GE

მასწავლებლის კრიტიკული დამოკიდებულება მოზარდის ფსიქიკას ანგრევს – ინტერვიუ ფსიქოლოგთან

2017 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა მიმართ ძალადობის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ სპეციალური ანგარიში წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც, სკოლებში ბულინგისა და ძალადობის შემთხვევები ხშირია. აღნიშულთან დაკავშირებით EDU.ARIS.GE-ს კითხვებს ფსიქოლოგმა ხათუნა აბრამიზემ უპასუხა:

-ანგარიშის მიხედვით,  საზოგადოების ნაწილი ყვრილს ძალადობად არ აღიქვამს. ფსიქოლოგიურ ჭრილში ითვლება თუ არა ძლადობად ხმამაღალი ტონით საუბარი?

-ყვირილი ემოციური ძალადობაა. მასწავლებლის კრიტიკული დამოკიდებულება პირდაპირ აისახება ბავშვის ფსიქიკაზე და ანგრევს მას. თუ ადამიანმა პედაგოგიკა იცის, ისიც უნდა ესმოდეს, რომ შეურაცხყოფა გამოსავალი არაა. მასწავლებლებს ვურჩევ, მოსწავლეებთან უფრო ფრთხილები და მშვიდები იყვნენ. თუ სწორ გზას აირჩვენ, მოზარდებთან ურთიერთობა რთული სულაც არაა.

-მოსწავლეთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მასწავლებლები ამოიჩმებენ ბავშვებს, რომელთაც გამუდმებით საყვედურობენ. რა შეიძლება იყოს ასეთი აზრის ჩამოყალიბების მიზეზი?

-თუ ბავშვი მასწავლებლისგან მხოლოდ შენიშვნებს და კრიტიკას ისმენს, რა თქმა უნდა, ის ჩათვლის, რომ ვიღაცამ ამოიჩემა. სინამდვილეში კი, საქმე ისაა, რომ მასწავლებლების ძირითადი ნაწილი ხაზს უსვამს ბავშვის მხოლოდ ცუდ საქციელს და აიგნორებს – კარგს. ინტენსიური კრიტიკა კი ბავშვის ფსიქიკის დამღუპველია.

-როგორც ომბუდსმენის ანგარიშშია ნათქვამი, ბავშვებმა გაიხსენეს შემთხვევები, როდესაც მოსწავლის სიტყვიერი დამცირება/დაცინვა პედაგოგის მხრიდან საკუთარი აზრის გამოთქმას მოჰყვა. რამდენად დასაშვებია მასწავლებლის მსგავსი დამოკიდებულება ?

-ბავშვს უნდა ჰქონდეს თავისი აზრის გამოთქმის უფლება, თუნდაც ეს არ იყოს ჭეშმარიტება. განათლების სისტემა მთლიანად შესაცვლელია. სკოლა უნდა გახდეს უფრო ლიბერალური.

-ხშირად მოძალადის როლში თავად ბავშვებიც გვხვდებიან, რა არის ამის მიზეზი? და ვის აკისრია გადამწყვეტი როლი ასეთ დროს? როგორც მოზარდები ამბობენ, კლასში დაპირისპირების დროს მასწავლებლები თავს არიდებენ ჩარევას. რამდენად გამართლებულია მასწავლების პოზიცია ასეთ დროს?

-სკოლაში ბულინგის შემთხვევებში მასწავლებლისა და ფსიქოლოგის როლი უმნიშვნელოვანესია. მათ უნდა მოისმინონ დაპირისპირებული მხარეების არგუმენტები და ამის შემდეგ ადეკვატური პასუხი უნდა გაეცეს მათ. კლასში კონფლიქტის დროს მასწავლებლის მხრიდან თავის არიდება დაუშვებელია.

ბავშვების მხრიდან გახშირებული ძალადობა გარემო პირობების – მშობლებისა და სოციუმის დამოკიდებულების ასახვაა. კვლევებმა აჩვენა, რომ აგრესორი ხდება ის, ვინც თავადაა აგრესიის მსხვერპლი. თუ ბავშვი სახლში ძალადობის მსხვერპლია, დაგროვილი ნეგატიური ენერგია თავის თანატოლზე, მასზე უფრო სუსტზე გადააქვს. ბავშვები არამხოლოდ ერთმანეთს აწვალებენ, არამედ აგრესიას ცხოველების წამებაშიც გამოხატავენ.

განსაკუთრებით იჩაგრებიან ინკლუზიური განათლების საჭიროების მქონე ბავშვები. მე სამი შვილის დედა ვარ და კრებებზე მშობლები ხშირად განიხილავენ, თუ რატომ უნდა სწავლობდნენ უნარშეზღუდულები სკოლაში.

-რა გამოსავალს ხედავთ არსებული მდგომარეობიდან?

-კარგი იქნება სკოლებში მშობელთა სკოლების დაარსება ან ერთი დღის გამოყოფა, რათა ისინი შეიკრიბონ და  პედაგოგებთან და ფსიქოლოგებთან  ერთად განიხილონ სხვდასხვა საკითხები. რაც შეეხება სკოლის ფსიქოლოგებს, ესეც ერთ-ერთი პრობლემაა, მე ვიცი, რომ არაერთი მათგანი არაპროფესიონალია.  ამასთან, აუცილებელია მშობლებისა და მასწავლებლებისთვის ფსიქოლოგიური განათლების გაღრმავება.

მოსწავლესთან ხმამაღალი საუბარი ძალადობად არ უნდა განიხილებოდეს – მუხრან გულიაშვილი

2016 წლიდან მოსწავლეზე ფიზიკური ძალადობის მიზეზით 23 მასწავლებელი გათავისუფლდა – სამინისტრო

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური