GE

მასწავლებლის სახლსა და “მინერვას” შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა

თბილისი, საქართველო, 2018 წლის 20 ოქტომბერი — მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და ქართულ-იტალიურ საგანმანათლებლო არასამთავრობო ორგანიზაცია “მინერვას” შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანია განათლების სისტემაში იტალიური ენისა და კულტურის დანერგვის ხელშეწყობა.

მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მეორანდუმს ხელი მოაწერეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ მანანა რატიანმა და “მინერვას” პრეზიდენტმა მაია ჯიჯავამ. ხელმოწერის ცერემონია გაიმართა იტალიური ენის მეთვრამეტე მსოფლიო კვირეულისადმი მიძღვნილი ვებინარის „იტალიურ-ქართული ურთიერთობები, ენა და კულტურას“ ფარგლებში, რომელიც 17 და 18 ოქტომბერს იმართება.

მემორანდუმის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ უზრუნველყონ იტალიური ენის მასწავლებელთა გადამზადება, რაც დაფუძნებული იქნება როგორც პირისპირ, ასევე, ონლაინ სწავლებაზე.

არასამთავრობო ორგანიზაცია “მინერვას” ხელმძღვანელმა აიღო ვალდებულება ცენტრთან ითანამშრომლოს ყოველწლიურად იტალიურენოვანი მოხალისე მასწავლებლების შერჩევის პროცესში ცენტრის პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ ფარგლებში. პროგრამის ფარგლებში ჩამოდიან უცხოენოვანი მოხალისე მასწავლებლები და საქართველოს სხვადასხვა საჯარო სკოლასა და პროფესიულ სასწავლებელში ასწავლიან უცხო ენებს.

პირველ ეტაპზე პროგრამასთან და მოხალისე მასწავლებლებთან ითანამშრომლებს 12 ადგილობრივი იტალიური ენის მასწავლებელი, რომლებსაც პროგრამის ფარგლებში მიეცემათ საშუალება აიმაღლონ როგორც ენობრივი კომპეტენცია, ასევე ზოგადი პროფესიული უნარები.

„ჩვენი მასწავლებლების ენობრივი კომპეტენციების გაძლიერება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია აღნიშნული მემორანდუმის. ეროვნულ სასწავლო გეგმაში არსებულ ენებს დაემატა იტალიური ენა, ეს აჩენს შესაძლებლობას მოსწავლეებმა ისწავლოს იტალიური, როგორც მეორე და მესამე უცხო ენა, ეს ხარისხიანად არ მოხდება თუ კი არ გვეყოლება შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მასწავლებლები“, – განაცხადა მანანა რატიანმა.

ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაცია ითანამშრომლებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან იტალიური ენის სასწავლებლად საჭირო სასწავლო რესურსების მოძიების საქმეში და დაეხმარება იტალიური ენის მოხალისე მასწავლებლებს სასწავლო დაწესებულებებში პედაგოგიური საქმიანობის განხორციელებაში.

ასევე მხარეები თანხმდებიან განახორციელონ იტალიურ და ქართულ სკოლების შორის გაცვლითი კულტურული პროგრამები, რაც ქვეყნებს შორის მოსწავლეების, მასწავლებლების დაახლოების და საგანმანათლებლო სისტემებში მიმდინარე პროცესების უკეთ გაცნობის შეუწყობს ხელს.

შეთანხმება ასევე გულისხმობს, მასწავლებლებისთვის ერთობლივი პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების განხორციელებას.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური