GE

„მასწავლებლის გარე შეფასების პროცესი განათლების რეალური ხარისხის დეგრადაციაა“

EDU.ARIS.GE-ს რუბრიკის „თავისუფალი ტრიბუნა“ დღევანდელი სტუმარი, სტუდენტი (ვლადიმერ) ლუკა ბერაია და წერილის ავტორი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაზე, კერძოდ კი გარე დაკვირვებაზე საუბრობს.

„დიდი ხანია, რაც ამ თემაზე მსურდა გულღია საუბარი და აი, შესაძლებლობაც მომეცა…

მსურს აღვწერო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების (ამჟამად განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის) სამინისტროს მიერ განხორციელებული ერთ-ერთი პროექტი და შევაფასო ის, რადგან ეს სამინისტრო წარმოადგენს ჩემთვის საკმაოდ მნიშვნელოვან სტრატეგიულ მექანიზმსა და მთავარ ძალას სახელმწიფოს მდგრადი განვითარების საქმეში და მსურს ჩემი მომავალი საქმიანობა სახელმწიფო მართვის სფეროში სწორედ მას დავუკავშირო. შესაბამისად, ვფიქრობ, რელევანტური იქნება ჩემი მხრიდან ამ თემაზე საუბარი.

2015 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და უშუალოდ მინისტრმა თამარ სანიკიძემ, მასწავლებელთა საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა აამოქმედა. სქემა ითვალისწინებდა (და დღემდე ითვალისწინებს) ზოგადი განათლების სფეროში დასაქმებულ პედაგოგთა პროფესიის რეგულირებას და ამასთანავე პროფესიული განვითარების შეფასების თავის მექანიზმებს. სქემა მასწავლებელთა ოთხ კატეგორიას გამოყოფს და ეს კატეგორიები იერარქიულ პრინციპს ეფუძნებიან (პრაქტიკოსი მასწავლებელი, უფროსი მასწავლებელი, წამყვანი მასწავლებელი და მენტორი). როგორც უკვე ვახსენე, კარიერული განვითარებისათვის თავისი შეფასების მექანიზმები არსებობს და ვფიქრობ, სწორედ ამ შეფასების მექანიზმშია უდიდესი პრობლემა…

აღსანიშნავია, რომ სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემდგომ (ეს გამოცდა პირველივე საფეხურზე უკვე ჩაბარებული უნდა იყოს) მოქმედებას იწყებს შიდა და გარე შეფასების მექანიზმები.

გარე შეფასება – მოიცავს საგნის გამოცდასა და გარე დაკვირვებას;

შიდა შეფასება – მოიცავს მასწავლებლის თვითშეფასებას და მასწავლებლის შეფასების  ჯგუფის მიერ მასწავლებლის შეფასებას.

სწორედ გარე შეფასების მექანიზმი წარმოადგენს ჩემთვის მიუღებელ პროცედურათა ერთიანობას… აღსანიშნავია, რომ ამ პროცედურის დროს სკოლის შიგნით იკრიბება მასწავლებელთა და სკოლის დირექციის ხუთკაციანი ჯგუფი, რომელიც აფასებს მასწავლებლის კონკრეტულ გაკვეთილს(ებს), ამ გაკვეთილისთვის მზადება კი კარგა ხნით ადრე იწყება. შეფასების ობიექტი (ანუ საგნის მასწავლებელი) უამრავ ბიუროკრატიულ პროცესში ერთვება და კლასს გარკვეული დროის განმავლობაში მუდმივად ამზადებს ერთი იდეალური გაკვეთილისთვის, რომელიც რეალურად დაზუთხულ ფრაზათა ნაკრებს წარმოადგენს და ამ ლამის ერთთვიანი (ან მეტი) მომზადების შემდეგ, ეს დადგმული გაკვეთილი გადის შემოწმებას ზემოხსენებულ ჯგუფთან, რომელიც კონკრეტულ ქულებს ანიჭებს მასწავლებელს ამ ერთი გაკვეთილისთვის და ისიც კარიერულად „ვითარდება“…

ვფიქრობ, ზემოაღნიშნული პროცესი განათლების რეალური ხარისხის დეგრადაციაა… მასწავლებელს ეხარჯება უმარავი დრო, რესურსი, რომელიც მან რეალურ სწავლებას უნდა მოახმაროს და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება შიდასახეობრივი კონკურენციის, ბრძოლის არეალს არ უნდა დაამსგავსოს. (ბუნებრივია ამაში მთავარი დამნაშავე იგი არაა). ამას გარდა, წინასწარ მომზადებული გაკვეთილი ვერ გახდება მასწავლებლის პროფესიონალიზმის პრაქტიკული შემოწმების რეალური მექანიზმი და რომ შევაჯამოთ, ეს პროცედურები ერთი დიდი სპექტაკლია, რომელშიც უმიზნოდ იხარჯება კოლოსალური თანხა, დრო და ენერგია… ყველაზე უარესი კი ისაა, რომ პროცესებმა შესაძლოა ისეთ მასწავლებლებს მიანიჭონ მაღალი რანგის სტატუსი, რომლებიც რეალურად საგანმანათლებლო საქმიანობის უფლების ღირსებიც კი არ არიან.

გავითვალისწინოთ ისიც, რომ ამ ყველაფერს არსებულ პროცესებზე პირადი შეხებითა და გამოცდილებით ვსაუბრობ და ეს არ არის თეორიული მსჯელობა…”

როგორც EDU.ARIS.GE უკვე წერდა, წელს გარე დაკვირვების გასავლელად უკვე 2 330 მასწავლებელი დარეგისტრირდა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური