GE

მასწავლებლის ეროვნული სკოლის იდეა კადრების დეფიციტის შემდეგ გაჩნდა

საპენსიო ასაკის პედაგოგების დიდი ტალღის ზოგადი განათლების  სისტემიდან გასვლას მოჰყვა ვაკანსიების გამოთავისუფლება, რაც უცხო მოვლენა იყო ამ სისტემისთვის და სკოლაში შესვლა  დიდ სირთულეს წარმოადგენდა. თავისუფალ ვაკანსიებზე გამოცხადებულ კონკურსს ბევრი აპლიკანტი გამოეხმაურა. თბილისში, რაიონულ და და რეგიონულ ცენტრებში, დიდ სოფლებში  მაღალი კონკურსი დაფიქსირდა და ვაკანსიები შეივსო კიდეც, მაგრამ კადრების დეფიციტმა თავი იჩინა მთიანი და დაშორებული სოფლების მცირეკონტინგენტიან სკოლებში.  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, ამ სიტუაციის გათვალისწინებით, აამოქმედა მასწავლებლის ეროვნული სკოლა. EDU.ARIS.GE-ის შეკითხვებზე: რას იტყვით ეროვნული სკოლის შესახებ, გამართლდა თუ არა თქვენი ჩანაფიქრი და გააგრძლებს თუ არა სკოლა ფუნქციონირებას? – ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე აღნიშნავს:

,,ჩვენი ცენტრი მასწავლებლების შერჩევის კონკურსში სრულად იყო ჩართული, ყველა გასაუბრებას ჩვენი წარმომადგენელი ესწრებოდა. ეს ქმნიდა გარანტიას, რომ პროცედურა წესების სრული დაცვით და ობიექტურად წარმართულიყო. შერჩევის ერთადერთ კრიტერიუმს წარმოადგენდა პროფესიონალიზმი.  პროცესზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ თუ მოთხოვნადი იყო ქალაქების, სოფლების მაღალკონტინგენტიანი სკოლები, მცირე და საშუალო კონტინგენტიან მაღალმთიან და შორს მდებარე სოფლების სკოლებში კი, სადაც საათების რაოდენობაც მცირე იყო, ვაკანსიების შევსება ადვილი არ აღმოჩნდა. ამ საჭიროებიდან წამოვიდა მასწავლებლის ეროვნული სკოლის იდეა, რომელიც  სრულიად ჩვენი ინიციატივა გახლავთ.

ეს პროექტი ორიენტირებულია მცირე და საშუალო კონტინგენტიან სკოლებზე. მასწავლებლის სახლს აქვს კონცეფცია, რომ ხელი შევუწყოთ ახალი ტიპის მასწავლებლის ჩამოყალიბებას. ეს გახლავთ საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელი. ათასზე მეტ საჯარო სკოლაში 100-ზე ნაკლები მოსწავლეა. ამ სკოლებში,  საგნების მიხედვით მასწავლებლის სრული დატვირთვა ობიექტურად არ ხერხდება. 8 და 9-საათიან დატვირთვაზე რა ხელფასს მიიღებს მასწავლებელი? თუნდაც  25-მოსწავლიან სკოლაში, ქიმიის მასწავლებელიც უნდათ, ფიზიკისაც და ბიოლოგიისაც. თითოეულს ვერანაირად მისცემ ისეთ ხელფასს, რომ დააინტერესო და მოტივაცია გაუჩინო.  ფინეთის, ნორვეგიის, შვედეთის სკოლებში პირველიდან მეექვსე კლასამდე ერთი მასწავლებელი ასწავლის ყველა საგანს. ჩვენ მთლად ამ მოდელზე არ შევჩერდით,  მაგრამ ვარჩიეთ ასეთ სკოლებში გვყავდეს საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელი, რომელიც ასწავლის 2-3-4 საგანს. ეს იქნება ძალიან კარგი გამოსავალი. არც ამდენი მასწავლებელი გვყავს და ვერც ისეთ ხელფასს მივცემთ ცალცალკე, რომ ის მთაში გაჩერდეს.

ამ პრობლემის მოგვარებისთვის ავამოქმედეთ მასწავლებლის ეროვნული სკოლა. ჩვენ მზად ვიყავით მოგვემზადებინა და გადაგვემზადებინა 2 400 აპლიკანტი. რეგისტრაცია ამდენივე ადამიანმა გაიარა, მაგრამ საბოლოოდ ტრენინგებზე გამოცხადდა 1 900 მეტი მონაწილე.

მათ შორის არიან მასწავლებლები, რომლებიც ერთ საგანს ასწავლიდნენ, მაგრამ ახლა შესაბამისი საგნობრივი ჯგუფის სხვა საგნებშიც გადამზადდნენ და არიან სისტემის გარედან მოსული, საგნის/საგნების მონათესავე პროფესიის ადამიანები, რომლებიც შესაბამისი მომზადების, პრაქტიკის გავლის და საბოლოოდ, ზაფხულის გამოცდის ჩაბარების შემდეგ, მოიპოვებენ მასწავლებლობის უფლებას. ძალიან საინტერესოა, რომ ტრენერები, რომლებმაც მასწავლებლის ეროვნული სკოლის ფარგლებში გადაამზადეს ეს ადამიანები, აღნიშნავენ, რომ ბოლოს, ამდენი მოტივირებული და მონდომებული ადამიანი ერთად, როდის ნახეს ტრენინგზე, აღარ ახსოვთ. ეს იძლევა იმედს, რომ მათი უმრავლესობა ზაფხულის გამოცდას ჩააბარებს და ისინი შეუერთდებიან ჩვენი მასწავლებლების რიგებს. დაგეგმილი გვქონდა მათთვის ეროვნული სკოლის სერტიფიკატების საზეიმოდ გადაცემა, მაგრამ ცნობილი ტრაგიკული შემთხვევის გამო, გადავდეთ ყველა საზეიმო ღონისძიება, მათ შორის, ესეც.

რაც შეეხება მასწავლებლის სკოლის შემდგომ პერსპექტივას, სკოლა გააგრძელებს მოქმედებას, სანამ მისი საჭიროება იქნება“, – ამბობს ბერიკა შუკაკიძე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური