GE

მასწავლებლის მიერ 4 მოსწავლის შესაძლო ცემის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო

მასწავლებლის მიერ 4 მოსწავლის შესაძლო ჯოხით ცემის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო.

გარეჯვრის საჯარო სკოლის მასწავლებელმა 4 მოსწავლე ჯოხით სცემა, – ამის შესახებ ინფორმაციას ფოტოსთან ერთად, სოციალურ ქსელში ანონიმურად ერთ-ერთი მომხმარებელი ავრცელებს. რადიო “მოზაიკასთან” საუბრისას, გარეჯვრის საჯარო სკოლის დირექტორი, მიხეილ ბიბილაშვილი აღნიშნულ ფაქტს არც ადასტურებს და არც უარყოფს:

„არც ვადასტურებ და არც უარვყოფ, ჯერჯერობით ფაქტის მოკვლევა მიმდინარეობს“, – ამბობს სკოლის დირექტორი.

გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ნანა ტერმაკოზაშვილის თქმით, სკოლის დირექტორმა აღნიშნული ფაქტის შესახებ, დისციპლინურ კომიტეტს აცნობა.

„გუშინ გავიგე სხვა წყაროსგან ეს ამბავი, დისციპლინურ კომიტეტს გადასცა დირექტორმა და თუ ეს ფაქტი დადასტურდა, მასწავლებელი სკოლიდან გათავისუფლდება“, – ამბობს ტერმაკოზაშვილი.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის ლექსო მერებაშვილის თქმით, აღნიშნული ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, სკოლა, ისევე როგორც საგანმანათლებლო რესურსცენტრი, ვალდებულია სამართალდამდავ ორგანოებს აცნობოს.

„შემთხვევის სიმძიმიდან გამომდინარე, ფაქტის გარშემო შესაძლოა სისხლის სამართლის საქმე აღიძრას. სკოლა, ისევე როგორც რესურსცენტრი ვალდებულია სამართალდამცავ ორგანოებს აცნობოს ამ ფაქტის შესახებ“, – ამბობს მერებაშვილი.

საქართველოს ზოგადი განათლების კანონის მიხედვით, დაუშვებელია სკოლაში ძალადობა მოსწავლის ან ნებისმიერი სხვა პირის მიმართ. ფიზიკური ან/და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევაში სკოლა ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური