GE

„ეს, ჩემთვის, ყველაზე დიდი მისიაა“ – რას გეგმავს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული ხათუნა რაზმაძე მიღებული თანხით

საგანმანათლებლო ცენტრი სმენადაქვეითებული ბავშვებისთვის – ესაა ის მთავარი მიზანი, რომელიც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულს, ხათუნა რაზმაძეს, ამ ეტაპზე გააჩნია. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად გამოიყენებს იგი კონკურსში მიღებულ ფულად პრიზს – 10 000 ლარსაც. აპირებს, რომ საკუთარი ფეხით მოიაროს ყველა შესაბამისი სამთავრობო, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რათა იდეის განსახორციელებლად საჭირო ფინანსური რესურსი სრულად მოაგროვოს.

საკუთარ თავს ვადებიც დაუწესა – ეს ყველაფერი, 7 იანვრამდე უნდა მოასწროს, რადგან ამ დღეს მისი სმენადაქვეითებული ქალიშვილის დაბადების დღეა. იმის, ვინც მისთვის ინსპირაციის წყარო გახდა და ვინც 2021 წლის საუკეთესო მასწავლებელს „უბიძგა“, აღნიშნული ცენტრის მეშვეობით, ათობით სმენადაქვეითებულ ბავშვს, სრულიად უსასყიდლოდ, ხარისხიანი განათლება და წარმატებული მომავლის საფუძველი მისცეს.

ხუთი შვილის დედა და ოთხი შვილიშვილის ბებია, თბილისის წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ხათუნა რაზმაძე, რომელსაც პედაგოგად მუშაობის 22 წლიანი სტაჟი აქვს, საუკეთესო პედაგოგად მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს დასკვნით ღონისძიებაზე, 5 ოქტომბერს დასახელდა. იგი ჯერ საუკეთესო ათეულში მოხვდა, შემდეგ კი 5 ფინალისტს შორის. დაჯილდოებამდე ცოტა ხნით ადრე ჩვენთვის მოცემულ ინტერვიუში პედაგოგი ამბობდა, რომ კონკურსში გარდაცვლილი მამის დიდი სურვილის შესასრულებლად მონაწილეობდა და გამარჯვებასაც სწორედ მის ხსოვნას მიუძღვნიდა. გაგვიმხილა ისიც, რომ გამარჯვების შემთხვევაში სმენადაქვეითებული ბავშვებისთვის საგანმანათლებლო ცენტრის გახსნას გეგმავდა და რომ ამ შესაძლებლობას აუცილებლად გამოიყენებდა.

მიუხედავად ფინალისტებს შორის ყოფნისა, გამარჯვება მისთვის მაინც მოულოდნელი და შოკისმომგვრელად სასიხარულო აღმოჩნდა – „იმდენად ბევრი ემოციის ნაზავი იყო, რომ ერთ კონკრეტულ სახელს ვერ ვარქმევდი. თან მეტირებოდა, თან ვბრწყინავდი, უცხო ადამიანებსაც კი სიყვარულით ვეხუტებოდი… მსგავსი რამ არასოდეს განმიცდია და ეს გრძნობა მთელი ცხოვრება გამყვება“, – ამბობს და დასძენს, რომ ჯერ ისევ ეიფორიაშია და საუკეთესო მასწავლებლის სტატუსს პროფესიის პოპულარიზაციისა და შშმ ბავშვებისთვის უკეთესი სასწავლებელი პირობების გასაუმჯობესებლად გამოიყენებს.

„ჩემი მეხუთე შვილი სმენადაქვეითებულია. მას არაფერი ესმოდა, იმპლანტის ჩადგმის შემდეგ კი საუბრის გარკვეულ დონეზე გაგება შეძლო. თუმცა, ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია, და-ძმებთან, დისშვილებთან, ძმისშვილებთან ურთიერთობა ჯერ ისევ უჭირს, რადგან შესაბამისი ლექსიკური მარაგი არ აქვს. ამიტომ, მოკლე ინსტრუქციებით სარგებლობს, ერთმანეთთან მოკლე საუბრები აქვთ, ძირითადად კი ჟესტურ ენას იყენებს. ძალიან მიხარია, რომ ჟესტური ენა მეც ვისწავლე და მე და ჩემი გოგონა, ძირითადად, ასე ვსაუბრობთ.

„ყველაზე მტკივნეული ისაა, რომ იმპლანტირებული ბავშვები არც ყრუთა საზოგადოებას მიეკუთვნებიან, არც ტიპიური განვითარებისას და სხვა ტიპის მხარდაჭერა სჭირდებათ. ჩემი შვილისა და მისნაირი ბავშვებისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობა იქნება ის ცენტრი, რის გახსნასაც ვაპირებ. ეს იქნება დღის მეორე ნახევარში საკლუბო ფორმატში მომუშავე,მათ განვითარებაზე მორგებული ადგილი, სადაც ბავშვები კვირაში ორჯერ, ან სამჯერ მოვლენ და სხვადასხვა საგანს ისწავლიან, აუცილებლად ჟესტური ენის მასწავლებელთან ერთად. ძალიან მინდა, რომ ეს იყოს ცენტრი, რომელიც ბავშვებს ასწავლის თუ როგორ მოერგონ ცხოვრებას და როგორ იპოვნონ საკუთარი თავი. საგნების გარდა, გვინდა რომ ისწავლონ ხელნაკეთი ნივთების დამზადება, ფოტოგრაფია და ა.შ.“, – ამბობს ხათუნა რაზმაძე.

10 ათასი ლარი, რომელიც მას, როგორც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულს კონკურსის გენერალური სპონსორისგან „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდისგან“ გადაეცა, პირველი ნაბიჯების გადასადგმელად საკმარისია, თუმცა, იდეის სრულყოფილად განსახორციელებლად – არა. ამბობს, რომ ბრძოლა ახლა იწყება, რაც პროექტის ყველა დაინტერესებული ორგანიზაციისა თუ პირისთვის გაცნობას გულისხმობს.

„ყველგან მივალ და ვეტყვი, რომ საწყისი თანხა მაქვს, მაგრამ მეტი მჭირდება, რათა შენობა მქონდეს, პედაგოგები მყავდეს და რაც მთავარია, ეს ყველაფერი უფასო იყოს. იმპლანტირებული ბავშვების მშობლებს, ყოველთვიურად, ისედაც საკმაოდ დიდი ხარჯი აქვთ, რათა იმპლანტმა კარგად იმუშავოს და ამიტომ მინდა, რომ ცენტრი, მათთვის, უფასო იყოს. მართალია, ეს თანხა საკმარისი არაა, მაგრამ ამ დრომდე ესეც არ მქონდა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა ჯილდო არა ოჯახური საჭიროებებისთვის გამოვიყენო, რომლებიც საკმაოდ ბევრია, არამედ ახალი მიზნის შესასრულებლად. ეს თანხა იქნება ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ საშვილიშვილო საქმეში.

„უახლოეს დღებში უკვე მივალ მერიაში, განათლების სამინისტროში, ორგანიზაციებში – ყველგან, სადაც მიმიშვებენ და ჩემს აზრს მოისმენენ. იმედი მაქვს, რომ ჩემი თავდაუზოგავი შრომით, ჩემი შვილის გარდა, უამრავ ადამიანს სამყაროს ცოტათი მაინც გავულამაზებ. ეს, ჩემთვის, ყველაზე დიდი მისიაა“, – დასძენს 2021 წლის საუკეთესო პედაგოგი ხათუნა რაზმაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს დაარსების იდეა კოალიციას „განათლება ყველასათვის“ ეკუთვნის. წლევანდელ საიუბილეო კონკურსს კოალიციის გამგეობის თავმჯდომარე და ტრენინგისა და კონსულტაციის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ირინა ხანთაძე განსაკუთრებულს უწოდებს და განმარტავს, რომ განსაკუთრებულობა გამოიხატა დატვირთულ და მრავალფეროვან წინასაკონკურსო პერიოდშიც და ემოციურ და საინტერესო დასკვნით ღონისძიებაშიც.

გამარჯვებულ ხათუნა რაზმაძეს იგი არა მხოლოდ საუკეთესო პედაგოგად, არამედ გამორჩეულ პიროვნებად მიიჩნევს და დარწმუნებულია, რომ სხვა მასწავლებლებისთვის როლური მოდელი და მისაბაძი მაგალითი გახდება. იმედოვნებს, რომ გამარჯვებული აქტიურად ჩაერთვება პროფესიის პოპულარიზაციის საქმეში და ბევრს გააკეთებს საკუთარი მნიშვნელოვანი წვლილის შესატანად იმ მიზანში, რასაც კონკურსი ემსახურება.

„ჩვენ მზად ვართ ამ ძალიან კეთილშობილური მიზნის მიღწევისკენ სვლაში ხათუნას გვერდით დავუდგეთ. დარწმუნებულები ვართ, მისი მიზანმიმართულობა და საქმისადმი სიყვარული დაეხმარება იდეა რეალობად აქციოს. რამდენადაც შევძლებთ, ყველანაირად მხარს დავუჭერთ. სწორედ მომავალ კვირაში მასთან საჯარო შეხვედრას ვგეგმავთ. გვინდა ამ თემაზე მისი ხედვა უფრო დეტალურად მოვისმინოთ და უკეთესად დავინახოთ, თუ რა ფორმით შეგვიძლია მისი დამარება“, – აღნიშნა ჩვენთან ინტერვიუში ირინა ხანთაძემ.

წლიდან წლამდე, კონკურსის პოპულარობისა და მასში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობის ზრდის პარალელურად იზრდება იდეის მხარდამჭერი კომპანიებისა თუ ორგანიზაციების რაოდენობაც. ჩვენი რესპონდენტი ამბობს, რომ კონკურსი გულშემატკივრებს ყოველწლიურად სთავაზობს სიახლეებს და გამონაკლისი არც მომდევნო წელი იქნება. ორგანიზაციას საკმაოდ ბევრი იდეა აქვს, რომლის განხორციელებასაც გეგმავს.

„დიდი სურვილი გვაქვს, რომ მომავალ წელს კამპანია უფრო აქტიური გავხადოთ და მეტი პროფესიული თუ შემეცნებითი ღონისძიებით დატვირთვით. ჩვენი განსაკუთრებული ინტერესია, მეტად მივაწვდინოთ ხმა ახალგაზრდებს და ისინი მასწავლებლის პროფესიის მხარდაჭერის აქციებში ჩავრთოთ. დასკვნითი ღონისძიება, რა თქმა უნდა, ისევ 5 ოქტომბერს იქნება, მაგრამ ჩვენი მიზანია რომ არა მხოლოდ ეს დღე, არამედ ყველა სხვა დღე იყოს მნიშვნელოვანი, რომელიც საზეიმო ცერემონიალამდე მიგვიყვანს“, – დასძენს ირინა ხანთაძე.

კონკურსის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი, „ლიბერთი ბანკი“, წლების განმავლობაში ფინალისტებს ფულადი პრიზებით აჯილდოებდა. წელს, მათი გადაწყვეტილებით, კონკურსანტებისთვის გადასაცემი თანხის რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და ხუთეულის წევრების შემთხვევაში 5 ათასი, ხოლო ათეულის წევრებისთვის 2,5 ათასი ლარი შეადგინა.

„ლიბერთის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხოდელი აცხადებს, რომ მათთვის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერის რანგში ყოფნა პატივია და ლიბერთის ახალი გუნდი, სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი ადამიანების- მასწავლებლების მიმართ ზრუნვას მომავალშიც განაგრძობს. მისი თქმით, ამ პროფესიის პოპულარიზაცია, მასწავლებელთა დაფასება და მხარდაჭერა ახალი „ლიბერთის“ სტრატეგიისა და ღირებულებების მნიშვნელოვანი ნაწილია.

„გასული წელი განსაკუთრებულად რთული იყო მასწავლებლებისთვის და მათდამი პატივისცემის გამოსახატად, ჩვენ წელს საპრიზო ფონდი გავაოთხმაგეთ. მოხარულები ვართ, რომ მასწავლებლის ეროვნული ჯილდო ყველასთვის ერთ-ერთი გამორჩეული და აღიარებული პროფესიული კონკურსია. „ლიბერთისთვის“ მნიშვნელოვანია მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და მომავალი თაობის აღზრდის ხელშეწყობა, რაც, თავის მხრივ, განათლებული საზოგადოების ჩამოყალიბებასა და ჩვენი ქვეყნის წინსვლას განაპირობებს“, – განაცხადა „ლიბერთის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციას, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეხუთედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.

კონკურსის გენერალური სპონსორია „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდი, მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (ctc), ლიბერთი ბანკი, ტელეკომპანია იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და მარკეტინგული კომპანია 4MEDIA.

2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული ხათუნა რაზმაძე გახდა!

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური