GE

„მასწავლებლის ეროვნული სკოლა“ – ვინ და რომელ საგანში გაივლის უფასო გადამზადებას

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ახალი, სპეციალური პროგრამა – „მასწავლებლის ეროვნული სკოლა“ წარადგინა, რომელიც, უწყების ინფორმაციით, მასწავლებლობის მაძიებელთა და მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლების დახმარებასა და კიდევ უფრო მეტ ხელშეწყობას გულისხმობს.

როგორც სამინისტრო განმარტავს, ახალი პროგრამა იძლევა საშუალებას, მოხდეს მცირეკონტინგენტიანი სკოლების განათლების ხარისხის სწრაფი  ამაღლება სპეციალური საგნობრივი და პედაგოგიური უნარებით აღჭურვილს პედაგოგების მომზადებით.

გადამზადებული მასწავლებლები კონკრეტული რეგიონის-მუნიციპალიტეტის და სკოლისთვის მომზადდებიან, მიიღებენ ხელშეწყობას პროფესიულ განვითარებაში და მიიღებენ სახელფასო დანამატს.

ამასთან ერთად, პროგრამა იძლევა საშუალებას, გადამზადებულმა მასწავლებლებმა საგნობრივი ჯგუფის და/ან მომიჯნავე საგნებში, ერთზე მეტი საგანი ასწავლონ.

მასწავლებლები მომზადდებიან:

  1. ფიზიკა, მათემატიკა, ტექნოლოგიების
  2. ბიოლოგია და ქიმიის
  3. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების
  4. ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლების
  5. დაწყებითი განათლების (ქართული, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება)  მიმართულებით.

მსმენელები ასევე მომზადდებიან ქართულ ენასა და ლიტერატურაში და ფიზიკურ აღზრდაში.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად სარეგისტრაციო პორტალი 11 ოქტომბერს გაიხსნება ვებგვერდზე tpdc.ge რეგისტრაციის ბოლო ვადა 20 ოქტომბერია, ხოლო სწავლა 1-ლ ნოემბერს დაიწყება და ორთვიანი იქნება. როგორც მასწავლებლსი სახლის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ განაცხადა, სარეგისტრაციო პორტალზე მითითებული იქნება ორი გრაფა, პირველში აპლიკანტი მონიშნავს სად უნდა, რომ ასწავლოს, ხოლო მეორეში, რომელ რეგიონში სურს რომ ეს პროგრამა გაიაროს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური