GE

მასწავლებლობის მსურველები: ბევრი პენსიონერი ტოვებს სკოლას და, იმედია, ახლებს დაგვასაქმებენ

2019 წლის ეროვნულ გამოცდებზე დღეს მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები დაწყებითი საფეხურის საგნებში (ქართული ენა და ლიტერატურა I-IV, ბუნებისმეტყველება) ადასტურებენ კომპეტენციას.

175-ე საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა მასწავლებლებმა და მასწავლებლობის მსურველებმა გამოცდა EDU.ARIS.GE-ისთან შეაფასეს.

ქრისტი მოდებაძე: “უნივერსიტეტი მაქვს ახალი დამთავრებული, დაწყებითების სპეციალობით და გადავწყვიტე გამოცდაზე გასვლა. არ იყო რთული საკითხები, ზოგადად ისეთი ინფორმაცია იყო მოცემული, მსჯელობის საშუალებითაც შეიძლებოდა პასუხის გაცემა. დროც საკმაოდ დიდი იყო მოცემული სამუშაოდ. თემა იყო ფილმიდან “მკვდარი პოეტების საზოგადოება”, ძალიან საინტერესო იყო და კარგი რეალობა იყო მოცემული. ვისაც ნანახი აქვს ეს ფილმი არ გაუჭირდებოდა, მაგრამ არც იმისთვის იქნებოდა რთული დასაწერად ვისაც ნანახი არ აქვს. ისედავ შესაძლებელი იყო გაგვერკვია, რაზე იყო და რას მიუთითებდა პედაგოგები მოსწავლეებს. ბოლო პერიოდში სამინისტროს მიერ გამოცხადებული რეფორმა მომწონს, როგორც ჩანს პედაგოგების შრომა ფასდება. დიდი სურვილი მაქვს სკოლაში დავსაქმდე, ამ ეტაპზე კონკრეტული ვაკანსია არ ვიცი, მაგრამ იმედი მაქვს გამოჩნდება”.

მაძიებელი მასწავლებელი მესტიიდან: “მესტიის რაიონიდან ვარ, ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია, ჩვენს რეგიონში ვაკანსიები არის, ამიტომ გამოვედი გამოცდაზე და იმედი მაქვს სერტიფიცირებული პედაგოგი გავხდები. ეს ტესტი საჭიროცაა და შესაბამისობაშია პროგრამასთან. რაც უნდა იცოდეს პედაგოგმა სწორედ ესაა. მათემატიკა მერთულა, ცოტა გადასული იყო დაწყებით ენის ფარგლებს, ოღონდ ყველა საკითხი არა. სხვა საგნები აბსოლუტურად შესაბამისობაში იყო”.

თამარ გიგაური: “ისეთი რთული არაფერი ყოფილა, რამდენიმე თემა იყო, რაზეც უნდა გემსჯელა. გალაკტიონის ლექსი იყო ერთი და მეორე მოთხრობა იყო არწივი და ბულბული. უნდა ამოგვეწერა აბზაცები, რომელიც ჩაგვრას ეხებოდა, საკმაოდ საინტერესო იყო. მოქმედი პედაგოგი არ ვარ, რამდენიმე წლის წინ ვმუშაობდი სკოლაში, მაგრამ ოჯახური მიზეზების გამო წამოვედი. ახლა მაქვს სურვილი რომ გავიარო ეს სერტიფიცირება და დავსაქმდე. არ მოვმზადებულვარ, რა ცოდნა და გამოცდილებაც მქონდა ამით მოვედი, რადგან ნოემბერში გასვლის უფლება მაქვს, მაინტერესებდა თემა რა იქნებოდა და ზოგადად როგორი სტილის იქნებოდა გამოცდა. ვაკანსიები ბევრია, მაგრამ აზრი არ აქვს შევსებას, მაინც როგორც უნდათ ისე აყავთ კადრები. მიუხედავად ამისა რაღაცა ხომ უნდა ეცადო ადამიანმა. დაწყებითის პედაგოგი ვარ, სოციალური ფსიქოლოგიაც დამთავრებული მაქვს, სერტიფიკატებსაც ვფლობ, მაგრამ ვერც სპეცმასწავლებლად ვერ დავიწყე მუშაობა. გასაუბრება გავიარე და აღმოჩნდა, რომ არ მიმიღეს. ასე, რომ მარტო ვაკანსიები საკმარისი არ არის. მაინც ვცდი ბედს, მოტივაციას ისიც მაძლევს, რომ ბევრი პენსიონერი პედაგოგი აპირებს სკოლის დატოვებას და უფრო გაიზრდება შანსები ახლებისთვის.”

დაწყებითების პედაგოგი მცხეთის რაიონიდან: “ზოგადად ტესტი საშუალო სირთულის იყო, პირადად მათემატიკა გამიჭირდა, ურთულესი იყო. ქართულებს ვასწავლი და მე მათემატიკა არ მჭირდებოდა. ქართულის საკითხები ნორმალური იყო, დახურული კითხვები საკმაოდ რთული აღმოჩნდა, შეცდომების გასწორება იყო ძალიან ადვილი და არგუმენტირებული ესეც. სხვა საგნების ტესტებიც ნორმალური იყო. 20 წელია სკოლაში ვმუშაობ და, ვფიქრობ, ეს გამოცდა მასწავლებელს არ სჭირდება, მაგრამ სამსახურის დაკარგვის შიშის გამო გავედი. წინასწარ არ მომვმზადებულვარ, ამის დრო არ მქონდა.”

დღევანდელი გამოცდის პირველ სესიაზე საგამოცდო ცენტრებში დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან 88%-ზე მეტი გამოცხადდა.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური