GE

„მე-7, მე-8 კლასი ამ მხრივ ყველაზე კრიტიკულია“ – ფსიქოლოგი სწავლისადმი ინტერესსა და ინტერნეტდამოკიდებულებაზე

ფსიქოლოგი ირინა ტაბუციძე ამბობს, რომ მოზარდებში მე-7, მე-8 კლასი ყველაზე რთული პერიოდია, ამ დროს მათთან განსაკუთრებული ურთიერთობის დამყარებაა საჭირო და ქცევის ცვლილებაზე მშობლებმა არ უნდა ინერვიულონ.

„გარდამავალ ასაკში ძალიან სერიოზული შინაგანი ძვრები მიდის, ფსიქოლოგიურ, ემოციურ დონეზე, ასევე ჰორმონალური, ფიზიოლოგიური და სხვადასხვა ცვლილებები. ფსიქოლოგები ხშირად ამბობენ წარმოიდგინეთ რაც შენდებოდა თითქოს დაინგრა და თავიდან უნდა აშენდეს პიროვნებაო, ეს მეტაფორაა, მაგრამ ბავშვს საკუთარ ემოციებთანაც საოცარი გაუცხოება აქვს. მასწავლებლებმა პრინციპში კარგად იციან მე-7, მე-8 კლასი ამ მხრივ ყველაზე კრიტიკულია ხოლმე. ამ პერიოდში სწავლისადმი ინტერესის გაჩენა ძალიან რთულია, მარტო ერთეულები ახერხებენ. როგორც წესი, ბავშვებს აქვთ ქაოსური მდგომარეობა, რა უნდათ თითონაც არ იციან, ან სკოლაში რას აკეთებენ, უფრო თანატოლებთან ურთიერთობაზე არიან გადართულები, კომპიუტერი და ინტერნეტი ცალკე თავის როლს თამაშობს.

„მშობელმა უნდა მიაღწიოს იმას, რომ ბავშვს გაუჩნდეს ინტერესები, ყველა გაკვეთილს კარგად სწავლობდეს კი არა, რაღაცა მაინც ჰქონდეს გატაცება რაშიც მეტ ინფორმაციას იპოვის. შეიძლება რაღაც თემატური წრეები ვუპოვოთ, იქ მივიყვანოთ სადაც თავისნაირ დაინტერესებულ ბავშვებს ნახავს. ამ ასაკში რთულია მიაღწიო ბავშვი იჯდეს და როგორც ადრე, კარგად მეცადინეობდა, ეს შედეგი მივიღოთ. ცოტა ხანს ვაცალოთ, თუ სულ მთლიანად გაგვექცა სადავეები ხელიდან ესეც ცუდია. ბავშვი, რომელიც საერთოდ არაფერს არ სწავლობს 2-3 წლის მანძილზე შემდეგ ნულიდან დაწყება, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია ამისკენ არ მოგიწოდებთ, მაგრამ ეს შფოთვა რაც ახლავს მშობლებს ამ ასაკში ცოტა გადამეტებულია. მგონია, რომ ცოტა უნდა დავაცადოთ, როგორც კი ცოტა უფრო შეარბილებთ მიდგომას, სხვა კუთხით წაიყვანთ ინტერესებს, როგორ წესი ბრუნდებიან ძირეულ ინტერსებთან და სხვანაირად მიდის პროცესები. საგანგაშო არ არის, ცოტა ბავშვებსაც გავუგოთ“, – ამბობს ფსიქოლოგი.

მისივე თქმით, დღევანდელი მოზარდების პრობლემა განსაკუთრებით იზოლაციის პირობებში ინტერნეტდამოკიდებულებაა, მაგრამ ტელეფონის, ან კომპიუტერის გადასაგდებად მათ ალტერნატიული და უფრო საინტერესო შეთავაზება უნდა მიიღონ.

„ინტერნეტდამოკიდებულება ჩვენი ეპოქის მოვლენაა ვერაფერს ვერ იზამ, რას სთავაზობთ ამაზე უკეთესს მოდი ამაზეც დავფიქრდეთ. კარგი ჩამოვართვით ყველანაირი ტელეფონი, კომპიუტერი, გაჯეტი ბავშვს მერე? რას ვთავაზობთ? ვაკვირდები, რომ პატარა ასაკის ბავშვები ისეთი აზარტით ვეღარ თამაშობენ, რაც ადრე მინახავს, სამაგიეროდ საკმარისია ტელეფონი დაანახო, შეუძლია 15-20 წუთი გადაბმულად უყუროს, არ არის კარგი და უნდა მოვარიდოთ.  მაგრამ ეს თაობა უკვე სხვა რეალობაში დაბადებული და გაზრდილია. ისინი კი არა ჩვენი თაობაც მიჯაჭვულები ვართ ინტერნეტს, მით უმეტეს, ამ კარანტინის პირობებში. ამიტომ სანამ ჩხუბს დავიწყებთ რომ მოვაცილოთ კომპიუტერს, ვიფიქროთ მერე რა ვქნათ? სხვა ასპექტიცაა, თუ ბავშვი ძალიან დამოკიდებულია ინტერნეტზე და სხვა რამით არ ინტერესდება, მაშინ იქ ვასწავლოთ რაღაც მაგალითად პროგრამირება, ანიმაციის შექმნა. დიდი არჩევანი ჩვენს ქვეყანაში არ არის, მაგრამ რაღაცეების პოვნა მაინც შეიძლება. ასევე არის სტრატეგიული თამაშები, რომლებიც სხვაგვარად ავითარებს ტვინს და არაა ის, რომ მხოლოდ თამაშობს და ერთობა. ამას ვერ ავიცილებთ, ოდესღაც წიგნების ბეჭდვას ებრძოდნენ, ოდესღაც ტელევიზორს ებრძოდნენ, ასეთი დახურულ კარებთან დგომა არ ამართლებს არანაირად არც ერთ ეპოქაში და არც ერთ თაობაში“, – ამბობს ირინა ტაბუციძე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური