GE

მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულ პირთათვის 2018-19 წლისთვის გრანტის ოდენობები განისაზღვრა

მასწავლებელთა მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირებზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტი განისაზღვრა. პრემიერ-მინისტრის დადგენილებით 2018-2019 სასწავლო წლისათვის აღნიშნულ მიმართულებაზე საერთო საგრანტო თანხა 1,498,500 ლარი იქნება.

აღსანიშნავია რომ, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირზე გასაცემი გრანტის მაქსიმალური ოდენობა განსხვავებულია სასწავლო პროგრამების შესაბამისად. მაგალითად, დაწყებით ან/და საბაზო/საშუალო საფეხურზე ქართული ენასა და ლიტერატურაში სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა 2150 ლარი იქნება; გეოგრაფიაში – 2250, სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში 1900 და ა.შ.

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობა დეტალურად  ცხრილშია აღწერილი.

ამასთან დოკუმენტში აღნიშნულია, რომ თუ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი სწავლის საფასური აღემატება შესაბამისი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობას, სახელმწიფო მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სწავლის საფასურს დაფარავს მხოლოდ შესაბამისი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის ფარგლებში, სწავლის საფასურის დარჩენილი გადასახდელი ნაწილი კი პროგრამაზე ჩარიცხულმა პირმა თავად უნდა გადაიხადოს.

მასწავლებელთა 60–კრედიტიანი მომზადების პროგრამა უკვე მესამე წელია რაც მოქმედებს. მათ, ვისაც სურს პროგრამის გავლა, შესაბამისი საგნობრივი გამოცდა უნდა ჩააბაროს ან ჩაბარებული ჰქონდეს. ამის შემდეგ კიდევ ერთი შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა იმ სასწავლო დაწესებულებაში, სადაც თავად სურს გადამზადების პროგრამის გავლა. სახელმწიფო, აღნიშნულ პროგრამაში ყველაზე წარმატებულ აპლიკანტებს, სრულად დააფინანსებს. პროგრამის დასრულების შემდეგ კი მასწავლებლობის მსურველები სერტიფიკატებს მიიღებენ, რომელიც მათ საფეხურეობრივ კატეგორიაში პირდაპირ უფროსი მასწავლებლის სტატუსს მიანიჭებს და სკოლაში ერთწლიანი გამოსაცდელი ვადის შემდეგ, ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, აღნიშნული საფეხურზე დასაქმდებიან.

მასწავლებლობის მსურველთა საყურადღებოდ: დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროგრამებმა აკრედიტაცია მიიღო

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური