GE

„მექანიკური შეცდომა“ – ბსუ-ში სტუდენტები მაგისტრატურის საფასურს წლების განმავლობაში ზედმეტად იხდიდნენ

„უნივერსიტეტმა კანონდარღვევით, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების გარეშე, სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის საფასური 2011 წლიდან განსაზღვრა 2,500 ლარისა და 2,750 ლარის ოდენობით“,- ეს ამონარიდია სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან. საქმე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეხება.

მაკონტროლებელმა ორგანომ ბსუ-ს 2018-2019 წლების შესაბამისობის აუდიტში რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარვეზი აღმოაჩინა. სამაგისტრო პროგრამებზე წლების განმავლობაში სტუდენტების მიერ ზედმეტად გადახდილი ასეულობით ათასი ლარი შესწავლილი დარღვევებიდან ერთ-ერთია.

აუდიტის სამსახურის დასკვნის თანახმად, 2011 წლიდან 2021 წლამდე 653-მა სტუდენტმა ზედმეტად, ჯამში 332 000 ლარი გადაიხადა. ამ რეალობის წინაშე კი სტუდენტები იმიტომ დადგნენ, რომ უნივერსიტეტმა კანონს გვერდი აუარა და მაგისტრატურის საფასური მთავრობასთან შეთანხმების გარეშე, საკუთარი ნებით განსაზღვრა.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში 2011 წელს განხორციელებული ცვლილებების თანახმად, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის საფასური შეიძლება აღემატებოდეს სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის თანხის ოდენობას, მხოლოდ საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით. გრანტის ოდენობა განსაზღვრული იყო 2 250 ლარით“, – წერია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში.

EDU.ARIS.GE დაინტერესდა, რატომ იხდიდნენ სტუდენტები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურის თანხას ზედმეტად წლების განმავლობაში. ამ კითხვით ბსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ნიკოლოზ ჩხარტიშვილს მივმართეთ. ჩხარტიშვილი ამ ფაქტს მექანიკურ შეცდომას უწოდებს. აქვე განმარტავს, რომ პრობლემა უნივერსიტეტში 10 წლის კი არა, მხოლოდ 7 წლის განმავლობაში იდგა.

„არა, 10 წელი არ იყო. დაახლოებით, 7 წლის განმავლობაში ხდებოდა ეს. მექანიკური შეცდომა გაიპარა და ეს ინფორმაცია არ მოსულა ჩვენამდე. სამწუხაროდ, ამ მექანიკურმა შეცდომამ ცუდი შედეგი მოიტანა. თუმცა ის სრულიად მექანიკური იყო. დღეისთვის ეს ხარვეზები უნივერსიტეტის რეაგირების ნაწილში არის სრულად აღმოფხვრილი. უნივერსიტეტმა თანხა ყველა სტუდენტს უკან დაუბრუნა. ჩემი საქმიანობის პერიოდში მოხდა ამის სრულად გადახდა“,- აღნიშნავს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

ნიკოლოზ ჩხარტიშვილს ვთხოვეთ დაეზუსტებინა, რა სახის იყო მექანიკური შეცდომა, რომლის გამოც რამდენიმე წლის განმავლობაში რამდენიმე ასეული სტუდენტი ზედმეტად იხდიდა სწავლის საფასურს. მის პასუხს თუ მივყვებით, ყველაფერი არასწორი შიდა კომუნიკაციის ბრალი იყო. როგორც ჩანს, 2011 წელს ბსუ-ში მაგისტრატურის გადასახადი მხოლოდ მთავრობასთან კი არა, თავად უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან შეთანხმების გარეშე განისაზღვრა.

„საფასურის ნაწილში უნივერსიტეტში მაშინ არ იყო სწორი კომუნიკაცია. შიდა უწყებებს შორის არ იყო კომუნიკაცია“, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან ნიკოლოზ ჩხარტიშვილი.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფინანსური პრობლემები ამით არ სრულდება. 2018-2019 წლების შესაბამისობის აუდიტის მიხედვით, დარღვევები ვლინდება უცხოელი სტუდენტების სწავლის საფასურის გადახდის პროცესშიც. ამ თემაზე EDU.ARIS.GE უფრო ვრცლად მომდევნო სტატიაში მოგიყვებათ.

მოამზადა მარიამ ვაჩნაძემ

ამავე თემაზე:

მილიონნახევრიანი დავალიანების მიუხედავად ბსუ-ში უცხოელ სტუდენტებს სტატუსი არ შეუჩერდათ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური