GE

„მასწავლებლებო მოგმართავთ, გამოიყენეთ ვაჟას სწავლებისას დონალდ ტუსკის დღევანდელი გამოსვლა“

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მაკო ჯანჯიბუხაშვილი ქართულის მასწავლებლებს მიმართავს, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის გამოსვლა, ვაჟა-ფშაველას სწავლებისას გამოიყენონ. ბათუმში მიმდინარე კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ – დონალდ ტუსკმა ვაჟას ცნობილი წერილიდან „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“ ციტატა ქართულ ენაზე წაიკითხა.

„ქართველ მასწავლებლებს მივმართავ! დონალდ ტუსკის დღევანდელი გამოსვლა გამოიყენეთ ვაჟას სწავლებისას, იმ დროს, როდესაც ჩვენი გენიოსის ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობაზე გექნებათ საუბარი. აუხსენით ბავშვებს, რომ ვაჟას სიდიდე დროისთვის გასწრებაშია, რომ მისი აზროვნება საყოველთაო ჰუმანიზმსა და იმ ფასეულობებზე დგას, რომელსაც დღეს მხარს უჭერენ და ეყრდნობიან მსოფლიოს წამყვანი დემოკრატიები.

„მისი წერილი “კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი”, როგორც იქნა, გასცდა ჩვენი ქვეყნის ფარგლებს და მას ციტირებენ მაღალი პოლიტიკური ტრიბუნებიდან. ისიც უნდა ღნიშნოთ, როდესაც ეს წერილი დაიწერა, ქართველს კოსმოპოლიტიზმი კი არა, პატრიოტიზმიც ეკრძალებოდა, საქართველო იმპერიის მარწუხებში იყო მოქცეული და ყოველი სიტყვა, რომელიც ეროვნულ ღირსებაზე, ზოგადად, ჰუმანიზმზე თუ ჩვენს გმირულ ისტორიაზე იწერებოდა, ასევე, გმირობის ფასად ჯდებოდა. ამიტომაც ერჩივნათ საბჭოთა იდეოლოგებს, ვაჟა ვიწრო ჩარჩოებში მოექციათ და კუთხური პატრიოტიზმის ნიმუშად წარმოედგინათ და არა – მსოფლიო პოეტად, საყოველთაო მნიშვნელობის ქართველ მწერლად და მოაზროვნედ. შემთხვევითი არ იყო, რომ ცკ-ის ნომენკლატურული მეცნიერი თავგამოდებით ცდილობდა ამ აზრის განვითარებას და ხმალამოღებული შეებრძოლა გრიგოლ კიკნაძის სადისერტაციო ნაშრომს, – ახალ სიტყვას ვაჟას შემოქმედების კვლევის საქმეში“.

„დღევანდელმა ფაქტმა, – ევროპის მაღალჩინოსნის პირით ქართულ ენაზე გაჟღერებულიყო ციტატა ვაჟას წერილიდან, კიდევ ერთხელ გააცოცხლა და დააყენა ვაჟა იქ, სადაც მისი ადგილია – მსოფლიოს თავისუფლებისმოყვარე ერთა რიგში, სადაც ვაჟასეულ “გაკვეთილებს” პატივს სცემენ შეგნებულად, გააზრებულად და არა ისე, ჩვენებურად – ვასწავლით, ვითომ ყველაფერი გვესმის, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, როცა ცხოვრებაში ხდება საჭირო მისი გატარება, ისიც ვერ გაგვიგია, სად უნდა ვიდგეთ, როგორ უნდა გავაცოცხლოთ ვაჟა საქმით და არა მხოლოდ სიტყვით“,-წერს მკვლევარი სოციალურს ქსელში.

ბათუმის კონფერენციაზე ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა, ვაჟა-ფშაველას წერილიდან შემდეგი ციტატა წაიკითხა:

“ ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი პატრიოტია,“ – ყველა კოსმოპოლიტი ემსახურება თავის ქვეყანას და ცდილობს, რომ უფრო გაზარდოს და განავითაროს ის. ეს გამოთქმა უკვე 100 წელზე მეტი ხნისაა და ეს მოწმობს თავისთავად გლობალიზაციას. ასი წლის წინ ჯერ კიდევ ბატონმა ვაჟამ ბრძანა ეს და ეს გლობალიზაცია გულისხმობდა ადამიანებისა და ქვეყნების დაახლოებას“, – აღნიშნა ტუსკმა.

თ.ვ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
თამთა არის© ვირსალაძე Aris.ge-განათლების ჟურნალისტი