GE

„მასწავლებლობას ვერ ისწავლი – მე ჩემმა ჭკვიანმა მოსწავლემ დამაჯილდოვა“

თამილა აბაშია – მასწავლებელი

„უკვე საკმაო დრო გავიდა, რაც მასწავლებელი ვარ და მაინც, მგონია, რომ მასწავლებლობას ვერ ისწავლი, მასწავლებლად უნდა დაიბადო. მასწავლებლობა ნიჭია ისევე, როგორც პოეტობა, მხატვრად, ან მუსიკოსად ყოფნა.

ამდენი ხნის პრაქტიკამ მხოლოდ ერთ მარტივ ჭეშმარიტებამდე მიმიყვანა,- ყველაზე უებარი საშუალება მოზარდებსა და ზრდასრულებს შორის ბარიერის მოშლისა და ნააზრევის თავისუფლად, ბუნებრივად გადანერგვისა არის სიწრფელე, პირდაპირობა, უნიღბობა.

დღეს მეექვსე კლასელებთან სულხან-საბას „სიბრძნე სიცრუისა“-ს ვხსნიდი. რთულად მეჩვენება დღეს დიდაქტიკაზე საუბარი, მით უფრო- დიდაქტიკური აქტივობების გამოყენება. ამიტომაც სულ ვფრთხილობ. ასე იყო დღესაც. ზნეობაზე ვსაუბრობდით, განათლებაზე, თავშეკავებაზე, სიდინჯეზე, სულის განატიფებაზე, ლეონზე, რუქაზე და ასე შემდეგ. ერთმა მოსწავლემ მითხრა: -მასწავლებელო, თქვენ რომ გველაპარაკებოდით, მე ამ ფარდას ვაკვირდებოდი და იცით, რა აღმოვაჩინე? აი, ნახეთ, ფარდის დაბლა ნაწილი უფრო მუქია, თითქმის ბნელი, ზევით უფრო მეტი შუქია, სულ ზემოდან კი მზის სხივები შემოდიან!

მე მეწყინა,- ესეიგი, მე კი არ მისმენ, ფარდის ცქერით ერთობი-მეთქი!

არაო, მითხრა, მე ეს ყველაფერი თქვენს ნათქვამს დავუკავშირე და აღმოვაჩინე, რომ ჩვენ აქედან ამოვდივართ, და ფარდის ბნელი ნაწილი მაჩვენა, რომელსაც დაბლა კედელი ფარავდა, და ზევით მივდივართ, სინათლისაკენო.

ეს ბიჭუნა ყველაფერში სიმბოლოს ხედავს, სულ ცდილობს, გახსნას, ახსნას ყველაფერი. მან ჯერ არაფერი იცის ფერთა სიმბოლიკის შესახებ, მით უფრო, მისთვის სრულიად უცნობია ქართული ან მსოფლიო ესთეტიკური აზროვნების ისტორია, სწორედ ამიტომ უფრო გამახარა ამ პატარა მიგნებამ და მთელი დღის გამოსაზოგ ბედნიერებად მეყო. მოკლედ, მე დღეს ჩემმა ჭკვიანმა მოსწავლემ ლეონის სახელობის პრემიით დამაჯილდოვა, რისთვისაც უსაზღვროდ მადლიერი ვარ.

რამდენს ვუძლებთ და რა ცოტა გვყოფნის ბედნიერებისათვის, არა?!”

წერილი მოსწავლეს – „რაც აქ მიწერია ეს ყველაფერი მე შენგან გავიგე“

მადლიერება: მასწავლებლის ძლიერი იარაღი საკლასო ოთახში – პრაქტიკული მეთოდი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური