GE

მასწავლებლის სახლის ორგანიზებით საგანმანათლებლო ტექნოლოგიების მეოთხე კონფერენცია გაიხსნა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, საგანმანათლებლო ტექნოლოგიების მეოთხე კონფერენცია გაიხსნა. კონფერენცია განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა გახსნეს.

კონფერენცია მიზნად ისახავს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციების შესახებ დაინტერესებული მხარეების ინფორმირებას, ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში გამოყენების საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაცნობასა და გაზიარებას მასწავლებლებს, ექსპერტებს, უნივერსიტეტის წარმომადგენლებსა და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს შორის.

კონფერენციის ძირითადი თემაა დისტანციური და ონლაინ სწავლება. გარდა ამისა, წარმოდგენილია სხვა თემატური მიმართულებებიც: შეფასება ტექნოლოგიების გამოყენებით; ელექტრონული ინსტრუმენტები/რესურსები; დიფერენცირებული სწავლება; ციფრული ერის შესაბამისი სკოლის დიზაინი/დაგეგმარება; სიმულაციები; სწავლების დიზაინი და მიწოდების ფორმები; წიგნიერება ციფრულ ერაში; მობილურით სწავლება; პროფესიული განვითარება; პროგრამირება; სტანდარტები და მულტიმედია რესურსები.

კონფერენციას 250 მონაწილე ჰყავს, მათ შორის პედაგოგები, დარგის ექსპერტები და ტრენერები, ასევე სკოლების, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების, საერთაშორისო ორგანიზაციების და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

კონფერენციის სპონსორები და მხარდამჭერები არიან ლიბერთი ბანკი, მაიქროსოფტ საქართველო და აიტექნიკსი, რომლებიც ორდღიანი კონფერენციის დასასრულს საუკეთესო მოხსენებების ავტორებს დააჯილდოებენ.

გასული წლების გამოცდილების გათვალისწინებითა და კონფერენციის ორგანიზატორების პროგნოზით, კონფერენცია ხელს შეუწყობს სასწავლო პროფესში ტექნოლოგიების გამოყენების ახალი სტრატეგიების ჩამოყალიბებას და განვითარებას საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური