GE

მათემატიკის ახალ ამოცანებს ავტორები ერთმანეთზე ცდიან – როგორ იქმნება ეროვნულების საგამოცდო ტესტები

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, წლიდან-წლამდე გამართული და უხარვეზო ტესტების მომზადება გამოცდების ცენტრის ერთერთი ვალდებულებაა. არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როცა ამა თუ იმ გამოცდაზე გასული აბიტურიენტები ან მასწავლებლები არ ეთანხმებოდნენ დავალების ან მაგალითის ფორმულირებას ტესტებში, ან მის სწორ პასუხს აპროტესტებდნენ, რომელსაც სწორედ გამოცდების ცენტრი მიიჩნევდა მართებულად. ტესტების მომზადების პროცესზე ინფორმაცია გამოცდების ცენტრის ანგარიშში მოხვდა.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის (რომელშიც მონაწილეობას იღებენ როგორც აბიტურიენტები, მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ავტ.) შექმნილ ტესტებში მოყვანილი მაგალითებისა და ამოცანების ამოხსნა, რომელიც მაგალითად მათემატიკის გამოცდისთვის იქმნება, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მათემატიკის ჯგუფის ყველა წევრის ვალდებულებაა. ჯგუფის ყველა წევრი სათითაოდ ჯერ სატესტო დავალებას ქმნის, შემდეგ კი ერთმანეთს ამოსახსნელად წარუდგენს – ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საქმიანობის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 2021 წლის 30 დეკემბერს გამოქვეყნდა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ მათემატიკის საგამოცდო ტესტების შექმნა რთული პროცესია, რომელიც რამდენიმე ეტაპს მოიცავს. მათემატიკის ჯგუფი რამდენიმე განსხვავებული ტიპის ტესტს ქმნის. გარდა ეროვნული გამოცდებისთვის გათვალისწინებული ტესტებისა, იქმნება ტესტები პედაგოგების კომპეტენციის დასადასტურებელი გამოცდისთვის, პროფესიული სასწავლებლებისთვის, სპეციალური სკოლებისთვის, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისათვის, საკვლევი ტესტები და ა. შ.

პირველ ეტაპზე, წინა გამოცდების ჩატარებისას მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით დგინდება საგამოცდო ტესტის სტრუქტურა და იქმნება სპეციფიკაციის მატრიცა, რაც მოიცავს ტესტის დავალებების რაოდენობის შერჩევას და მომავალ ტესტში მათ განაწილებას თემატიკისა და სირთულის დონის მიხედვით. საჭიროების შემთხვევაში ხდება საგამოცდო პროგრამაში ცვლილებების შეტანა. კიდევ ერთხელ მოწმდება მისი შესაბამისობა ეროვნულ სასწავლო გეგმასთან.

შემდეგ ეტაპზე მათემატიკის ჯგუფის თითოეული წევრი იწყებს სატესტო დავალებების შექმნას. საგამოცდო ტესტის ყოველი დავალება უნდა აკმაყოფილებდეს საგამოცდო ტესტის სტრუქტურით და სპეციფიკაციის მატრიცით განპირობებულ მოთხოვნებს სირთულის, თემატიკისა და ფორმის მიმართ. ამასთან ყოველი შერჩეული დავალებისთვის წინასწარ გათვალისწინებულია მისი ადგილი საგამოცდო ტესტში.

ჯგუფის ყველა წევრი ხსნის ყველა წარმოდგენილ დავალებას და აფასებს, თუ რამდენად შეესაბამება ის წაყენებულ მოთხოვნებს. თავის მოსაზრებებს ის აცნობს მათემატიკის ჯგუფს. მათემატიკის ჯგუფის შეკრებებზე ხდება წარმოდგენილი დავალებების ყოველმხრივი ანალიზი, რომლის მიზანია დაადგინოს, რამდენად შეესაბამება დავალება საგამოცდო პროგრამას, ხომ არ შეიცავს ის ფაქტიურ ან ლოგიკურ შეცდომებს, არის თუ არა დავალების ტექსტი ადვილად და ცალსახად გასაგები, ხომ არ არსებობს ამოხსნა, რომელიც არ არის გათვალისწინებული მისი შემდგენლის მიერ და ცვლის ამ დავალების გათვალისწინებული სირთულის დონეს. ღია დავალებების შემთხვევაში დავალებასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს მისი შეფასების სქემაც, რომელიც დავალების დეტალურ ანალიზს მოითხოვს. საგამოცდო ტესტის შექმნის შემდეგ იწყება შექმნილი ტესტის ანალიზი. ჯგუფის თითოეული წევრი კიდევ ერთხელ ხსნის და აფასებს ტესტის ყველა დავალებას, რადგან, როგორც წესი, იქმნება ტესტის რამდენიმე ძირითადი და სათადარიგო ვარიანტი.

საბოლოოდ შედგენილი ტესტები ითარგმნება რუსულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. მათემატიკის ჯგუფი თავად თარგმნის ტესტს რუსულად და აკონტროლებს სომხურ და აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნას, რათა თარგმანი შეესაბამებოდეს დედანს.

ისტორიის საგამოცდო ტესტი, სანამ საბოლოო სახეს მიიღებს, ასევე დიდ გზას გადის: საგამოცდო პროგრამის შემუშავება, ტესტის ფორმატის დადგენა, ტესტური დავალებების შედგენა, მისი საგამოცდო ფორმატში აწყობა (როგორც ძირითადი, ისე სათადარიგო ვარიანტების), რედაქტირება, აზერბაიჯანულ, სომხურ, რუსულ ენებზე თარგმნა, პასუხების ფურცლების გამზადება, ტესტების სპეციალური საჭიროების მქონე აპლიკანტებისათვის ადაპტირება (ბრაილისა და ხმოვანი პროგრამებისათვის მორგება), შეფასების სქემების მომზადება, გამსწორებელთა ტრენინგები… შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ანგარიშში ნათქვამია, რომ გამოცდების დასრულებას მოჰყვება ასევე ძალზე საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი ეტაპი – აბიტურიენტთა ნაწერების შეფასების პროცესი და სააპელაციო განაცხადების განხილვები. საბოლოოდ, ეს ხანგრძლივი გზა შედეგების შეჯამებით, ტესტების ფსიქომეტრული ანალიზის განხილვით სრულდება, რათა მომავალში გაითვალისწინონ ის პრობლემები თუ დაკვირვებები, რომლებიც კონკრეტულმა საგამოცდო წელმა მოიტანა.

„ნაეკის“ ანგარიშის თანახმად, 2021 წელს, გამოცდების ცენტრის უცხო ენების ჯგუფს მოუწია უპრეცედენტოდ ბევრი რაოდენობის, 20 საგამოცდო ტესტების მომზადება, რომელთაგან 13 აბიტურიენტებისათვის (დამატებითი სესიების ჩათვლით) და 7 – მასწავლებლებისათვის იყო განკუთვნილი.

უცხო ენების ტესტების შექმნის გზა ასეთია:

  • იქმნება ტესტის აღწერილობა ანუ მისი სპეციფიკაციები, სადაც დეტალურად არის გაწერილი ტესტის ფორმატი და შინაარსობრივი მხარე, ასევე პროცენტული გადანაწილება სხვადასხვა ტიპის და მიზნის დავალებებს შორის;
  • იქმნება შეფასების სქემები, ხდება მათი მრავალგზის პილოტირება და რევიზია;
  • იქმნება დავალებების ბანკი. ბანკის დავალებებზე ჯგუფის წევრები მთელი წლის განმავლობაში მუშაობენ. დავალებების ბანკის თითოეულ დავალებას ჯგუფის წევრები დაახლოებით 10-15-ჯერ უკეთებენ რედაქტირებას.

სანამ დავალება საგამოცდო ფორმატისათვის მზად იქნება, იგი გადის მრავალჯერად რედაქტირებას და განახლებას, ასევე პილოტირებას. უცხო ენების ჯგუფი ყოველწლიურად ამზადებს და აპილოტირებს 100-ზე მეტი კითხვის, წერისა და მოსმენის დავალებასა და 500-ზე მეტ საკითხს. დავალებების სირთულის დონეებისა და სხვა პარამეტრების გათვალისწინებით, „იკინძება“ ტესტის საგამოცდო ვარიანტი/ვარიანტები. ჯგუფი მუშაობს საბოლოო პასუხებზე და შეფასების სქემებზე, ტესტების საგამოცდო ვარიანტებს კითხულობენ უცხოელი ექსპერტები; უცხოელი ექსპერტები მოსმენის დავალებებს წერენ.

„ტესტების შექმნის ეს საბოლოო ეტაპი არის ძალიან ხანგრძლივი, შრომატევადი და საპასუხისმგებლო“, – წერია ანგარიშში.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

რა უნდა იცოდნენ აბიტურიენტებმა და როგორი მიდგომით შეფასდება 2022 წელს ქართულის ტესტები ეროვნულ გამოცდებზე – რეკომენდაციები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური