GE

„მასწავლებლებმა მინდა იცოდნენ, რომ მათ მიერ მიღწეული არც ერთი წარმატება არ დარჩება წახალისების გარეშე“ – ბერიკა შუკაკიძე

მეტი ნდობა და დახმარება სკოლებსა და მასწავლებლებს, მეტი წახალისება განათლების სფეროში მომუშავე წარმატებულ ადამიანებს, ნაკლები „საბუთომანია“ და მეტი ყურადღება ბავშვებს – ესაა გზავნილი მასწავლებლებისადმი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ახალი ხელმძღვანელისგან. განათლების დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ბერიკა შუკაკიძე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დაანონსებული განათლების რეფორმის ჯგუფის წევრიცაა და თვლის, რომ ნებისმიერი ცვლილება არსებული რეალობიდან უნდა გამოდიოდეს, მასწავლებლის, მოსწავლის და სკოლის დირექტორის რეკომენდაციების გათვალისწინებით. ეიმედება დირექტორები, რომლებსაც „ცარცის გემო აქვთ გასინჯული“ და ფიქრობს, რომ საგნის შესაყვარებლად, მოსწავლეს ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება უნდა ასწავლო. აღნიშნულ და სხვა საკითხებზე ბერიკა შუკაკიძე  EDU.ARIS.GE-სთან საუბრობს:

–ბატონო ბერიკა, იმ მცირე დროის განმავლობაში, რაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ხართ, თქვენი ინტერვიუ არავის უნახავს. საინტერესოა თქვენი ხედვა, ზოგადად, უწყებასთან დაკავშირებით. რას ელოდით და რა დაგხვდათ მასწავლებლის სახლში?

–დამხვდა ძალიან ძლიერი გუნდი, რაზეც ვერ ვიტყვი, რომ არ ველოდი. კარგა ხანია, სისტემაში ვმუშაობ და მეტ-ნაკლებად ვიცნობდი ამ ადამიანებს, თუმცა სასიამოვნოდ გამაოცა იმ ფაქტმა, რომ ძალიან მალე ამყვნენ მუშაობის ტემპში. ამჯერად, ვმუშაობთ კონცეფციაზე, რომელიც ჯერ არ ვიცით, როგორ განვითარდება. თუმცა დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ სამომავლოდ თუ რამეს გავაკეთებთ, გავაკეთებთ ქართული რეალობიდან გამომდინარე – ვკითხავთ მასწავლებელს, ვკითხავთ მოსწავლეს, ვკითხავთ სკოლის დირექტორს და ამის შემდეგ ვიმუშავებთ განათლების პოლიტიკაზე.

გვინდა, მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის სტანდარტი იყოს ისეთი ეფექტური, რომ ხელი შეუწყოს მოსწავლის პიროვნულ ზრდას და აკადემიურ წარმატებას. გვინდა, რომ მასწავლებელი ასრულებდეს ისეთ სამუშაოს, რომელიც წარმატებით აისახება საკლასო ოთახში. ვცდილობთ, მეტი ისეთი აქტივობა და რეგულაცია შემოვიღოთ, რომელიც დაეხმარება მასწავლებელს, უფრო ეფექტური გახდეს საკლასო ოთახში, ესაა ჩვენი ამოცანა.

უკვე ჩავატარეთ 14-მდე ფოკუს-ჯგუფში კვლევა, სადაც რამდენიმე სკოლის დირექტორი და მასწავლებელი იყო ჩართული როგორც თბილისიდან, ასევე, რეგიონებიდან. ძირითადად, ჩვენი მასპინძლები იყვნენ ადგილობრივი უნივერსიტეტები და რესურსცენტრები.

არ ვაპირებთ, დავსხდეთ, ლამაზ-ლამაზი სიტყვებით, საერთაშორისო გამოცდილებით ვილაპარაკოთ და ყველაფერი ორ დღეში შევცვალოთ, რადგან ფინეთში ასეა და სინგაპურში – ისე… ფინეთში ის კონკრეტული რეფორმა წარმატებული იმიტომ არის,  რომ მათ ჰყავთ ფინელი მოსწავლეები და ფინელი მასწავლებლები. იგივე განათლების რეფორმა საქართველოში ვერ იქნება წარმატებული, რადგან ჩვენ არ გვყავს არც ფინელი მოსწავლეები და არც მასწავლებლები. ამიტომ, ჩვენ გვინდა ისეთი რეფორმა, რომელიც ქართველ ბავშვზე და ქართულ მენტალიტეტზე იქნება მორგებული. თუ იმ კულტურულ ნარატივს არ გავითვალისწინებთ, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, შეუძლებელია რამე გამოვიდეს. კორეელი ბავშვი სწავლობს საღამოს 8 საათამდე და არის ძალიან წარმატებული, ფინელ ბავშვს სახლში თითქმის არა აქვს საშინაო დავალება და მაინც არის ძალიან წარმატებული, ქართველები კი სოციალურად აქტიური ხალხი ვართ, ქართველი ბავშვი რომ 8 საათამდე წიგნს მიაჯაჭვო, ყველაფერი შეუზღუდო და ყველაფერს მოსწყვიტო, არ შეიძლება. მიდგომა – რაც შეიძლება მეტი დავალება მიეცი და წარმატებული იქნება, არ არის სწორი.

-ანუ, სწავლების მეთოდების გამარტივებას გულისხმობთ?

-ეროვნულ სასწავლო გეგმაზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ეს არ არის ჩემი სფერო, თუმცა განათლების რეფორმის ჯგუფში ვარ და ვიცავ პოზიციას, მოვძებნოთ ოქროს შუალედი. აქ გამარტივება-გართულებაზე არ არის საუბარი, საუბარია იმაზე, ჩვენ რა სიმძიმეს ავწევთ, რამდენის „აწევა“ შეუძლია ჩვენ ბავშვს, ეს უნდა გამოვთვალოთ. იგივეა მასწავლებლის შემთხვევაშიც.

თანამედროვე ბავშვს უნდა თანამედროვე მიდგომა და რადგან მთელი ჩვენი ცხოვრება არის ძიება, ვყიდულობთ თუ ვყიდით, სამსახურში ვართ თუ სხვაგან, მუდმივად რაღაცას ვეძებთ. ამიტომ, აღმოჩენითი, კვლევითი სწავლება, ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება უნდა ვასწავლოთ ჩვენს ახალგაზრდებს, რასაც ეს თაობა მოითხოვს… ჩვენი თაობა რატომ იყო უმოქმედო? – არც კვლევითი სწავლების მეთოდები გვასწავლეს, არც ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. ისწავლე ნიუტონის კანონი, მოყევი, წადი სახლში -ამ მიდგომით საგანს როგორ შეიყვარებ და გაიაზრებ?

ცოტა ხნის წინ ბიომექანიკის ლაბორატორიის გახსნაზე მიმიწვია ჩემმა უნივერსიტეტმა ამერიკაში, საოცრებებს აკეთებენ… შეიძლება, მსგავსი მასშტაბების ლაბორატორიები ჩვენ ვერ გავაკეთოთ და ვერც საერთაშორისო დონეზე გამოვიდეთ ამით, მაგრამ ადგილობრივ მოთხოვნებს რომ დააკმაყოფილებს, ისეთი ლაბორატორიები ხომ მაინც უნდა გვქონდეს, სადაც შემდგომ ეს ბავშვები თავიანთი სპეციალობით დასაქმდებიან?

–ბატონო ბერიკა, მრავალი წელია, მასწავლებლები გამუდმებული გამოცდებისა და ცვლილებების რეჟიმში ცხოვრობენ და გამოთქვამენ უკმაყოფილებას, რომ დრო, რასაც ამ მიმართულებით ხარჯავენ, უმჯობესია მოსწავლეზე ზრუნვისა და განვითარებისთვის გამოიყენონ. ამჯერად რა ცვლილებები შევა მასწავლებლის სქემაში, და როგორ უნდა შეინარჩუნონ მათ არსებული სტატუსი? 

–გარკვეულწილად, ვეთანხმები მასწავლებლებს. ისე არ უნდა გავაკეთოთ, რომ მასწავლებელი გახდეს სრულად ორიენტირებული „საბუთომანიაზე“ და ბავშვებს ვეღარ მიაქციოს ყურადღება. თუმცა, პროფესიული განვითარება განათლებაში მუდმივად საჭიროა. წარმატებული მასწავლებლის სახელი პითაგორას თეორემა არ არის, რომელსაც ერთხელ აღმოაჩენ და განვითარება აღარ სჭირდება. გვინდა, ეს ადამიანები განვითარდნენ და ჩემი სურვილია, რომ უფრო მეტად მოვახდინოთ დეცენტრალიზაცია. პირველი ჩვენი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი იქნება, რომელიც მიიღებს ამაში მონაწილეობას. სკოლებს და მასწავლებლებს მეტი ნდობა უნდა გამოვუცხადოთ და მეთოდოლოგიურად დავეხმაროთ.

–შეგიძლიათ გვითხრათ, რა კონკრეტული მეთოდით შეძლებს მასწავლებელი სტატუსის შენარჩუნებას?

–ამ წუთში, პასუხს ვერ გაგცემთ, რადგან ვმუშაობთ სწორედ ამ საკითხზე, თუ როგორ უნდა შეინარჩუნოს სტატუსი მასწავლებელმა, რაზეც მისი ხელფასია მიბმული. ეს საკითხი მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტი არ არის, ფინანსთა სამინისტროსაც ხომ უნდა შეეძლოს ჩვენი მოთხოვნის დაკმაყოფილება? სადღაც, ალბათ, იანვრის პირველი რიცხვებისთვის, ან დეკემბრის ბოლოს, განათლების სამინისტრო განაცხადებს, რა ხედვა გვექნება, მასწავლებლის სტატუსებთან მიმართებაში.

–ერთხანს, მასწავლებლები იმასაც კი ელოდნენ, რომ მათი სტატუსი უვადო იქნებოდა…

–სხვადასხვა მინისტრის დროს სხვადასხვა დაპირება იყო, ისე არის ახლა ეს ერთმანეთში არეული, ვეღარ გაიგებ, რომელი მინისტრი ვის, რას დაპირდა. მოკლედ, დეკემბერში გამოვაცხადებთ, როგორი ტიპის იქნება მასწავლებლის გეგმა, ვმუშაობთ ამ პოლიტიკაზე, ფაქტია, რომ საქმე გამარტივებისკენ წავა. თუმცა, ერთადერთი, რაც აქედანვე შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ მასწავლებლის თვითშეფასების კრიტერიუმები, სრულიად უშედეგო გამოდგა და ეს თვითშეფასება ცალსახად გაუქმდება.

მეორე სიახლე კი ისაა, რომ სტუდენტებს, რომლებიც განათლების ფაკულტეტზე სწავლობდნენ და ვიდრე დიპლომს ვერ აიღებდნენ, სასერტიფიკატო გამოცდაზე ვერ გადიოდნენ, ასე აღარ იქნება. მათ ექნებათ შესაძლებლობა, დიპლომის აღებამდე, იმავე წელს, როგორც კი დაამთავრებენ უმაღლეს სასწავლებელს, გავიდნენ სასერტიფიკატო გამოცდაზე, დიპლომი კი სექტემბერში, სწავლის დაწყებამდე წარმოიდგინონ. რატომ დავაკარგინოთ ამ ახალგაზრდებს ერთი წელი? დამთავრებული აქვს და უნდა იმუშაოს. გვინდა, ჩვენ პროფესიაში რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა და მეტი მამაკაცი მოვიდეს, რომ ასაკისა და სქესის ბალანსიც დაცული იყოს. სამწუხაროდ, ახალგაზრდა კადრების სიმცირეს განვიცდით, რადგან მასწავლებელთა საშუალო ასაკი 52 წელია.

როგორც განათლების მინისტრმა განაცხადა, 2021 წლამდე მასწავლებლის ხელფასი მნიშვნელოვნად, 1500 ლარამდე გაიზრდება, პრემიერ-მინისტრი კი დაგვპირდა, რომ 2025 წლამდე ყველაზე მზარდი ბიუჯეტი განათლების სისტემას ექნება.

–ბატონო ბერიკა, კარგია, რომ მივიღეთ დაპირება მასწავლებლის ხელფასის ზრდის შესახებ, მაგრამ წლების განმავლობაში უცვლელია სკოლის დირექტორებისა და ადმინისტრაციის შრომითი ანაზღაურება. არადა, სკოლის დირექტორებს შორისაც, წესით უნდა არსებობდეს დიფერენცირებული ხელფასი, რადგან გვყავს მათი ორი კატეგორია – სერტიფიცირებული და დანიშნული დირექტორები. თქვით, რომ სისტემის რეფორმირების ჯგუფში ხართ, საინტერესოა, კარიერული წინსვლისა და მეტი მოტივაციის შექმნის მიზნით, ხომ არ იგეგმება დირექტორებისთვის ხელფასის მატება, ან დირექტორთა სქემის შექმნა ხომ არ გაქვთ გათვალისწინებული, გასულ წლებში ეს დაანონსებულიც იყო…

–რაც შეეხება სკოლის ადმინისტარაციისა და დირექტორების ხელფასის მატებას, ეს განათლების და ფინანსთა სამინისტროების კომპეტენციაა, მე კი შემიძლია გითხრათ, რომ როდესაც სკოლის ახალი კონცეფცია დამტკიცდება, ამ კონცეფციას მოერგება ყველაფერი და შესაბამისად, იქიდან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებებს. მე პირადად, თუ მკითხავთ, მაინც უფრო ის დირექტორები მეიმედება, ცარცის გემო რომ აქვთ გასინჯული. რა თქმა უნდა, სხვა სფეროდანაც შეიძლება იყვნენ მოსული, მაგრამ მასწავლებელს რომ კარგად გაუგო, მისი შრომა დააფასო, თვითონაც ხომ უნდა გქონდეს წარმოდგენა მასწავლებლის პროფესიაზე? თუ შენ თვითონ გაკვეთილი არა გაქვს ჩატარებული, თუ ბავშვთან არ გქონია ურთიერთობა, როგორ მიხვდები, რომ მაგალითად, ორმოცამდე მე-11- მე-12 კლასელი ბავშვის გაძღოლა გაკვეთილზე, რთულია და ამისთვის მასწავლებელს კი არ უნდა ეჩხუბო, პირიქით, მხარში უნდა ამოუდგე!

–როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენს სფეროში პირველი და უმნიშვნელოვანესი რაც მოსაგვარებელია და რა გზავნილი გაქვთ იმ მასწავლებლების მიმართ, რომლებიც თქვენგან სასიკეთო ცვლილებებს ელიან?

–პირველი, რაც უნდა გაკეთდეს და რაც პირველად ხდება საქართველოს ისტორიაში, სწავლების ახალი მოდელის მქონე სკოლაა. ამჯერად, სამოდელოდ 150-ე სკოლა შევარჩიეთ. ადრე ამის პრაქტიკა არ გვქონდა, ახლა კი შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო, სადაც ჩვენი ცენტრი, გამოცდების ეროვნული ცენტრი და აკრედიტაციის ცენტრი მუდმივ რეჟიმში ერთად ვმუშაობთ. ერთობლივად შევიმუშავეთ თანამედროვე სკოლის მოდელი და შევიტანეთ განათლების სისტემის რეფორმის ელემენტები ჯერ მხოლოდ 150-ე სკოლაში, სადაც ვმუშაობთ თემატურ, სახალისო და პროექტებზე დაფუძნებულ სწავლებაზე, გვაქვს ინტეგრირებული გაკვეთილები, რაც ბავშვებს ძალიან მოსწონთ. მალე, იგივე პროექტს 50 სკოლაში განვახორციელებთ, მომავალი წლის გაზაფხულისთვის, უკვე -100 სკოლაში. 2022 წლისთვის კი ყველა სკოლა ახლებური სწავლების მეთოდიკით იმუშავებს.

თითოეული ჩვენგანის მიზანია, სწავლების მეთოდიკა მოერგოს საკლასო ოთახს, ამ განათლების რეფორმის ყველაზე დიდი დამსახურებაც ის იქნება, რომ სისტემაში ყველგან ჩანდეს ბავშვი, ეს იქნება ბავშვზე და მასწავლებელზე ორიენტირებული რეფორმა. მასწავლებლებმა კი მინდა იცოდნენ, რომ მათ მიერ მიღწეული არც ერთი წარმატება არ დარჩება წახალისების გარეშე. თითოეული წარმატებული ნაბიჯი შეფასდება ადეკვატურად.

ამავე თემაზე:

მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი უქმდება – კიდევ ერთი ცვლილება პედაგოგთა პროფესიული განვითარების სქემაში

ესაუბრა ნონა ქარქაშაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური