GE

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ჟიურის და ათეულის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

კოალიციის „განათლება ყველასათვის – საქართველო“ ორგანიზებით და მასწავლებელთა პრფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017-2018 წლების საუკეთესო ათეულებისა და ჟიურის წევრების სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მონაწილეებმა იმსჯელეს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს განვითარების გეგმებსა და კონკრეტულ სიახლეებზე რომლებიც მომდევნო სეზონისათვის დაინერგება. ამასთანავე, განიხილეს საზოგადოების მეტი ჩართულობისა და პროფესიის პოპულარიზაციის სხვადასხვა ინსტრუმენტი.

კონკურსი არის გლობალური კამპანიის ნაწილი და მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის გაცნობას და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდას.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის ფარგლებში საუკეთესო ხუთეული 5 სექტემბერს დასახელდება, რომელთაგან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ 2018-ის მფლობელი გახდება, გარდა ამისა, მას, ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან – ინა გუდავაძე-პატარკაციშვილისგან 10 000 ლარი გადაეცემა. დანარჩენ ოთხ ფინალისტს დააჯილდოვებს ლიბერთი ბანკი.

კოალიციის „განათლება ყველასათვის – საქართველო“ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით კონკურსი წელს მეორედ ტარდება. პირველად 2017 წელს ჩატარდა, რითაც საფუძველი დაედო მასწავლებლის პროფესიის განვითარებისა და პოპულარიზაციის ყველაზე მასშტაბურ კამპანიას. მასწავლებელთა კორპუსის, განათლების სფეროს წარმომადგენლებისა და ზოგადად, საზოგადოების მხრიდან აღნიშნული პროექტი მიჩნეულ იქნა წარმატებულად და მოიპოვა პოზიტიური გამოხმაურება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური