GE

მასწავლებლებს ღვთისმშობლის წილხვდომილობაზე ლექციები ჩაუტარეს

იმერეთის მუნიციპალიტეტებისა და სოფლების საჯარო სკოლების მასწავლებლებს ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულზე ლექციები ჩაუტარეს.

ლექციები, რომელიც “ქუთაისის უნივერსიტეტში” 3, 4 და 6 ივნისს გაიმართა, ლავრენტი ჯანიაშვილმა და ნანა მრევლიშვილმა წაიკითხეს.

„სკოლაში გვითხრეს, რომ აუცილებლად უნდა ჩავსულიყავით ქუთაისში რაღაც შეხვედრაზე, არავის დაუზუსტებია არც თემა და არც მიზანი. როდესაც ჩამოვედით აღმოჩნდა, რომ საპატრიაქოს დავალებით ლექციას გვიკითხავდნენ ღვთისმშობლის წილხვდომილობაზე“, – ამბობს ხონის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი.

საქართველოს განათლების სამინისტროში აღნიშნავენ, რომ აღნიშნული ლექციები არ წარმოადგენდა განათლების სამინისტროს პროექტს. იგი, სავარაუდოდ, „ქუთაისის უნივერსიტეტის“ ინიციატივით ჩატარდა.

ქუთაისის უნივერსიტეტში კი აცხადებენ, რომ ლექციებს, განათლების სამინისტროს დავალებით დაუთმეს ფართი, მათ მიერ მიწერილი წერილის საფუძველზე, თუმცა პროექტი საქართველოს საპატრიარქოს ეკუთვნის.

„აღნიშნული ღონისძიება არ ჩატარებულა ქუთაისის უნივერსიტეტის ინიციატივით, თუმცა, ქუთაისის უნივერსიტეტი ღიაა საზოგადოებისთვის და ყოველთვის მზად არის დაუთმოს სივრცე არაკომერციულ ღონისძიებებს, როგორიცაა საჯარო ლექციები, წიგნის პრეზენტაცია, მოხსენებები, ტრენინგები და ა.შ,“ – აცხადებენ ქუთაისის უნივერსიტეტში.

თავად საპატრიარქოსთან, ჩვენი მრავალგზისი მცდელობის მიუხედავად, დაკავშირება ვერ ხერხდება.

წყარო: kutaisipost.ge

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური