი ვირჯინიაში, მონობაში დაიბადა. მისი უდიდესი ძალისხმევის შედეგად, დისკრიმინაციულ გარემოში მყოფ შავკანიანთა ცხოვრება შესამჩნევად გაუმჯობესდა.

ვაშინგტონს ოჯახის დასახმარებლად მძიმე სამუშაოს შესრულება პატარა ასაკიდან უწევდა. მხოლოდ 16 წლისამ შეძლო სკოლაში სიარული. მას სწამდა, რომ განათლება შავკანიანებს თანასწორუფლებიანობის მოპოვებაში დაეხმარებოდა. თავდაპირველად, მშობლიურ ქალაქში დაიწყო მასწავლებლად მუშაობა. დადებითი რეპუტაცია მალევე მოიპოვა. ვაშინგტონს ასობით სტუდენტი ჰყავდა, ის ბავშვებსა და მოზარდებს ასწავლიდა.

კარგი ორატორი სიტყვით ხშირად გამოდიოდა. ამით კი, სხვების ყურადღება მიიქცია. ყოფილი მონა შემდგომში მონებისა და მათი შთამომავლების მთავარი დამცველი გახდა. მან შეძლო საზოგადოებაში გამორჩეული ლიდერი გამხდარიყო. საკუთარი შრომითა და განათლებით აღიარება მოიპოვა.

ბუკერ ვაშინგტონი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების მრჩეველიც კი გახდა. მისი მხარდაჭერითა და დაფინანსებით, შავკანიანი ბავშვებისთვის ხუთი ათასამდე სკოლა აშენდა. ვაშინგტონის მთავარი მიზანი აფრო-ამერიკელების უფლებების დარღვევის საბოლოოდ დასრულება იყო.

ენ სალივანზე (1866-1936) გსმენიათ რამე? ამერიკელმა მასწავლებელმა მსოფლიოს თავი განსაკუთრებულად დაამახსოვრა. მან სმენისა და მხედველობის არმქონე ბავშვების სწავლებისთვის მთელი მეთოდოლოგია შექმნა.

საინტერესოა, რომ ენ სალივანი თავადაც მხედველობა დაქვეითებული იყო. ის მხოლოდ 20 წლის იყო, როდესაც სმენა დაკარგულ და უსინათლო ბავშვს, ჰელენ კელერს მასწავლებლად მიუვლინეს. აღსაზრდელს გარემომცველ სამყაროსთან კომუნიკაცია სწორედ მან ასწავლა. ენი სხვადასხვა მიდგომებსა და სტრატეგიებს იყენებდა. მან ჰელენისთვის სრულყოფილი განათლების მიცემა შეძლო. მისი დამსახურებით, ჰელენ კელერი სკოლაში ჩაირიცხა, სადაც გოგონამ საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინა. სასწავლებელში მას განსაკუთრებული პროგრესი ჰქონდა.

მზრუნველი მასწავლებლის უდიდესი შრომის შედეგად, ჰელენ კელერმა სამეცნიერო ხარისხი მიიღო. ის მწერალი, ლექტორი და აქტივისტი გახდა. ბეჯითი მოსწავლე პირველი უსინათლო და სმენის არმქონე ქალი გახდა, რომელსაც სრულყოფილი განათლება ჰქონდა მიღებული. ჰელენ კელერმა ენ სალივანის დამსახურებით წარმატებული ცხოვრებით იცხოვრა.

დაახლოებით ამავე პერიოდში მოღვაწეობდა იტალიელი პედაგოგი მარია მონტესორი (1870-1952). კიდევ ერთი ქალი განმანათლებელი, რომელმაც ბავშვების ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა. ის არა მარტო მასწავლებელი, არამედ მეცნიერი, ფილოსოფოსი, ფემინისტი და ექიმი იყო: მონტესორი პირველი ქალი გახდა, რომელმაც ექიმის დიპლომი და დოქტორის ხარისხი მიიღო.

მარია ღარიბ და აღზრდა-განათლება მოკლებულ ბავშვებს ასწავლიდა. ასევე, გონებრივად შეზღუდულ ბავშვებთანაც მუშაობდა. მან პედაგოგიური სისტემა შეიმუშავა, ყურადღებას უთმობდა მოტორიკის სავარჯიშოებს, რაშიც ხელის მამოძრავებელი აქტივობები იგულისხმება: ქსოვა, ძერწვა. დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა სენსორულ არხების სტიმულირებას: ყნოსვის, გემოს, მხედველობის, სმენისა და შეხების ვარჯიშებს. ის თავად ამზადებდა სხვადასხვა სათამაშოებს, რომლებსაც სწავლის პროცესში იყენებდა. მისი მეთოდოლოგია ბავშვის შესაძლებლობებისა და ინტერესების მაქსიმალურ გამოვლენას ისახავდა მიზნად.

აღსანიშნავია, რომ 1988 წელს იუნესკომ მეოცე საუკუნის 4 გამორჩეული პედაგოგი დაასახელა, მათ შორის ერთ-ერთი კი მარია მონტესორია. მისი სწავლების მეთოდი დღემდე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გამოიყენება.

გასული საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა ალბერტ აინშტაინი (1879-1955), საზოგადოებამ როგორც დიადი გენიოსი, ისე გაიცნო. საყოველთაოდ აღიარებულ მეცნიერს ყველა იცნობს, თუმცა ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ ის მასწავლებელიც იყო.

აინშტაინი თავდაპირველად საშუალო სკოლის პედაგოგად მუშაობდა. შემდგომ სხვადასხვა ინსტიტუტში მოღვაწეობდა. საბოლოოდ, პრინსტონის ფუნდამენტურ გამოკვლევათა ინსტიტუტში პროფესორად მოეწყო, სადაც 22 წელი იმუშავა.

შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მის ლექციებს სულაც არ ესწრებოდა ბევრი სტუდენტი: მათ უმეტესობას გენიოსის სწავლების გაგება უჭირდათ. თუმცა მას შემდეგ, რაც მისი თეორიები ცნობილი და პოპულარული გახდა მისი აუდიტორია სტუდენტებით გაივსო.

ალბერტ აინშტაინმა მსოფლიოს ისტორიაში განსაკუთრებული კვალი დატოვა. მან ფარდობითობის თეორია წამოაყენა, რომელსაც ბევრი მნიშვნელოვანი ასტროფიზიკური შედეგი აქვს. ყველა დროის გამორჩეული მეცნიერი ნობელის პრემიის მფლობელიც გახდა.

აღნიშვნის ღირსია, წმინდანად შერაცხული დედა ტერეზა (1910-1997), რომელიც სხვადასხვა ჰუმანიტარულ და საქველმოქმედო საქმიანობასთან ერთად პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდა. ინდოეთში მონაზვნად მსახურობის დროს, ალბანელი კათოლიკე მონაზონი კალკუტაში, წმინდა მარიამის გოგონათა სკოლაში ასწავლიდა. მან მასწავლებლად 17 წელი იმუშავა. დედა ტერეზა მალევე გახდა ცნობილი, როგორც ღარიბთა და ავადმყოფთა შემწე.

მონაზონი ჰუმანიტარული საქმიანობისთვის ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. სულ რამდენიმე წლის წინ კი, 2016 წელს პაპმა ფრანცისკემ ის წმინდანად შერაცხა.

1965 წელს დაბადებული ინგლისელი მწერალი ჯოან როულინგი საზოგადოებამ „ჰარი პოტერის“ გამოქვეყნების შემდეგ გაიცნო. მეოცე საუკუნის ბოლოს დაწერილმა ახალგაზრდა ჯადოქრის თავგადასავალმა მას საქვეყნო აღიარება მოუტანა. ავტორმა ჰარი პოტერზე 7 ნაწილიანი ფენტეზის ჟანრის წიგნების სერია გამოუშვა. საინტერესოა, რომ სანამ პოპულარული წიგნის ავტორი გახდებოდა, როულინგი პორტუგალიაში ინგლისურ ენას ასწავლიდა.

მასწავლებლად რამდენიმე წელი იმუშავა. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო მან დიადი ნაწარმოების წერა, რომელმაც აღიარება და სიმდიდრე მოუტანა.

პალესტინელი მასწავლებლის ჰანან ალ-ჰრუბის შესახებ ბევრს ალბათ არ სმენია. ის ძალადობის შედეგად დაზარალებულ ბავშვთა მხარდასაჭერად დღემდე მუშაობს.

პალესტინის ლტოლვილთა ბანაკში გაზრდილი გოგონა, თავადაც არაერთხელ გამხდარა ძალადობის მსხვერპლი. მან შეძლო და მოსწავლეებს უსაფრთხო გარემო შეუქმნა. ალ-ჰრუბი საკუთარი შემუშავებული მეთოდებითა და თამაშებით ბავშვებს ზედმეტი დაძაბულობისა და ძალადობრივი გარემოსგან იცავს. მისი მთავარი მესიჯები ანტიძალადობრივია, მისი თქმით, „ბავშვებს უნდა ვასწავლოთ, რომ ჩვენი ერთადერთი იარაღი ცოდნა და განათლებაა“.

აღსანიშნავია, რომ მისი მეთოდები საკმაოდ წარმატებულია და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიც იყენებენ. ჰანან ალ ჰრუბი 2016 წელს მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მფლობელი გახდა.

ჩამოთვლილი მასწავლებლებიდან ზოგიერთს საზოგადოება კარგად იცნობს, მათი ნაწილი კი ნაკლებად ცნობილია. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ადამიანებმა მსოფლიოს უკეთეს ადგილად ჩამოყალიბებაში საკუთარი წვლილი შეიტანეს. მათი რიცხვი ბევრად მეტია. თავიანთი მოღვაწეობით დადებითი ცვლილებები გამოიწვიეს და უამრავი ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალეს. ისინი კვლავ აგრძელებენ თაობათა აღზრდას.

გამორჩეულ მასწავლებელთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. გლობალური მასწავლებლის ჯილდოს მფლობელიც სულ უფრო მეტი პედაგოგი ხდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ჯილდოსთან ერთად ისინი საყოველთაო აღიარებას იღებენ, რაც მათი შრომის დაფასებაა.

მოამზადა სალომე გაზდელიანმა

ასევე იხილეთ:

„გაკვეთილზე რამდენჯერმე დედა დავუძახე და ამან სიცილი გამოიწვია“ – რა დისკომფორტთან არის დაკავშირებული იყო შვილის მასწავლებელი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური