GE

„მასწავლებლებს, რომლებიც ბაღში მხოლოდ რამდენიმე საათით მოდიან უფრო მეტი ხელფასი აქვთ, ვიდრე- ძიძებს“

გორში, საბავშვო ბაღის თანამშრომლები სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელფასების გაზრდას სთხოვენ.

„ძალიან უსამართლოდ არის გადანაწილებული ეს ხელფასები. წარმოიდგინეთ, მასწავლებლებს, რომლებიც ბაღში მხოლოდ რამდენიმე საათით მოდიან უფრო მეტი ხელფასი აქვთ, ვიდრე ჩვენ, ძიძებს, რომლებიც დილიდან საღამომდე ვმუშაობთ, ვუვლით მცირეწლოვან ბავშვებს და ვაწესრიგებთ ყველაფერს რაც ჯგუფს ეხება”, – ამბობს ერთ-ერთი საბავშვო ბაღის ძიძა.

“რამდენჯერაც მივედი სააგენტოში იმდენჯერ ახალ-ახალი ხალხი მხვდება. ერთი კომპიუტერის გარშემო 7 ადამიანი ზის და საინტერესოა რას აკეთებენ და რაში იღებენ ხელფასს. ჩვენ კი დილიდან საღამომდე რომ ბავშვებთან ვართ და ათას საქმეს გვავალებენ სასაცილო ანაზღაურებას გვაძლევენ. ვითომ მოგვიმატეს შარშან საარჩევნოდ და საშემოსავლოს და საპენსიოს არ ჰყოფნის ის მომატებული თანხა”, – ამბობს საბავშვო ბაღის აღმზრდელი.

“საარჩევნოდ რასაც გვავალებენ აბა ვინმემ გაბედოს და თქვას რომ ვერ გააკეთებს, ან გავბედოთ და ხმა ამოვიღოთ ჟურნალისტებთან იმ ხარვეზებზე, რასაც ვხედავთ, დაგვიბარებენ და გაგვირჩევენ საქმეებს. ამიტომ არ მინდა მე პირადად ვინაობის გასაჯაროება. უბრალოდ ჩვენი გულისტკივილი მინდა გამოვხატო. ახლა რომ არჩევნები ჩატარდება ახალმა ხელისუფლებამ იქნებ გაითვალისწინოს ჩვენი მდგომარეობა”, – აცხადებს საბავშვო ბაღის კიდევ ერთი თანამშრომელი.

ინფორმაციისთვის, საბავშვო ბაღის თანამშრომლებს ხელფასები გასული წლის სექტემბერში გაუზარდეს, ცენტრალური ხელისუფლების ინიციატივის საფუძველზე, თუმცა გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ამბობენ, რომ მატება სხვადასხვა რაოდენობით მოხდა, აღსაზრდელების რაოდენობიდან გამომდინარე. მათი განმარტებით, მთლიანი ხელფასი იმ ვალდებულებებთან შედარებით, რომლის შესრულებაც ყოველდღიურად უწევთ საკმაოდ მიზერულია.

წყარო:  radiomosaic.ge

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური