GE

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2019 იწყება – ახალი წესები და დეტალები კონკურსანტებისთვის

კოალიციის „განათლება ყველასთვის – საქართველო“ ინიციატივით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით, 2019 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსი სპეციალური ღონისძიებით გაიხსნა. წელს კონკურსი მესამედ ჩატარდება.

პრეზენტაციაზე კოალიციის დირექტორმა დამსწრე საზოგადოებას დაგეგმილი კამპანიის ეტაპები და ძირითადი სიახლეები გააცნო, რომელიც 2019 წელს კონკურსის ფარგლებში განხორციელდება.

„ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე წელს გვაქვს – ნომინირება. წინა წლისგან განსხვავებით, წელს მასწავლებლის წარდგენა არა მხოლოდ სკოლებს შეეძლებათ, არამედ ფიზიკურ პირებსა და საზოგადოებრივ ჯგუფებსაც. ასევე, 2019 წელს, შემოგვაქვს „ქრაუდფანდინგის“ ელემენტი. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება, მხარი დაუჭიროს პროექტს და გახდეს ჯილდოს დონორი. ვფიქრობთ, გარდა ჩართულობისა, დაინტერესებულ პირებს გაუჩნდებათ ერთგვარი კუთვნილების განცდა ჯილდოსთან“, – განაცხადა კოალიციის დირექტორმა, გიორგი ჭანტურიამ.

კოალიცია „განათლება ყველასთვის – საქართველოს“ ხელმძღვანელმა და საქართველოში მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს დაარსების ინიციატორმა ირინა ხანთაძემ პრეზენტაციისას ეროვნული ჯილდოს პირველი გამარჯვებულის, ლადო აფხაზავას  წარმატებას გაუსვა ხაზი და მას კიდევ ერთხელ მიულოცა მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალში მოხვედრა.

„მსოფლიოს 10 საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვედრა უდავოდ არის ძალიან დიდი მიღწევა და რაც არ უნდა მოხდეს 24 მარტს, ლადო ჩემთვის უკვე გამარჯვებულია. ჩემი ძალიან დიდი სურვილია, რომ ამ გამარჯვებამ,, პირველ რიგში, გააერთიანოს ქართველი მასწავლებლები და მეორე, შექმნას ახალი მოტივაცია, ინსპირაცია იმის, რომ ყველაფერი შესაძლებელია, რომ ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ არაჩვეულებრივ შედეგებს, იმ გამოწვევების მიუხედავად რაც გვაქვს, ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ გარდაქმნებს ცალკეული ადამიანების, ინდივიდების, მასწავლებლების, აქტიური ადამიანების დახმარებით“, – განაცხადა ირინა ხანთაძემ.

მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელი ბერიკა შუკაკიძე კი ამბობს, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრს საინტერესო სიახლეები აქვს მასწავლებლის პროფესიის დაფასებისა და პოპულარიზაციის მიმართულებით და მუშაობაც უკვე დაწყებულია.

,,ლადოს გამარჯვება არის ქართული სახელმწიფოს წარდგენა მსოფლიო ასპარეზზე და მე ძალიან მოხარული ვარ რომ მასწავლებლის სახლი არის მონაწილე ამ დიდი წარმატების. ჩვენ ყველას გვაქვს ერთი მიზანი, რომ მოვახდინოთ მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და მისი დაფასება. კოალიციის საქმიანობა იყო გარკვეული ინსპირაცია მასწავლებლის სახლისთვისაც, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისთვის ჩვენ სამი ინიციატივა გვაქვს: ამ წლის ბოლომდე ჩვენ გამოვავლენთ 15 გამარჯვებულს ყველა საგნობრივ კატეგორიაში, ასევე ჩვენ გვინდა დავაფასოთ ის მასწავლებლები, ვინც სისტემაში აღარ არიან, მაგრამ ისინი ელოდებიან დაფასებას. 68 საგანმანათლებლო რესურსცენტრს ჩვენ უკვე დავავალეთ, რომ წარმოადგინონ დამსახურებული პედაგოგების სიები და მესამე იქნება საუკეთესო დირექტორის გამოვლენა”, – აღნიშნა ბერიკა შუკაკიძემ.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში მონაწილეობის მსურველი მასწავლებლების რეგისტრაცია ვებგვერდზე www.tprize.ge 1-ლი მარტიდან 20 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შემდეგ კი, კონკურსანტთა შერჩევის სამეტაპიან პროცესს 18 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური წარმართავს. ჟიურიში შედიან განათლების სპეციალისტები, მეცნიერები, პედაგოგები და მედიის წარმომადგენლები.

კონკურსის პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურად შემოწმდება, მეორე ეტაპისთვის გამოვლინდება კონკურსანტთა ათეული, ხოლო მესამე ეტაპზე, 5 სექტემბერს, ცნობილი გახდება იმ ხუთი ფინალისტის ვინაობა, რომელთაგან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს” მფლობელი გახდება.

გამარჯვებულს ფულადი პრიზის სახით, გენერალური სპონსორისგან, „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან გადაეცემა 10 000 ლარი. „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ასევე „ლიბერთი“ ბანკი, ტელეკომპანია „იმედი“ და „საზოგადოებრივი მაუწყებელი“.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კამპანიას 2019 წელს ბაქსვუდის სკოლა და გიმნაზია „შავნაბადა“ უერთდებიან. ბაქსვუდის სკოლა გამარჯვებულ მასწავლებელს დიდ ბრიტანეთში პროფესიული განვითარების ორკვირიან პროგრამას დაუფინანსებს. გიმნაზია „შავნაბადა“ სპეციალურ პრიზს საუკეთესო ხუთეულიდან ერთ-ერთ მასწავლებელს გადასცემს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური