GE

მე-11 და მე-12 კლასის წარჩინებული მოსწავლეები ფულად ჯილდოს თვითმმართველობებისგან მიიღებენ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ბ“ პუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების საფუძველზე, მუნიციპალიტეტები მაღალი აკადემიური მოსწრების უფროსკლასელებს ერთჯერად ფულად ჯილდოს გადასცემენ. „განათლების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ფულადი ჯილდოს გაცემის შესახებ დადგენილება უკვე დამტკიცდა მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ზოგადი განათლების ხელშეწყობის მუხლის საფუძველზე და სავარაუდოდ ანალოგიურ დადგენილებას შეიმუშავებენ სხვა მუნიციპალიტეტებიც.

განათლების მხარდაჭერის პროგრამა (ტექსტში შემდგომში – პროგრამა) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საფუძველზე და მისი მიზანია, განათლების პოპულარიზაციის ხელშეწყობა, განათლების სფეროს მხარდაჭერა და მოსწავლეთა წახალისება, ერთჯერადი ფულადი ჯილდოს გაცემის სახით.

ვინ მიიღებს ფულად ჯილდოს:

პროგრამა ვრცელდება საჯარო სკოლების მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებზე, რომელთაც აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება (ამ შემთხვევაში მცხეთის მუნიციპალიტეტი. ავტ.).

ამ პროგრამის მიზნებისთვის, მაღალ აკადემიურ მოსწრებად ჩაითვლება – სასწავლო წლის ყოველი სემესტრის დამთავრება ყველა საგანში წარჩინებული – 9,8-დან – 10 ქულამდე შეფასებით.

ერთჯერადი ფულადი ჯილდოს გაცემა ხდება სასწავლო წლის ყოველი სემესტრის ბოლოს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, უნაღდო ანაგარიშსწორების ფორმით.

ფულადი ჯილდოს გაცემის წესი:

1. ფულადი ჯილდოს მისაღებად, პროგრამით მოსარგებლე პირმა ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა, მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;

გ) კანონიერი წარმომადგენლის მიერ განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში, მოსწავლის დაბადების მოწმობა და საკუთარი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;

დ) იმ შემთხვევაში თუ, კანონიერ წარმომადგენელს ამგვარი უფლებამოსილება მინიჭებული აქვს სასამართლოს გადაწყვეტილებით, კანონიერი წარმომადგენლის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) საბანკო ანგარიშის ნომერი;

ვ) სკოლის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება მოსწავლის მაღალი აკადემიური მოსწრება ყოველი სემესტრის ბოლოს.

ჯილდოს მიღების პროცედურა:

განცხადებას და თანდართულ დოკუმენტაციას იხილავს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების და კულტურის განყოფილება. იმ შემთხვევაში თუ, წარმოდგენილი განცხადება და დოკუმენტაცია შესაბამისობაშია პროგრამით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, მოხსენებითი ბარათით მიმართავს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერს, ფულადი ჯილდოს გაცემის მიზანშეწონილობის შესახებ. დოკუმენტაციის განხილვისას ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, განმცხადებელს განესაზღვრება გონივრული ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, მიიღება გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

იმ შემთხვევაში თუ, წარმოდგენილი დოკუმენტაციით არ დასტურდება მოსწავლის მიერ მაღალი აკადემიური მოსწრების ფაქტი, განათლების და კულტურის განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, ამზადებს დასაბუთებულ მოხსენებით ბარათს ფულადი ჯილდოს გაცემაზე უარის თქმის შესახებ.

გადაწყვეტილებას, ფულადი ჯილდოს გაცემის შესახებ, იღებს მუნიციპალიტეტის მერი, რაზედაც გამოსცემს ბრძანებას. (ამ შემთხვევაში მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი. ავტ.)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური