GE

მასწავლებლის გამოცდაჩაბრებულები, მაგრამ უნივერსიტეტს გარეთ დარჩენილები – სისტემის კიდევ ერთი ჩიხი

მასწავლებლის მოსამზადებელ ერთწლიან 60–კრედიტიან პროგრამას, რომელიც კურსადმთავრებულს სკოლაში მასწავლებლობის უფლებას და უფროსი მასწავლებლის სტატუსს ანიჭებს, არ აქვს დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების მიმართულება. თუმცა დაწყებითი საფეხურის მასწავლებლობის მსურველს თავისუფლად შეუძლია მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე გასვლა, რომელიც თავისთავად უნივერსიტეტში აღნიშნულ პროგრამაზე სწავლის წინაპირობაა. ვინაიდან უნივერსიტეტები არ სთავაზობენ მათ ამ მიმართულებას, გამოცდაჩაბარებულები სწავლას ვერ აგრძელებენ. შესაბამისად, სკოლაში მუშაობის დაწყებასაც ვერ ახერხებენ.

გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ 2017 წლიდან ამოქმედებულ მასწავლებლის მოსამზადებელ ერთწლიან პროგრამაზე მოხვედრა ნებისმიერი უმაღლესი განათლებამიღებული პირისთვის შესაძლებელია, რომელიც ფლობს ბაკალავრის დიპლომს, ჩააბარებს მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდას და უნივერსიტეტის შიდა გამოცდას.

მარიამ დადუნაშვილი ერთ-ერთია იმათგან, ვინც ჩააბარა დაწყებითი საფეხურის მიმართულებაზე გამოცდა, მაგრამ უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან პროგრამაზე სწავლის გაგრძელება ვერ შეძლო.

„ჩავაბარე გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში (1-6 კლასები) და სურვილი მქონდა გამევლო მასწავლებელთა მომზადების ერთწლიანი პროგრამა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არ მქონდა უფლება დარეგისტრირების, იმიტომ რომ 1-6 კლასების გამოცდა მქონდა ჩაბარებული.

როდესაც მასწავლებლთა მოსამზადებელ პროგრამას არ აქვს დაწყებითი საფეხურის მომზადების მიმართულება, ის ადამიანები, ვინც 1-6 კლასის გამოცდას აბარებენ,  ვერ იზრდებიან პედაგოგიური თვალსაზრისით და ამასთანავე მათ არ ეძლევათ შესაძლებლობა, დასაქმდნენ საჯარო სკოლებში, თუ 2015 წლამდე არ ჰქონდათ დაწყებული მუშაობა.  გამოდის, რომ ახალბედა მასწავლებელი კიდევ უფრო ურთულდება სკოლაში მუშაობის დაწყება!

მე ვიყავი პროექტ „ქართული ენა მომავალი წარმატებისათვის“ მონაწილე 2013-2014 წლებში,  შემდეგ ვმუშაობდი კერძო სკოლაში 2016-2017 წლებში და ბოლოს 2017 წელს ვმუშაობდი საჯარო სკოლაში.

პრობლემა შემექმნა დიპლომთან დაკავშირებით.  დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქართული ფილოლოგიის მიმართულებით და იმის გამო, რომ დიპლომში არ იყო მითითებული, რომ მაქვს პედაგოგად მუშაობის უფლება, ჩემი სკოლაში გაჩერება იქნებოდა უკანონობა, რის გამოც საჯარო სკოლიდან გამომიშვეს“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს მარიამ დადუნაშვილმა.

მსგავსი პრობლემა შეექმნა ქეთევან მარიდაშვილსაც. ის „ქართული ენა მომავალი წარმატებისათვის“ პროექტის ფარგლებში არაქართულენოვან სკოლაში იყო დამხმარე მასწავლებლად ერთი წლის განმავლობაში. 2017 წელს ჩააბარა მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდა, ქართული ენა და ლიტერატურის დაწყებითი (1-6) საფეხური. აიღო სერტიფიკატი და სექტემბერში აპირებდა მასწავლებელთა მოსამზადებელ პროგრამაზე ჩაბარებას, მაგრამ შემდეგ აღმოაჩინა, რომ ამ საფეხურის მიმართულება არ აქვს პროგრამას. მისი გავლა შეუძლია მხოლოდ იმას, ვისაც ჩაბარებული აქვს საბაზო საფეხურის (7-12) სასერტიფიკაციო გამოცდა.

“გაუგებარია, რატომ არ უნდა ჰქონდეს პროგრამას დაწყებითი საფეხურის მიმართულება, რადგან თანაბრად სჭირდება განვითარება, როგორგორც მაღალი კლასების პედაგოგს ისე დაწყებითებისას! სწავლის მეთოდების შემუშავება-სწავლება და პრობლემების განსაზღვრა ისევე არის მნიშვნელოვანი, როგორც  მაღალი საფეხურის მასწავლებლისთვის.  აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ პროგრამას დაწყებითი საფეხურის მოსამზადებელი კურსი რადგან არ აქვს, ეს ართულებს დაწყებითი საფეხურის სწავლების განვითარებასა და დახვეწას“, – უთხრა EDU.ARIS.GE -ს ქეთევან მარიდაშვილმა.

როგორც გამოიკვეთა, კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ ჩვენს რესპონდენტებს იმის მიუხედავად, რომ ქართული ფილოლოგიის მიმართულება აქვთ დამთავრებული უნივერსიტეტში, დიპლომში არ უწერიათ მასწავლებელი და შესაბამისად, სკოლის კარი მათთვის დახურულია.

„ჩემი პროფესია ქართული ფილოლოგია (ბაკალავრი) და  გამოყენებითი ენათმეცნიერებაა (მაგისტრი). დამწყებ პედაგოგებს შეგვექმნა გარკვეული პრობლემები დიპლომთან დაკავშირებით. ყველას, ვისაც დიპლომში არ უწერია ქართული ენის მასწავლებელი, მას 2015 წლიდან არ აქვს  უფლება იმუშაოს საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. მხოლოდ ერთწლიანი მოსამზადებელი პროგრამის გავლის შემდეგ გვეხსნება გზა სკოლისაკენ, მანამდე კი, მაქსიმუმ, უსტატუსო პედაგოგებად შეიძლება ვიმუშაოთ სკოლებში. თუმცა ესეც დიდი ფუფუნებაა. როგორც წესი, სკოლა თავს არიდებს ამ პრობლემის მქონე დამწყებ პედაგოგს“, – აღნიშნა ქეთევან მარიდაშვილმა.

თუ რატომ ვერ ხერხდება 60-კრედიტიანი პროგრამის შეთავაზება დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისთვის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, განათლების სკოლის ხელმძღვანელი ამბობს, რომ  ილიაუნს არა აქვს ეს პროგრამა და არც აპირებს გაკეთებას, იმიტომ რომ ამ ეტაპზე გადართულები არიან 300-კრედიტიანი პროგრამის მომზადებაზე.

„მე ვფიქრობ, რომ სხვა პრიორიტეტები გვაქვს. „ილიაუნს“ აქვს დაწყებითების მეიჯორ პროგრამა. ძირითადი პროგრამა, სადაც საკმაოდ დიდი რაოდენობა არის სტუდენტების. ამიტომ „ილიაუნმა“ გადაწყვიტა გაეკეთებინა მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი პროგრამა საბაზო-საშუალო საფეხურისთვის. ამ ეტაპზე რადგანაც ჩვენ ვამზადებთ 300-კრედიტიან პროგრამას. გვირჩევნია ნაკლები იყოს და ხარისხიანი, რადგანაც მაგდენი ადამიანური რესურსიც არ გვაქვს“, – აღნიშნა სოფიკო ლობჟანიძემ.

იმის დასადგენად, ჰქონდა თუ არა რომელიმე უნივერსიტეტს დაწყებითი მიმართულება მასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამაზე, განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრს მივმართეთ. როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ ერთს, შპს „ევროპის უნივერსიტეტს“ ჰქონია დაწყებითი-საბაზო-საშუალო საფეხურების მიმართულება (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ინგლისური ენა, რუსული ენა) და მეორე “საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტს”, დაწყებითი- საბაზო- საშუალო საფეხურები (ქართული ენა და ლიტერატურა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, ისტორია), თუმცა ეს უკანასკნელი მაღალმთიან აჭარაში მდებარეობს.

განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,  უცხო ენა ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ისწავლება სამივე – დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურებზე, შესაბამისად, თუ დაწესებულება პროგრამის ფარგლებში შეიმუშავებს მოდულს, რომლიც ითვალისწინებს დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურებზე სწავლების მეთოდიკას, ამ პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მასზე ჩარიცხულ პირის ექნება სამივე საფეხურზე სწავლების უფლება.

რაც შეეხება EDU.ARIS.GE-ს კითხვას, იგეგმება თუ არა დაწყებითი საფეხურების მასწავლებლის მომზადების მიმართულების დამატება მომავალში ერთწლიანი მასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამაში? არსებობს თუ არა ცენტრში შესაბამისი მომართვა? – განათლების ხარისხის ეროვნულმა ცენტრმა გვიპასუხა, რომ მასწავლებლის განათლების პროგრამის განხორციელება არ არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ვალდებულება, დაწესებულება კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული მისი ავტონომიურობის ფარგლებში აკადემიური თავისუფლების გათვალისწინებით გადაწყვეტს, თუ რომელი პროგრამის განხორციელება სურს და შეუძლია მისი მისიიდან გამომდინარე და მისი ადამიანური თუ მატერიალური რესურსების შესაძლებლობების საფუძველზე.

„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს მომართონ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ნებისმიერ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის მიზნით. სააკრედიტაციო განაცხადის წარმოდგენის შემდეგ, დაწესებულებამ უნდა გაიაროს კანონმდებლობის შესაბამისად დადგენული აკრედიტაციის პროცედურები.

თუმცა მასწავლებლის განათლების პროგრამებზე დაწესებულებების სტუდენტთა მიღება შეეძლოთ 2017 წლამდე. ამჟამად მიდინარეობს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო 300-კრედიტიანი პროგრამისათვის დარგობრივი მასახიათებელის შემუშავება, რომელიც იქნება საფუძველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ამ პროგრამების შედგენისათვის.

აღნიშნული პროგრამაც კანონმდებლობის შესაბამისად არის რეგულირებადი, რადგან პირს ანიჭებს მასწავლებლობის უფლებას და მისი განხორციელებაც შესაძლებელი იქნება პროგრამის აკრედიტაციის მიღების შემთხვევაში. ამასთან, ბაკალავრიატის შემდგომ  მასწავლებლობის უფლების მოპოვების მიზნით პირს აქვს შესაძლებლობა გაიაროს მასწავლებლის მომზადების პროგრამა საქართველოს კანონდებლობით დადგენილი წესით“, – გვიპასუხეს განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრში.

ამავე თემაზე:

სერტიფიცირებული მასწავლებლის ფასი საქართველოში

„ლამის ბოდიში მოვიხადო იმაზე, რომ გავბედე და გავხდი სერტიფიცირებული პედაგოგი“

რომელ სკოლას ჰყავს ყველაზე მეტი სერტიფიცირებული პედაგოგი საქართველოში

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური