GE

მასწავლებლის სახლმა მასწავლებელთა მეხუთე ეროვნული კონფერენცია გამართა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებელთა მეხუთე ეროვნული კონფერენცია სახელწოდებით: „მდგრადი განვითარების მიზნები ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაში“ გამართა. კონფერენციის მიზანია მასწავლებელთა საუკეთესო გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარება, მდგრადი განვითარების მიზნების პოპულარიზაცია და ცნობიერების ამაღლება ფორმალური და არაფორმალური განათლების მიმართულებით.

კონფერენციაზე მდგრადი განვითარების მიზნების არასაგაკვეთილო და საგაკვეთილო პროცესში სწავლების მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკა 44-მა მომხსენებელმა წარმოადგინა.  მათი გამოცდილება თანამედროვე, ინოვაციურ პედაგოგიკურ მეთოდებსა და მიდგომებს ეფუძნებოდა.

კონფერენციაში მომხსენებლის სტატუსით მონაწილეობდნენ სხვადასხვა საფეხურისა და საგნის, საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლები, ასევე, სპეციალური პედაგოგებიც. გარდა ამისა, საერთო პლენარულ სხდომაზე მოხსენებები წარმოადგინეს მდგრადი განვითარების მიმართულებით მომუშავე სპეციალისტებმაც.

რაც შეეხება მდგრადი განვითარების მიზნებს, 2015 წლის 25 სექტემბერს გაეროს 193 წევრი ქვეყანა შეთანხმდა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის დოკუმენტზე, სათაურით – „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის“. დღის წესრიგი მოიცავს 17 მიზანს და 169 ამოცანას. მიზნები ორიენტირებულია მდგრადი განვითარების სამ ურთიერთდაკავშირებულ ელემენტზე: ეკონომიკური ზრდა, სოციალური ინკლუზია და გარემოს დაცვა.

მასწავლებელთა პროფესიული გავითარების ეროვნული ცენტრი უკვე მეხუთე წელია ატარებს მასწავლებელთა ყოველწლიურ ეროვნულ კონფერენციას, რომლის მიზანია მასწავლებლებს შორის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და საუკეთესო გამოცდილების გაცნობა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური