GE

„მე მინდა, რომ ადამიანები მასწავლებლებს აფასებდნენ“ – ამერიკის პირველი ლედი პედაგოგია

ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პირველი ლედი პროფესიით მასწავლებელია. მან, ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყების მიუხედავად, საკუთარ საქმიანობას თავი არ დაანება და საზოგადოებრივ კოლეჯში სწავლება განაგრძო. ქვეყნის ისტორიაში ეს პირველი პრეცედენტია, რითაც ჯილ ბაიდენმა საფუძველი ჩაუყარა პირველი ლედის როლის მოდერნიზებას.

მაგალითად, ელეონორა რუზველტს პირველი ლედის წოდების მოპოვება არასოდეს სურდა. მას, რა თქმა უნდა, გაუხარდა, როდესაც 1932 წელს მისი მეუღლე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად აირჩიეს. თუმცა ელეონორა ხვდებოდა, რომ რამდენიმე თვეში, როდესაც ის საცხოვრებლად თეთრ სახლში გადავიდოდა, მას პედაგოგიური საქმინობისთვის თავის დანებება მოუწევდა.

თითქმის ცხრა ათწლეულის შემდეგ, ჯილ ბაიდენი, რომელიც იმავე პროფესიის წარმომადგენელია აცხადებს, რომ ის სულ სხვა არჩევანს გააკეთებს. მან თავისი კარიერა 1970-იან წლებში დაიწყო და მოზარდების ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, საშუალო სკოლებსა და საზოგადოებრივ კოლეჯებში ინგლისური ენის მასწავლებლად მუშაობდა. ამავდროულად, მან მაგისტრის ორი ხარისხი და განათლების დოქტორის წოდება მიიღო.

ჯილ ბაიდენმა თავისი პროფესიული საქმიანობა არც მაშინ შეწყვიტა, როდესაც მისმა ქმარმა ვიცე-პრეზიდენტის პოსტი დაიკავა. ის საკლასო ოთახში ინაუგურაციიდან რამდენიმე დღეში დაბრუნდა და თავისი ორი სამყაროს შეთავსებას იდეალურად ახერხებდა. მას გამოსაცვლელი ტანსაცმელი ყოველთვის თან დაჰქონდა, რათა კამპუსიდან პირდაპირ სახელმწიფო ვახშამზე წასულიყო. როდესაც მოსწავლეები მას ეკითხებოდნენ, იყო თუ არა ის ვიცე-პრეზიდენტის მეუღლე, ჯილ ბაიდენი პასუხობდა, რომ ის მისი შორეული ნათესავი იყო.

ყველა წინამორბედი პირველი ლედისგან განსხვავებით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მეუღლემ განაცხადა, რომ თავის სამსახურს სრულ განაკვეთზე შეინარჩუნებს.

„მე სწავლების გაგრძელებას ვაპირებ, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე მინდა, რომ ადამიანები მასწავლებლებს აფასებდნენ“, – განაცხადა მან CBS Sunday Morning – სთვის მიცემულ ინტერვიუში.

ჯილ ბაიდენის კარიერული ამბიციები ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, ვინაიდან 1950-იანი წლების ბოლოდან თეთრ სახლს ,,ტრადიციული ოჯახები“ იკავებდნენ. ეს იყო ჰეტეროსექსუალური ოჯახი, შვილებით, სადაც ქმარი საზოგადოებრივ სფეროში მოღვაწეობს და ოჯახის შემოსავალზე ზრუნავს. ცოლის როლი კი საყოფაცხოვრებო საკითხებით, საკვების დაგეგმარებით დაწყებული და საშობაო დეკორაციებით დასრულებული, იყო დაკავებული.

თუმცა 1960-იანი წლებიდან, როდესაც ფემინისტურმა მოძრაობამ აღმაფრენა დაიწყო, ,,ეიზენჰაურეის მოდელი“ მოძველებული აღმოჩნდა და ქვეყნის მომდევნო პრეზიდენტების მეუღლეებმა პირველი ლედის როლების საზღვრების გაფართოება დაიწყეს.

ჟაკლინ კენედი, რომელიც თავისი დახვეწილი გემოვნებით გამოირჩეოდა, თეთრი სახლის ,,ამერიკის ხელოვნებისა და ისტორიის ნიმუშად“ გადაკეთება გადაწყვიტა. ის ანტიკვარულ ნივთებსა და სამხატვრო კოლექციებს კურირებდა. ქვეყნის პირველი ლედი ნაციონალურ ტელეარხზე თეთრ სახლში ექსკურსიებს მართავდა. ჟაკლინ კენედი იყო პირველი, ვისაც ფორმალური პროექტი ჰქონდა, თუმცა ის მაინც საყოფაცხოვრებო სფეროს ეხებოდა.

1970-იანი წლებიდან, როდესაც ქალებმა მეტი თავისუფლება მოიპოვეს და უკეთესი განათლების მიღება დაიწყეს, მომუშავეთა დიდ წილ სწორედ ისინი შეადგენდნენ. ტრადიციული მოლოდინი, რომ ქუსლიანი ფეხსაცმლითა და მარგალიტებით გამოწყობილი პირველი ლედი თავის მეუღლეს მხარს დაუჭერს, დღემდე ვრცელდება. აღსანიშნავია, რომ ისტორიაში პირველად, ქვეყნის პრეზიდენტის მეუღლე საზოგადოებაში შარვალში გამოწყობილი 1970-იან წლებში გამოჩნდა. ეს თამამი ნაბიჯი პეტ ნიქსონმა გადადგა.

ჰილარი კლინტონი, რომელიც 26 წლის ასაკში ადვოკატად უოტერგეიტის კომიტეტში მუშაობდა და სოლიდული შემოსავალი ჰქონდა, მეუღლის საქმიანობის გამო, იძულებული გახდა იმიჯი შეერბილებინა.

ქვეყანაში ფემინისტური მოძრაობის გაძლიერების მიუხედავად, ამერიკელი ამომრჩევლის უმრავლესობა მხარს ე.წ. ტრადიციულ საოჯახო ღირებულებებს უჭერდა. შეერთებულ შტატებში განქორწინებულ კანდიდატს ხმა მხოლოდ ორჯერ: 1980 წელს რონალდ რეიგანს და 2016 წელს დონალდ ტრამპს მისცეს. მათ თავის მხრივ დიდი ყურადღება კონსერვატორულ რწმენებსა და პატრიარქალურ რწმენებს დაუთმეს.

ექსპერტების აზრით, ჯილ ბაიდენის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყნის პირველ ლედისა და რიგით ამერიკელ ქალებს შორის არსებული განხეთქილების აღმოფხვრა დაიწყება. ისინი ასევე იმედოვნებენ, რომ ამ ნაბიჯით ქვეყნის პირველი ლედის ახალი მოდელის ფორმირებას ჩაეყრება საფუძველი.

მომზადებულია nytimes.com-ზე დაყრდნობით

მოამზადა თეა ინაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური