GE

მასწავლებლისა და მშობლის პოზიტიური შეფასება და მისი უპირატესობები

სხვადასხვა პროფესიონალური წყაროების დახმარებით EDU.ARIS.GEშეფასების განსხვავებული მეთოდიკის ჩვენების მიზნით, ერთმანეთს შეადარა სხვადასხვა მასწავლებლების მიერ, მოსწავლის (მე-3 და მე-4 კლასი) რვეულში გაკეთებული კომენტარები.

ამონარიდი ქართული ენის პირველი მასწავლებლის შეფასებიდან:

„ნიკას  უჭირს სიტყვის ამოკითხვა. მან დაუშვა 8 შეცდომა. ამის გამო მან მიიღო დაბალი შეფასება ტექსტის წაკითხვის დავალებაში“.

ამონარიდი ქართული ენის მეორე მასწავლებლის შეფასებიდან:

„ნიკას არ აქვს განმტკიცებული დამოუკიდებლად სწრაფად კითხვის უნარი. შესაბამისად ვერ ახერხებს მაღალი ქულების მიღებას ამ ტიპის დავალებებში. მას უნდა, რომ ისევე სწრაფად კითხულობდეს, როგორც თანაკლასელები. უშვებს შეცდომებს სიტყვების მიხვედრით დამთავრების ხარჯზე. თუმცა იგი ცნობს ყველა ასოს და უშეცდომოდ კითხულობს მარტივ, ნაცნობ სიტყვებს. რეკომენდებულია მუშაობა სახლში 3-4 მარცვლიანი სიტყვების ვიზუალური ხატის დამახსოვრების მიმართულებით“.

რა განსხვავებაა ამ 2 მასწავლებლის შეფასებას შორის?

ორივე მიუთითებს ბავშვის სუსტ მხარეზე და მის შედეგზე – ბავშვი დაბალ ქულას იღებს ამ ტიპის დავალებებში. რომელი ამონარიდი იყო თქვენთვის მეტად ინფორმაციული? რომელმა დაგანახათ მაინც სად იყო ბავშვის სუსტი მხარე და განგაწყოთ მის განვითარებაზე სამუშაოდ? სად დაინახეთ, რომ სუსტი მხარის გარდა, ბავშვს აქვს ძლიერი მხარეებიც?

თუ ყურადღებით გაეცანით ორივე ამონარიდს, მაშინ შევთანხმდებით, რომ ზემოთ მოცემულ კითხვებზე პასუხი ჩვენ მეორე მასწავლებლის შეფასებაში აღმოვაჩინეთ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის. ე.წ. პოზიტიური შეფასების მაგალითი.

რას გულისხმობს მოსწავლის პოზიტიური შეფასება?  გამოვყოთ რამდენიმე პუნქტი

  • ყურადღებას ვამახვილებთ მოსწავლის არამარტო სუსტ, არამედ ძლიერ მხარეზეც;
  • მივუთითებთ არამარტო პრობლემაზე, არამედ პრობლემის გადაჭრის გზაზე (რეკომენდაცია სუსტი მხარის განვითარებისთვის);
  • შეფასების ტექსტში სასურველია ჩანდეს, რომ მასწავლებელი მხარს უჭერს მოსწავლესა და მის მშობელს. სჯერა მათი წარმატების;
  • სასურველია, თუ შეფასებისას წინადადების ფორმულირებას ექნება მაქსიმალურად პოზიტიური სახე.

მაგალითად : „მოსწავლე ვერ ცნობს ციფრებს“.

ასე გამოიყურება მსგავსი შინაარსის დებულება პოზიტიური ფორმულირებით: „სასურველია მუშაობა ციფრების ცნობის გაუმჯობესების მიმართულებით“

მსგავსი პოზიტიური შეფასების სარგებლიანობა არ შემოიფარგლება მხოლოდ მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობით. რეკომენდებულია, რომ მშობელმა ასევე შეაფასოს ბავშვის მიღწევები თუ მარცხები.

მშობლის შეფასება:

„ეს ისევ ვერ გააკეთე. რამდენ ხანს ვიმუშავეთ ამაზე. რა გჭირს?“

„ასე თუ იმეცადინებ კლასელები გაჯობებენ და შენ ყველაზე ბოლო იქნები“

„იცოდე, მასწავლებელს ვეტყვი, რომ არ მეცადინეობ და კლასელების თვალწინ დაგტუქსავს”

მშობლის პოზიტიური შეფასება:

„ამ ტიპის დავალებების ამოხსნაზე კვლავ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, რომ დამოუკიდებლად მოახერხო შესრულება“.

შენიშვნა: სასურველია, თუ ბავშვის მიღწევას შევადარებთ საკუთრივ მისსავე მიღწევას წარსულში და არა კლასელების წარმატებას. შესაბამისად, შენიშვნა ამ გადმოსახედიდან აი ასე ჟღერს: „გუშინ უფრო დიდხანს და ყურადღებით იმუშავე ამ ტექსტის ამოკითხვაზე. მეტად კონცენტრირებული იყავი და ნაკლებ შეცდომას უშვებდი. შეეცადე უკეთ ფოკუსირდე მოცემულ დავალებაზე“

შენიშვნა: სასურველია, თუ ბავშვს მასწავლებელთან გაცხადებით არ დავემუქრებით. პირველ რიგში იმიტომ, რომ მსგავსი ფრაზით მშობელი კარგავს ავტორიტეტს ბავშვის თვალში. მოსწავლე ფიქრობს, რომ ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია მის ქცევაზე რეაგირება, ეს არის მასწავლებელი. შესაბამისად უნდა გაითვალისწინოს მხოლოდ მისი აზრი. რეკომენდებულია, თუ ბავშვის არასასურველ ქცევაზე რეაგირების სტრატეგიას თავად მოიფიქრებთ სახლში და ამას არ გადაიტანთ სასკოლო გარემოზე.

არსებობს ერთი საინტერესო მეთოდი შენიშვნის მიცემისთვის, რაც გამოსადეგია ყოველდღიურად ზრდასრულ ადამიანებთან ურთიერთობის დროს. ეს არის ე.წ. „სენდვიჩის“ მეთოდი. ეს მეთოდი გვირჩევს, რომ შენიშვნის მიცემისას დავიცვათ შემდეგი თანმიმდევრობა – დადებითი კომენტარი  შენიშვნა დადებითი კომენტარი.

მაგალითად: „დღეს ძალიან საინტერესოდ ახსენით გაკვეთილი. თუმცა ჩემი აზრით, სასურველია თუ გაამრავალფეროვნებთ ვიზუალურ თვალსაჩინოებას. მე ძალიან მიხარია, რომ ჩემს შვილს ასწავლის ის მასწავლებელი, რომელიც სწავლებისას იყენებს მულტიმოდალურ მიდგომას“.

და ბოლოს, ხშირია შემთხვევა, როცა მშობლები ან ზოგადად ზრდასრული ადამიანები ფიქრობენ, რომ ბავშვი ყურადღებას არ აქცევს მსგავს ნეგატიურ კომენტარებს. ეს ასე არ არის. სწორედ გარემოდან მიღებულ კომენტარებზე დაყრდნობით იქმნის ბავშვი წარმოდგენას საკუთარი შესაძლებლობების შესახებ. პოზიტიური შეფასება გარემომცველი უფროსების მხრიდან კი პირდაპირ კავშირშია ბავშვის ადეკვატურ თვითშეფასებასთან.

ერთად ვსწავლობთ კითხვას – სახალისო სავარჯიშოები სკოლის მოსწავლეებისთვის

მოამზადა მარიკა არევაძემ

გამოყენებული მასალები და წყაროები:

http://www.educationworld.com/a_curr/school-program-evaluation-basics.shtml

https://www.collaborativeclassroom.org/research-articles-and-papers-the-role-of-supportive-school-environments-in-promoting-academic-success

http://www.pearsoned.com/education-blog/encouraging-positive-student-engagement-and-motivation-tips-for-teachers/

http://robdkelly.com/blog/communication/the-sandwich-method-of-feedback/

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური