GE

მასწავლებლის გამოცდიდან მონაწილის მოხსნის მიზეზები – მინისტრის ბრძანება

საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ განათლების მინისტრის ახალ ბრძანებაში, სხვა არაერთ პროცედურულ საკითხთან ერთად აპლიკანტის გამოცდაზე არდაშვების, გამოცდიდან მოხსნისა და გაუფრთხილებლად მოხსნის შემთხვევებიც განისაზღვრა.

აპლიკანტი გამოცდაზე არ დაიშვება ან ნაშრომი არ გასწორდება:

საგამოცდო ცენტრში გამოცხადებული პირი არ დაიშვება ტესტირებაზე, თუ აღმოჩნდება, რომ მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არ არსებობს აპლიკანტის შესახებ ინფორმაცია ან მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ფოტოსურათი არ შეესაბამება საგამოცდო ცენტრში გამოცხადებულ პიროვნებას.

თუ ინფორმაციის გადამოწმება მოითხოვს გარკვეულ დროს, აპლიკანტი დაშვებული იქნება ტესტირებაზე. თუ ტესტირების მიმდინარეობისას ან მისი დასრულების შემდგომ გამოვლინდება, რომ მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არ არსებობს აპლიკანტის შესახებ ინფორმაცია, ან მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ფოტოსურათი არ შეესაბამება ტესტირებაზე გასულ პირს, პირის ნაშრომი არ გასწორდება.

ტესტირებაზე გამოუცხადებლობა აპლიკანტს ართმევს უფლებას, მოითხოვოს დამატებითი ტესტირების ჩატარება, მიუხედავად იმისა, ტესტირებაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო თუ არა საპატიო მიზეზით.

ტესტირების მიმდინარეობისას აპლიკანტს ეკრძალება:

ა) მობილური ტელეფონის ან სხვა ელექტრონული აპარატურის შეტანა;

ბ) ტესტირებაზე დამხმარე მასალის – სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლებისა და სხვათა ფლობა/გამოყენება. ტესტირების პრაქტიკული ნაწილის დროს დასაშვებია ცენტრის უფლებამოსილი პირის მიერ გადაცემული სუფთა თაბახის ფურცლების გამოყენება;

გ) პასუხების ფურცლის შესავსებად ამ მუხლით განსაზღვრული კალმის გარდა სხვა კალმის გამოყენება, აგრეთვე, პასუხების ფურცელზე მაიდენტიფიცირებელი ნიშნის (სახელი, ნომერი, მისამართი და სხვ.) ან რაიმე სახის ისეთი გრაფიკული გამოსახულების (ფიგურა, წარწერა და ა.შ.) დატანა, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან;

დ) ტესტირების პრაქტიკული ნაწილის დროს სახელისა და გვარის ან/და სხვა ისეთი მაიდენტიფიცირებელი ნიშნის/სიტყვის გამოყენება, რომელიც შესაძლებელს ხდის პირის იდენტიფიცირებას;

ე) გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება, სხვა აპლიკანტისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა;

ვ) სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება. სამუშაო ადგილის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ თანმხლებ პირთან ერთად;

ზ) ტესტირების წერითი ნაწილის დროს მერხზე პასუხების ფურცლის, კალმის, ცენტრის უფლებამოსილი პირის მიერ გადაცემული თაბახის ფურცლებისა და სხვა გათვალისწინებული დოკუმენტის გარდა, ხოლო ტესტირების პრაქტიკული ნაწილის დროს მერხზე კალმის, ცენტრის უფლებამოსილი პირის მიერ გადაცემული თაბახის ფურცლებისა გარდა სხვა ნივთების მოთავსება, გარდა ცენტრის მიერ ნებადართული ნივთებისა;

თ) ტესტზე მუშაობის დაწყება შესაბამისი მითითების გარეშე;

ი) ტესტირებისთვის განსაზღვრული დროის ამოწურვის შემდეგ ტესტზე მუშაობის გაგრძელება.

გამოცდიდან მოხსნა და გაფრთხილების გარეშე საგამოცდო პროცესიდან გათავისუფლება:

ზემოაღნიშნული აკრძალვების წესების დარღვევის შემთხვევაში თავდაპირველად აპლიკანტი მიიღებს გაფრთხილებას. თუ პასუხების ფურცლის შესავსებად განსაზღვრული კალმის გარდა აპლიკანტი სხვა კალმს გამოიყენებს, აგრეთვე, პასუხების ფურცელზე მაიდენტიფიცირებელი ნიშნის (სახელი, ნომერი, მისამართი და სხვ.) ან რაიმე სახის ისეთი გრაფიკული გამოსახულების (ფიგურა, წარწერა და ა.შ.) დაატანს, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან,  გაფრთხილების მიცემასთან ერთად აპლიკანტს ჩამოერთმევა პასუხების ფურცელი, რომლის ნაცვლად გადაეცემა სარეზერვო პასუხების ფურცელი.

თუკი ზემოაღნიშნული განმეორდება და ასევე მას დაერთვება გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება, ან ადგილი ექნება სხვა აპლიკანტისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლას, აპლიკანტი მოიხსნება ტესტირებიდან, რაც გაფორმდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ოქმით.

ტესტირებიდან აპლიკანტის გაფრთხილების გარეშე მოხსნა შესაძლებელია:

ა) ამ წესის ზემოთ მოცემული ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტის დარღვევის შემთხვევაში;

ბ) წესრიგის უხეში დარღვევის, საგამოცდო პროცესის მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში;

გ) ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის შემთხვევაში.

5. გაფრთხილების გარეშე აპლიკანტის ტესტირებიდან მოხსნა ფორმდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ოქმით.

6. აპლიკანტი ტესტირებიდან შესაძლოა მოიხსნას ტესტირების მიმდინარეობის დროს ან ტესტირების შემდეგ. ტესტირების შემდეგ აპლიკანტი შესაძლოა ტესტირებიდან მოიხსნას მის მიერ ტესტირების პროცედურის დარღვევის დადგენის შემთხვევაში.

7. ტესტირებიდან მოხსნის შემთხვევაში აპლიკანტის ნაშრომი არ გასწორდება.

ასევე იხილეთ:

როგორ დავრეგისტრირდეთ 2022 წლის მასწავლებლობის მსურველის ან მასწავლებლის გამოცდაზე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური