GE

„მასწავლებლების მოთმინებასაც აქვს საზღვარი! ჩვენც ხომ გვინდა დაპირებების შესრულება? მასწავლებლების აბობოქრება გინდათ?“

როგორც ცნობილია, განათლების რეფორმის ფარგლებში, საქართველოს მთავრობა მასწავლებელთა ხელფასების მატებას აანონსებს. განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი პარლამენტში გამოსვლისას ამბობდა:

მინისტრი: მასწავლებელთა ხელფასების ზრდა 2019 წლის სექტემბრიდან მოხდება, მაისში წარმოვადგენთ გეგმას

მინისტრი: მასწავლებელთა ახალი სახელფასო პოლიტიკის განხორციელება 2019 წლის შემოდგომიდან დაიწყება

თუმცა როგორც რამდენიმე დღის წინ ფინანსთა მინისტრისგან გაირკვა,

2019 წლის ბიუჯეტში მასწავლებელთა ხელფასების ზრდა გათვალისწინებული არ არის – „ვმუშაობთ ცვლილებაზე“

სწორედ ამ ფაქტს ეხმიანება ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლის პედაგოგი.

„უამრავმა კითხვამ იჩინა თავი ხელფასების მატებასთან დაკავშირებით: ჯერ მასწავლებლების ხელფასების მატება დაანონსდა, მერე ადმინისტრაციის, მერე უფროსი მასწავლებლის სტატუსის დანამატს 150 ლარი ემატებაო, მერე საბაზო იზრდება და 1500 ლარი უნდა გახდესო. ახლა კიდე არაფერი მატება არ იგეგმებაო. რას გავს ეს? ჩვენ ბავშვებს სიმართლის თქმას ვასწავლით, პირობის შესრულების მნიშვნელობას ვასწავლით.

მაგრამ ჩვენ? ჩვენც ხომ გვინდა დაპირებების შესრულება? ამდენი დაპირების მერე პირობის არ შესრულება იქნება? ვინ გრჯიდათ მერე რომ გვპირდებოდით? ვიყავით ჩვენთვის არაფრის მოლოდინში. ახლა მოლოდინის რეჟიმში ვართ და პირში ჩალის გამოვლება შეიძლება? არ შეიძლება არაფრით.

პედაგოგის პროფესიას პატივი ეცით, თუ შეიძლება. დაფასებული უნდა იყოსო, ესაა დაფასება? როგორ ვურჩიოთ ჩვენს მოსწავლეებს ამ პროფესიის არჩევა, როცა ანაზღაურება არ არის მუშაობის ადექვატური? როცა ხელფასები აღებამდე გახარჯულია და მომავალ ხელფასემდე ხელგაშვერილი ვართ, იქნებ სადმე დავისესხოთო? მასწავლებლობას ისურვებს აწი ვინმე? რამდენია პროცენტულად პედაგოგიურზე განცხადებების რაოდენობა სხვა სპეციალობებთან შედარებით? ალბათ ძალიან დაბალი.

იცით? მასწავლებლების მოთმინებასაც აქვს საზღვარი. როცა მდინარე კალაპოტში არის მოქცეული, კი მიედინება ლამაზად, ხოლო როცა კალაპოტიდან გადმოდის, წალეკავს ყველაფერს. რა? მასწავლებლების აბობოქრება გინდათ? ჯერ მოვიცდით ისევ, მაისი არაა დამთავრებული და ველოდებით თქვენგან დაანონსებულ სიახლეებს. მერე კი ჩვენც ხომ გვაქვს პროტესტის გამოხატვის უფლება კანონის ფარგლებში?”, – წერს პედაგოგი.

ამავე თემაზე:

მწვავე დიალოგი კომიტეტზე – იზრდება თუ არა სექტემბერში მასწავლებელთა ხელფასები, მინისტრის მოადგილემ არ იცის

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური