GE

მასწავლებლის საგნის გამოცდის ტესტების გასწორების პრინციპი შეიცვალა – გამოცდები 2018

2018 წლის მასწავლებლის საგნის გამოცდის ნაშრომი განსხვავებული პრინციპით გასწორდება. შესაბამისი ცვლილება საგნის გამოცდის ჩატარების, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების წესში მინისტრის ბრძანების საფუძველზე განხორციელდა.

ცვლილებით განისაზღვრა, რომ ნაშრომს არა სამი არამედ ორი გამსწორებელი შეაფასებს და მეორე გამსწორებლის შეფასების შემდეგ დაწერილი ქულა საბოლოო იქნება.

„ორი დამოუკიდებელი გამსწორებლის მიერ, დამოუკიდებლად მინიმუმ ორჯერ და მეორე გასწორების შედეგად მიღებული ქულა საბოლოოა. პასუხების ფურცელში/ნაშრომში შემავალი ტესტური დავალების შეფასებაში ცენტრის მიერ დადგენილი სხვაობის შემთხვევაში შესაბამისი ტესტური დავალება იმავე წესით სწორდება განმეორებით“, – ნათქვამია ბრძანებაში.

აღნიშნულის გათვალისწინებით, კანონში ნაშრომების გასწორებისა და ტესტირების შედეგების შესახებ ქვეთავი ასე ჩამოყალიბდა:

ნაშრომების გასწორება და ტესტირების შედეგები

  1. ნაშრომები სწორდება შესაბამისი ტესტირების დასრულებიდან 60 დღის ვადაში.
  2. გამსწორებლის მიერ სწორდება მხოლოდ ნაშრომი.
  3. ტესტის შინაარსის გათვალისწინებით ნაშრომები სწორდება:

ა) კომპიუტერის და საამისოდ გამიზნული სხვა ტექნიკური საშუალებების მეშვეობით;

ბ) ორი დამოუკიდებელი გამსწორებლის მიერ, დამოუკიდებლად მინიმუმ ორჯერ და მეორე გასწორების შედეგად მიღებული ქულა საბოლოოა. პასუხების ფურცელში/ნაშრომში შემავალი ტესტური დავალების შეფასებაში ცენტრის მიერ დადგენილი სხვაობის შემთხვევაში შესაბამისი ტესტური დავალება იმავე წესით სწორდება განმეორებით. (ძველ ვერსიაში ვკითხულობდით: ორი დამოუკიდებელი გამსწორებლის მიერ, დამოუკიდებლად მინიმუმ ორჯერ. მათ შორის შეფასებაში სხვაობის შემთხვევაში, ნაშრომი სწორდება მესამე გამსწორებლის მიერ. მესამედ გასწორების შედეგად მიღებული ქულა საბოლოოა.)

  1. არ გასწორდება შემდეგი ნაშრომი:

ა) პასუხების ფურცელი/პასუხების ფურცლის ის ნაწილი, რომლის შევსებისას გამოყენებული იქნება სხვა კალამი (კალამი, რომელიც არ არის გადაცემული ცენტრის მიერ) ან რომელიც შეიცავს მაიდენტიფიცირებელ ნიშანს ან რაიმე სახის გამოსახულებას, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან;

ბ) ტესტირების პრაქტიკული ნაწილის ტესტურ დავალებაზე აპლიკანტის მიერ გაცემული პასუხი, რომელიც შეიცავს მაიდენტიფიცირებელ ნიშანს.

  1. ნაშრომი არ გასწორდება ამ წესის მე-15 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, რაც გულისხმობს ტესტირებისთვის განსაზღვრული დროის ამოწურვის შემდეგ ტესტზე მუშაობის გაგრძელებას.
  2. ტესტირებაში მიღებული ქულები, რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ დაინტერესებული პირისთვის, ქვეყნდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე.

2018 წლის მასწავლებელთა კომპეტენციების დადასტურებისა და საგნის გამოცდის ხანგრძლივობა და მაქსიმალური ქულები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური