GE

მასწავლებლის მოთმინების ფიალა

ირმა კახურაშვილი

ალბათ, ყველა მასწავლებელს ჰქონია შემთხვევა, როდესაც მოთმინება ელევა და უარყოფითი ემოციების ტყვედ იქცევა. რა გასაკვირია – პედაგოგის პროფესია ხომ ერთ-ერთ ყველაზე სტრესულია… მარტივი ტექნიკის ცოდნა დაეხმარება მასწავლებლებს, კრიტიკულ სიტუაციაში გაღიზიანების გამოხატვისგან თავის შეკავება და გაკვეთილის მშვიდობიანად დასრულება მოახერხონ.

მოსწავლეთა მიერ გაკვეთილის ჩასაშლელად გამიზნული პროვოკაციების გარდა, მასწავლებელს მწყობრიდან გამოსვლის უამრავი მიზეზი აქვს: საკუთარი თავით უკმაყოფილება და ყოფითი პრობლემები, მცირე ანაზღაურება და ცუდი სამუშაო პირობები, კოლეგებთან კონფლიქტი და ქრონიკული დაღლილობა, ძილის უკმარისობა და არასწორი კვება. ყველაფერი ეს მასწავლებელს შენელებული მოქმედების ნაღმად აქცევს და არავინაა დაზღვეული საკლასო ოთახში მისი აფეთქებისგან.

პრობლემებით დაღლილ მასწავლებელს ხშირად ისეთი წვრილმანები აღიზიანებს, რომლებსაც სხვა დროს არც კი მიაქცევდა ყურადღებას: მოსწავლეების ხმაური, სიჯიუტე, შესვენებებზე დერეფნებში სირბილი. როგორ უნდა მოიქცეს მასწავლებელი, თუ იგრძნო, რომ მოთმინების ფიალა ევსება და სადაცაა, იფეთქებს?

უპირველეს ყოვლისა, მას უნდა ახსოვდეს, რომ ადამიანის გონება რთულ სიტუაციაშიც კი საღად მუშაობს და ყოველთვის გრძნობს, როდის უახლოვდება მისი ემოცია კრიტიკულ ზღვარს. ამ დროს აუცილებელია თავშეკავების უნარის ზედმიწევნით გააქტიურება. წარმოიდგინეთ, რას დავემსგავსებით, თუ ემოციები თავშეუკავებლად გამოვამჟღავნეთ. ლოზუნგი „მოხდეს, რაც მოსახდენია“ არ გამოგვადგება. ჩვენ ზრდასრული და დამოუკიდებელი პიროვნებები ვართ, პროფესიონალები, და თვითკონტროლი ასე ადვილად არ გვღალატობს.

მღელვარებისას სიმშვიდის დაბრუნებაში მასწავლებელს სუნთქვაზე კონცენტრირება ეხმარება. ისუნთქეთ თანაბრად და ღრმად. განეწყვეთ პოზიტიურად. ეცადეთ, საკუთარ თავს შორიდან შეხედოთ – სიბრაზის დროს ტრაგიკომიკურები ვხდებით. გადაერთეთ ფიქრით სასიამოვნო მოგონებებზე და თუ ეს გამოგივიდათ, სამსახურის შემდეგ სიმბოლურად დააჯილდოეთ საკუთარი თავი გემრიელი ნამცხვრით ან სურნელოვანი აბაზანით. თუ საკლასო ოთახში ბრაზს ვერ თოკავთ, მოიბოდიშეთ, გადით, დერეფანში გაიარ-გამოიარეთ, სახეზე გრილი წყალი შეისხით, დახიეთ რამდენიმე ფურცელი, საკლასო ოთახში კი მშვიდი და საქმიანი გამომეტყველებით დაბრუნდით.

ემოციებისა და განცდების ბოლომდე დამალვა ყოველთვის არც არის საჭირო. სიტუაციიდან გამომდინარე, შეგიძლიათ, პირდაპირ უთხრათ მოსწავლეს, რომ მისი სიტყვები შეურაცხგყოფთ ან მისი ცუდი ქცევა თქვენს განწყობაზე უარყოფითად აისახება. მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ მასწავლებელი არ არის მუდამ ერთსა და იმავე განწყობაზე მყოფი რობოტი, რომელსაც ყველანაირ აუდიტორიასთან შეუძლია მუშაობა. ბავშვებმა თქვენში ადამიანი უნდა დაინახონ, თანაც სამაგალითო ადამიანი, რომელსაც შესწევს ემოციებთან გამკლავების ძალა. თუ თქვენი გაღიზიანების მიზეზი კლასთან არ არის დაკავშირებული და პირადია, ამის შესახებ ბავშვებს ნურაფერს ეტყვით, ნურც მათზე იყრით ჯავრს.

ბრაზის შეკავება ძნელია და დიდ ძალისხმევას მოითხოვს. იმავდროულად, დააკვირდით საკუთარ თავს, რომ უარყოფითი ემოციები არ დაგიგროვდეთ, მათი გამოშვება აუცილებელია, მაგრამ ისე, რომ არავინ დააზიანოთ. სახლში მარტო დარჩენილს, შეგიძლიათ იყვიროთ, მუშტი-კრივი გაუმართოთ ბალიშს, დაამტვრიოთ ჭურჭელი. თუ ორთქლის გამოშვების ეს ხერხი არ მოგწონთ, მისდიეთ სპორტს, ივარჯიშეთ. ვარჯიში უარყოფით ემოციებს სამუდამოდ შთანთქავს.

ბრაზს ასევე კარგად ერევა კონტრასტული შხაპი, სასიამოვნო მუსიკა, მასაჟი, სუფთა ჰაერზე სეირნობა, ლაშქრობა, უსარგებლო ნივთების გადაყრა, სახლის დალაგება. ეს მეთოდები ნაცადი და მარტივია.

ბრაზსა და გაღიზიანებასთან ბრძოლის ერთ-ერთი ეფექტიანი ხერხი მის მიზეზებში ჩაღრმავებაა. დაფიქრდით, სახელდობრ რა გაღიზიანებთ და რატომ? რა იწვევს შემაწუხებელი ემოციების ტალღას? რამდენად ხშირად ღიზიანდებით? რამდენი ხანია, ასე გრძელდება? ამ კითხვებზე პასუხის პოვნის შემდეგ მოიფიქრეთ, როგორ მოიქცეთ, რომ ეს ყველაფერი მინიმუმდე დავიდეს. თუ გაღიზიანება თქვენი ფსიქიკის „ერთჯერადი აქციაა“, საქმე არც ისე ცუდად ყოფილა. ფსიქოლოგები გვირჩევენ, დავაკვირდეთ ემოციების თანმიმდევრობას – თუ სულ ერთსა და იმავე მოსწავლეს ვუბრაზდებით, საკმარისია, მისი მშობლები გამოვიძახოთ და ეს პრობლემა მოვაგვაროთ, მაგრამ თუ ყველა მოსწავლეს ეჭვის თვალით ვუყურებთ და „ყველა ნერვებს გვიშლის“, როგორც ჩანს, სპეციალისტის დახმარება თავად გვჭირდება.

მასწავლებლებს ხშირად სკოლის პრობლემებზე გადაყოლა ახასიათებთ, რის გამოც ძილის უკმარისობას განიცდიან. არ შეიძლება, ყოველ ღამე 5-6 საათი გვეძინოს. რამდენიც უნდა ვიძახოთ, რომ ეს დრო ჩვენთვის საკმარისია, ადრე თუ გვიან ორგანიზმი აგვიჯანყდება. ეცადეთ, უქმეებში 1-2 საათით მეტი იძინოთ, ძილის წინ კარგად გაანიავეთ ოთახი, ნუ ივახშმებთ მსუყედ და ნუ დალევთ ყავას დაწოლამდე ცოტა ხნით ადრე. ნუ უყურებთ კრიმინალურ ქრონიკას. ღამით ორგანიზმმა უნდა დაისვენოს.

სპეციალისტები ურჩევენ მასწავლებლებს, სრულფასოვნად იკვებონ, უარი თქვან რთულ დიეტებზე, ბევრი იარონ ფეხით და თავისუფალი დრო ხალისიან ადამიანებთან ერთად გაატარონ. აუცილებელია ვიტამინების კომპლექსის მიღებაც, განსაკუთრებით – გაზაფხულსა და შემოდგომაზე. მასწავლებლობა ისეთი პროფესიაა, რომელიც ხარისხიან დასვენებას და მუდმივ სამედიცინო კვლევებს მოითხოვს (ვთქვათ, ფარისებრი ჯირკვლისას, რომლის ზრდის მიზეზიც ხშირად ნერვული გარემოა).

პედაგოგიურ პრაქტიკაში ყველაფერი ხდება – სკოლის მასწავლებელს ურთიერთობა აქვს უამრავ ხალხთან: მოსწავლეებთან, კოლეგებთან, მშობლებთან, ამიტომ დაზღვეული არ არის კონფლიქტებისგან, უსიამოვნო სიტუაციებისგან, გაღიზიანებისგან. თუ ვინმემ თქვენი რისხვა უმიზეზოდ დაიმსახურა და ამას აცნობიერებთ, არასოდეს არის გვიანი ბოდიშის მოხდა. მერე რა, რომ ავტორიტეტული მასწავლებელი ხართ. მასწავლებელს მოსწავლისა და კლასის წინაშე ბოდიშის მოხდა ყოველთვის ეუხერხულება, მაგრამ თუ ამის საჭიროება წარმოიშვა, პროფესიონალმა პედაგოგმა ეს უნდა შეძლოს.

მასწავლებელს შეუძლია, თვითონვე გაამხნეოს საკუთარი თავი.

წაიკითხეთ ხმამაღლა:

  1. მე მაქვს რთული, მაგრამ შესანიშნავი სამსახური. სიხარულით მივდივარ სკოლაში. ხალისით ვმუშაობ. ყველაფერი კარგად გამომდის. შესანიშნავია, რომ მომავალ თაობას ვზრდი. მე ჩემი მოსწავლეების ენერგიით და ახალგაზრდობით ვიმუხტები. მე მუდამ ენერგიული და სულით ახალგაზრდა ვარ.
  2. მე მომწონს ჯანმრთელი ადამიანები. მინდა ვიყო ჯანმრთელი. ვარ ენერგიული, ჯანმრთელი, უკონფლიქტო და კომუნიკაბელური. ყოველთვის მახსოვს, რომ ჯანმრთელობას უნდა მოვუფრთხილდე. ყურადღებით ვადევნებ თვალს საკუთარ რაციონს და ვაკონტროლებ დღის რეჟიმს. ბევრს ვმოძრაობ. მოძრაობა ჯანმრთელობაა. ჩემი ჯანმრთელობა ჩემს ხელთაა. მე პასუხს ვაგებ ჩემს ჯანმრთელობაზე. მე პასუხს ვაგებ ჩემს თავზე.
  3. მე ვკითხულობ ბევრ წიგნს. ვკითხულობ პროფესიულ ლიტერატურას, რათა განვვითარდე. მინდა, მეტი ცოდნა მივცე ჩემს მოსწავლეებს. თავისუფალ დროს ვკითხულობ მხატვრულ ლიტერატურას. მე ყოველთვის ვკითხულობ.
  4. მასწავლებლის პროფესია რთულია, მაგრამ საუკეთესო. მე ღირსეულ საქმეს ვემსახურები. ვხვდები ბევრ საინტერესო ადამიანს. ჩემი პროფესიის წყალობით ბევრ სიახლეს ვიგებ. სხვებს ვასწავლი და თვითონაც ვსწავლობ. მასწავლებლობა ჩემი ცხოვრების გზაა. ჩემი ცხოვრების გზა საუკეთესოა.
  5. მე ყოველთვის პოზიტიურად ვაზროვნებ. მსიამოვნებს პოზიტიურად აზროვნება. მე ვაკავებ ნეგატიურ ფიქრებს. ვემადლიერები სამყაროს, რომ ცოცხალი ვარ, მაქვს ჯანმრთელობა, სამსახური, აზროვნების უნარი, მყავს მეგობრები, ოჯახი. ეს სამყაროს საჩუქარია. მე გამიმართლა. ბედნიერი ვარ. მე წილად მხვდა სიცოცხლე.
  6. ჩემ გარშემო არიან ადამიანები. მე ვცხოვრობ ადამიანებთან ერთად. ყველა ადამიანი განსხვავებულია და ეს ძალიან კარგია. სამყარო მაძლევს შანსს, მქონდეს ურთიერთობა სხვადასხვანაირ ადამიანებთან. მე მაქვს ამ ფუფუნების საშუალება და ამით ვსარგებლობ. მე ადამიანებით მდიდარი ადამიანი ვარ. მე მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა. მიყვარს მათთვის კომპლიმენტების თქმა. მე არავის გადაკეთებას არ ვცდილობ. აღვიქვამ სამყაროს ისეთად, როგორიც არის. ჩემთვის ეს სამყარო მისაღებია.
  7. მე ვარ გულღია, კეთილი და ოპტიმისტი. მაქვს დიდი პოტენციალი და ცხოვრიბისეული რესურსი. ამქვეყნად მე უნიკალური ვარ. ჩემ გარშემო მყოფებიც უნიკალურები არიან. მე მჯერა საკუთარი თავის და მომავლის. მე ვაკონტროლებ საკუთარ თავს და მომავალს. მე თავისუფალი ადამიანი ვარ.
  8. დღეს მე წარმატებული მასწავლებელი ვარ. მე მჯერა ჩემი შესაძლებლობების. დღევანდელ დღეს ხალისით დავიწყებ და დავასრულებ. ასე იქნება ყოველთვის, რადგან მე თვითონ ვქმნი ჩემს ცხოვრებას. მე მინდა ვიყო წარმატებული მასწავლებელი და ბედნიერი, დამოუკიდებელი პიროვნება.
  9. ყველა გაკვეთილს ენერგიულად, ოპტიმისტურად, გაღიზიანების გარეშე ვუძღვები. მე შემიძლია, ჩემს მოსწავლეებს ბევრი კარგი რამ ვასწავლო. მე მაქვს მიზანი და ორიენტირები და დაუღლელად ვისწრაფვი მათკენ. ცხოვრება საინტერესოა. მე ვტკბები ცხოვრებით. ჩემი ცხოვრება შინაარსიანია. ასეთად მე ვაქცევ. მე მიყვარს სიცოცხლე და ვაფასებ სხვების სიცოცხლეს.

„მასწავლებლის საგაკვეთილო მარგალიტები“ – პედაგოგების მიერ მოსწავლეებთან გამოყენებული მიმართვები

როგორ გავუმკლავდეთ რთულ მოსწავლეებს – 7 ნაბიჯი

წყარო: mastsavlebeli.ge

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური