GE

„მასწავლებლის ეროვნული სკოლა”- მიზნობრივი პროგრამა მცირეკონტინგენტიანი სკოლებისათვის

,,მასწავლებლის ეროვნული სკოლის“ მიზანს სოფლის და მცირეკონტიგენტიანი სკოლების საჭიროებებზე ზრუნვა წარმოადგენს. ზაფხულის სიტუაციამ გვიჩვენა, რომ თუ ქალაქის სკოლებში გამოცხადებულ ვაკანსიებზე კონკურსი იყო მაღალი (ზოგიერთ ვაკანსიაზე 100-ზე მეტი განაცხადიც კი შემოვიდა), სოფლის მცირეკონტინგენტიან სკოლებს გაუჭირდათ მასწავლებლის ვაკანსიებზე ახალი კადრის მიზიდვა. სწორედ ამ სკოლების მხარდაჭერის მიზნით შეიქმნა ,,მასწავლებლის ეროვნული სკოლა“ – აღნიშნავს მანანა რატიანი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას. ამ პროგრამაზე უკვე 1500 მსურველია დარეგისტრირებული. ,,ეროვნულ სკოლაში“  წელს 2000 ბენეფიციარის მომზადებაა გათვალისწინებული. რეგისტრაცია 20 ოქტომბრის ჩათვლით გრძელდება.

-ბევრ მცირეკონტინგენტიან სკოლას ვაკანსია შეუვსებელი დარჩა. ამის მიზეზი, ერთი მხრივ, ამ სოფლებისთვის დამახასიათებელი მიგრაციული პროცესები და მეორე მხრივ, ზოგიერთ საგანში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული  მცირე დატვირთვაა. მაგალითად, სკოლაში, სადაც პარალელური კლასები არ არის, სამოქალაქო განათლების მასწავლებელს სრული განაკვეთი ვერ ექნება. ასეთ ვაკანსიაზე დასაქმების მოტივაცია ნაკლებია.  ჩვენი მიზანია ყველა მოსწავლეს ჰქონდეს ხელმისაწვდომობა ხარისხიან განათლებაზე. ამიტომ გადაწყდა, ასეთ სკოლებს მივცეთ შესაძლებლობა, რომ ერთმა მასწავლებელმა ორი-სამი მომიჯნავე საგანი ასწავლოს. ამ კადრის მოსამზადებლად  შეიქმნა ,,მასწავლებლის ეროვნული სკოლა“, რომელიც ორიენტირებულია მცირეკონტინგენტიანი სკოლებისთვის მასწავლებლების მომზადებაზე, რომ მათ შეძლონ ორი-სამი მონათესავე საგნის სწავლება.

-ვინ შეიძლება ჩაერთოს პროგრამაში?

-ეს არის მიზნობრივი პროგრამა და მასში ჩართვა შეუძლიათ მასწავლებლობის მსურველებს, რომლებიც პროგრამის გავლის შემდეგ იმუშავებენ კონკრეტულ მცირეკონტინგენტიან სკოლაში. ეროვნულ სკოლაში მოხვედრის მსურველმა ან უნდა გაიაროს მასწავლებლის სახლის მიერ შემუშავებული ტესტი, ან უკვე გავლილი უნდა ჰქონდეს შეფასებისა და გამოცდების ერონული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება, სადაც მან შეიძლება 60 პროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახა, მაგრამ მისი შედეგი 40 პროცენტს აღემატება. შემდეგ გაივლიან გასაუბრებას. ამ წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ისინი ჩაერთვებიან მასწავლებლის ეროვნულ სკოლაში. გარდა  გარედან მოსული მსურველებისა, ,,ეროვნულ სკოლაში“ ჩართვის საშუალება აქვს მეორე სეგმენტს: იმ მცირეკონტიგენტიანი სკოლების მოქმედ მასწავლებლებს, სადაც სკოლის პროგნოზით, მოსალოდნელია მომიჯნავე საგანში მალევე გაჩნდეს ვაკანსია. ასეთ სიტუაციაში სკოლა მათ უწევს რეკომენდაციას,  მომზადდნენ მეორე საგანის სწავლებისათვის. ამის შესახებ სკოლა აწვდის ინფორმაციას საგანმანათლებლო რესუსცენტრს. რესურსცენტრი კი ჩვენ მოგვაწვდის იმ მასწავლებლების სიას, რომელთაც იანვრიდან შეიძლება მომიჯნავე საგანიც ასწავლონ. მოკლედ, ,,მასწავლებლის ეროვნული სკოლის“ პროგრამა ორიენტირებულია მცირეკონტინგენტიან სკოლებზე და მასწავლებლებზე, რომელთაც შეუძლიათ ორი, ან მეტი საგანი ასწავლონ.

-როგორი წარიმართება სწავლების პროცესი?

-სასწავლო კურსი ძირითადად მოიცავს თეორიულ ნაწილს საბაზისო ცოდნაში, საგნის მიმართულებით. როგორც გითხარით, საგნები დაჯგუფებულია  მონათესავე  (როგორც შინაარსობრივი, ასევე სწავლების მეთოდოლოგიების) სპეციფიკის მიხედვით. მაგალითად, თუ პირი არის ფიზიკოსი, მომზადდება ქიმიის  და მათემატიკის მიმართულებით. გეოგრაფიის სპეციალისტმა სამოქალაქო განათლების კურსიც შეუძლია გაიაროს. თეორიული ნაწილის გარდა, იქნება  პრაქტიკული ნაწილი, რათა მასწავლებლობის მსურველი შიგნიდან გაეცნოს როგორ ფუნქციონირებს სკოლა,  როგორ მართავს  კლასს მასწავლებელი, როგორ გეგმავს პროცესს, როგორ აფასებს და ასე შემდეგ. ამ ეტაპების წარმატებით გავლის შემთხვევაში, ის სკოლაში  შედის  იანვარში, მეორე სემესტრიდან. სკოლაში მუშაობის დაწყების შემდეგ კი, უკვე ერთვება მაძიებლობის პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც შეუძლია  პროფესიული უნარების კურსის გავლა.   სკოლაში მაძიებელს ეყოლება ტუტორი, რომელიც დაეხმარება, გახდეს პროფესიონალი.

-როგორი იქნება პროგრამის ხანგრძლივობა და რა ვადებში წარიმართება ის?

-ხანგრძლივობა განსხვავებული არის  სხვადასხვა საგნებისათვის. მაგალითად, თუ ვისაუბრებთ დაწყებით საფეხურზე, ქართულში იქნება 30 საათი, მათემატიკაში -30 და ბუნებისმეტყველებაშიც -30;  მათემატიკაში – 45 საათი, ფიზიკაშიც – 45 საათი  და ასე შემდეგ. ასე, რომ საგნების მიხედვით, განსხვავებული ხანგრძლიობის პროგრამებია. ყველა პროგრამა დაიწყება ნოემბერში და დასრულდება დეკემბრის ბოლოს. ეროვნული სკოლა ძირითადად  პარასკევ -შაბათ -კვირას იმუშავებს.

-პროგრამა ერთჯერადი იქნება, თუ კიდევ გააგრძელებს ახალი ნაკადის მიღებას?

-შესაძლებელია, პროგრამა არ იყოს ერთჯერადი. გაზაფხულის პერიოდში შეიძლება მზადება დაგვჭირდეს სექტემბრისათვის. როგორც ვიცით, თუ პრაქტიკოსი მასწავლებელი 31 იანვრამდე ვერ შეიცვლის სტატუსს, მას მოუწევს ან დროებით კონტრაქტზე გადასვლა, ან სკოლიდან  წასვლა. ამიტომ თუ მცირეკონტინგენტიან სკოლებს იმ ეტაპზეც შეექმნებათ კადრების დეფიციტი, ეს პროგრამა კვლავ დაეხმარება მათი მომზადებით. არ დაგვავიწყდეს, რომ პროგრამით გათვალისწინებულია სკოლაში მოქმედი მასწავლებლების გადამზადება მომიჯნავე საგანში. ამიტომ ვფიქრობთ, ამ პროგრამის საჭიროება მომავალში კვლავაც იქნება.

-რამდენ მასწავლებელს მოამზადებს ,,მასწავლებლის ეროვნული სკოლა“?

-როგორც გითხარით, ეს არის საჭიროებაზე ორიენტირებული პროგრამა, ჩვენ წინასწარ გამოვთხოვეთ სკოლებს მონაცემები და პროგნოზის გათვალისწინებით მოხდა რაოდენობის განსაზღვრა, ამ ეტაპზე სკოლა 2000 მსურველს მიიღებს. არსებული მონაცემები მიგვანიშნებს, რომ  მსურველთა რაოდენობა გადააჭარბებს დასახელებულ რაოდენობას,  მაგრამ  რესურსებიც შეზღუდულია და მიზნობრივად გადანაწილებული.

-რაც შეეხება ტერიტორიულ ხელმისაწვდომობას?

-რეგისტრაციის დროს მსურველს  2 ლოკაციაზე  მოუწევს არჩევანის გაკეთება: ერთი, თუ რომელ რაიონში სურს მას მუშაობა და  მეორე – სად სურს გაიაროს კურსები. ეს ორი ლოკაცია შესაძლებელია სხვადასხვა იყოს, რადგან ამჟამად შეიძლება, ცხოვრობდეს თბილისში და სასწავლო პროგრამის გავლის ადგილადაც აირჩიოს თბილისი, მაგრამ მუშაობის დაწყება უნდოდეს რაჭაში და აირჩიოს იქაური ლოკაცია. სამუშაო ადგილს მსურველი ირჩევს  რაიონულ დონეზე, ხოლო გადამზადება შესაძლებელი იქნება რეგიონული ცენტრების დონეზე.

-როგორი იქნება პროგრამის ბიუჯეტი?

-ეს დამოკიდებულია ჯგუფებზე, პროგრამას ჩვეულებრივი ბიუჯეტი ექნება, ჩვენი ტრენერების ჩვეულებრივი ანაზღაურებით. დაზუსტების შემდეგ ეს ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი. რაც შეეხება დამატებით ბიუჯეტს, რაზეც უნდა აღვნიშნოთ: სკოლებში მაძიებლად შესულ პირებს  ექნებათ სპეციალური დანამატი, რომელიც შესაბამისი რეგიონების მასწავლებლებისთვის არის გათვალისწინებული. ეს არ იქნება იმდენი, რამდენიც კონსულტანტი მასწავლებლებისთვის არის გათალისწინებული, მაგრამ  მაინც იქნება, რომ ადამიანებს გაუჩნდეთ ინტერესი და ახალ გარემოში ადაპტაციაში დაეხმაროს.

-ვინ იქნებიან ტრენერები?

-ამ შემჭიდროვებულ ვადებში ახალი კადრის მოძიებას არ დავიწყებთ, ჩვენ გვყავს გამოცდილი ტრენერები.  ისინი ცენტრთან წლების მანძილზე თანამშრომლობენ და აქვთ საგნობრივი და ტრენერობის გამოცდილება. ისინი გაუძღვებიან სწავლებას.

„მასწავლებლის ეროვნული სკოლა“ – ვინ და რომელ საგანში გაივლის უფასო გადამზადებას

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური