GE

მასწავლებლის სახლმა გეოგრაფიის, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების საუკეთესო მასწავლებლები გამოავლინა

23 ოქტომბერს ისტორიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების საუკეთესო მასწავლებლები გამოვლინდნენ.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ გეოგრაფიის, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების 2019 წლის საუკეთესო მასწავლებლის კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა.

კონკურსში, რომელიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით ტარდება, მონაწილეებს ადგილობრივი და საერთაშორისო საგნობრივი სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული კომისია აფასებდა. კონკურსის სხვადასხვა ეტაპის შედეგად, კომისიამ საუკეთესო კანდიდატები შეარჩია. კომისიის წევრები დაესწრნენ თითოეული მათგანის გაკვეთილს, ჩაატარეს ინტერვიუები სასკოლო საზოგადოებისა და ადგილობრივი თემის წევრებთან, ასევე შეისწავლეს თითოეული მასწავლებლის პორტფოლიო.

კონკურსში მონაწილე 8 ფინალისტიდან გამარჯვებულად თითოეული საგნის ერთი სპეციალისტი დასახელდა, რომელთაც მასწავლებლის სახლმა სიგელები, სამკერდე ნიშნები და სახელმძღვანელოები გადასცა.

  • სამოქალაქო განათლების საუკეთესო მასწავლებელი – თემურ სუყაშვილი გახდა, (სსიპ ქ. მარნეულის N2 და N5 საჯარო სკოლა);
  • გეოგრაფიის საუკეთესო მასწავლებელი – მარინე ვართუმაშვილი (გორის N12 საჯარო სკოლა);
  • ისტორიის საუკეთესო მასწავლებლის ტიტული კი ჯაბა ლაბაძეს ერგო (ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის №2 საჯარო სკოლა).

გამარჯვებულები დააჯილდოვეს შემდეგმა ორგანიზაციებმაც: თსუ-ს გეოგრაფიის ინსტიტუტი, საქართველოს ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოება, კავშირი მდგრადი განვითარების ეკო ხედვა, შპს „დიო“, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრი, საქართველოს ეკო ტურიზმის ასოციაცია, ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაცია, ICI PARIS, Mix Travel, Jungle Fever.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2019 წელს ყველა საგანში გამოავლენს საუკეთესო მასწავლებელს. ასევე, დაგეგმილია კონკურსი „წლის საუკეთესო სკოლის დირექტორებისთვის“. ამასთან ერთად, სპეციალური ჯილდოა განკუთვნილი იმ „დამსახურებული მასწავლებლებისათვის“, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ამ პროფესიის განვითარებაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი