GE

,,მეტი სტუდენტი მეტ ფულს ნიშნავს“ – რის მიხედვით საზღვრავენ უნივერსიტეტები მისაღები სტუდენტების რაოდენობას?

დასაქმება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა. უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულები ხშირად საუბრობენ შრომის ბაზარზე მათი პროფესიების არამოთხოვნადობის შესახებ. ახალგაზრდების უმრავლესობას, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, თავის პროფესიასთან შეხებაც აღარ აქვს. ისინი სულ სხვა მიმართულებით საქმდებიან ან საერთოდ ვერ საქმდებიან. რატომ ვერ იყენებს უმაღლესი განათლების მქონე პირი თავის ცოდნას პრაქტიკაში და სად უნდა ვეძიოთ პრობლემის სათავე?! განათლებისა და შრომის ბაზრის ურთიერთმიმართებაზე EDU.ARIS. GE განათლების მეცნიერებათა მაგისტრს, სანდრო ტაბატაძეს ესაუბრა.

– ხდება თუ არა უნივერსიტეტების მხრიდან პროგრამებზე მიღებულ სტუდენტთა რაოდენობის განსაზღვრისას შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინება?

– სახელმწიფო კანონმდებლობის მიხედვით, აკრედიტაციის მისაღებად უნივერსიტეტებმა უნდა წარადგინონ საგანმანათლებლო პროგრამის დაგეგმვისა და შემუშავების მეთოდოლოგია, სადაც უნდა იყოს გაწერილი, თუ როგორ დგინდება სტუდენტთა კონტინგენტი რაოდენობრივად. ფორმალურად, ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელსაც გავლილი აქვს აკრედიტაცია, წარმოდგენილი აქვს შრომის ბაზრის კვლევის ანალიზი დარგობრივად. თუმცა, მე თავად ვყოფილვარ რამდენიმე პროგრამის შემუშავებასა და შეფასებაში ჩართული და შემიძლია გითხრათ, რომ უნივერსიტეტების მხრიდან წარმოდგენილი მეთოდოლოგიები იმდენად ზოგადია, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება პროგრამამ ის თავის ინტერესებს მოარგოს. ცოტა შემხვედრია ისეთი პროგრამა, რომლის ანალიზშიც ფოკუსი არის სტუდენტთა რაოდენობის ახსნაზე. ასე მაგალითად, რამდენი გეოლოგი სჭირდება ქვეყანას, რამდენი სოციოლოგი და ა.შ. თუმცა, აქ მივდივართ ერთ არსებით საკითხამდე – სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის, პრინციპში, ისევე, როგორც კერძო უნივერსიტეტებისთვის, დაფინანსების უდიდესი ნაწილი სტუდენტების მიერ შემოტანილი თანხაა. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, რაც უფრო მეტი სტუდენტი ჰყავს პროგრამას, მით უფრო მეტი შემოსავალი აქვს მას. მეტი სტუდენტი მეტ ფულს ნიშნავს. და რადგან ჩვენი სსიპ-ები ორიენტირებული არიან მოგებაზე, ბუნებრივია, მისაღები სტუდენტების რაოდენობაც სწორედ ამ პრინციპით განისაზღვრება.

– არის თუ არა უნივერსიტეტების პასუხისმგებლობა შრომის ბაზრისთვის სასურველი მუშახელის მომზადება?

– უნივერსიტეტს სამი ძირითადი მისია აქვს: სწავლება, მეცნიერება-კვლევა და საზოგადოებრივი კონტრიბუცია. ამ უკანასკნელში შედის შრომის ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილებაც. თუმცა, ჩემი აზრით, აღნიშნული პასუხისმგებლობა სწავლების სხვადასხვა საფეხურზე განსხვავებულია. პირადად მე ვფიქრობ, რომ საბაკალავრო სწავლება შესაძლოა ყოველთვის არ შეესაბამებოდეს შრომის ბაზრის მოთხოვნებს. მაგალითად ავიღოთ არმენოლოგია. ქვეყანას შესაძლოა წელიწადში მხოლოდ ერთი ან ორი არმენოლოგი სჭირდებოდეს, თუმცა ამ პროფესიას მაინც 10-15 სტუდენტი ეუფლება. ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ მათი უმრავლესობა ვერ დასაქმდება. განათლების თანამედროვე იდეა იმაში მდგომარეობს, რომ უმაღლესმა სასწავლებელმა სტუდენტს უნდა მისცეს ცოდნა, უნარი, ავტონომიურობა, პასუხისმგებლობა, ანუ ჯამში კომპეტენციები და სტუდენტმა შემდეგ თავად განსაზღვროს რა, სად და როგორ გამოიყენოს. რაც შეეხება მაგისტრატურას, ამ დონეზე უნივერსიტეტის პასუხისმგებლობა უფრო იზრდება. ამის მიუხედავად, ჩემი დაკვირვებით, იმის მაგივრად, რომ მაგისტრატურის საფეხურზე სტუდენტი ეუფლებოდეს რომელიმე დარგში უფრო სიღრმისეულ და კონკრეტულ ცოდნას, ხშირად, ეს საფეხური იმაზე დაბალი განათლების ხარისხის მატარებელია, ვიდრე ბაკალავრიატი. ასევე უნდა აღინიშნოს სამაგისტრო პროგრამების სახელწოდებები, რომლებიც ისეთი ფორმულირებითაა გამოტანილი, რომ სტუდენტმა მასში დასაქმების შესაძლებლობა დაინახოს, რაც, როგორც წესი, რეალობას არ შეესაბამება.

-ეკისრება თუ არა გარკვეული პასუხისმგებლობა ამ პროცესებში თავად შრომის ბაზრის წარმომადგენლებს?

– ჩვენთან დამსაქმებლები, როგორც წესი, ირჩევენ ე.წ. ,,ამერიკულ მოდელს“, რაც ნიშნავს, რომ ისინი ნაკლებად ინტერესდებიან, თუ რა სფეროში აქვთ ხარისხი მათ თანამშრომლებს, რადგან იმთავითვე აქვთ მოლოდინი, რომ უნივერსიტეტის მომზადებული კადრი ვერ დააკმაყოფილებს საბაზრო მოთხოვნებს. დამსაქმებლები ასევე ვერ ხედავენ უნივერსიტეტების მხრიდან იმპულსებს არსებული რეალობის შესაცვლელად და ამიტომ ურჩევნიათ, თავად მოამზადონ თანამშრომლები ტრენინგების საშუალებით. თუმცა, არის ისეთი შემთხვევებიც, როცა დამსაქმებელი მიდის უნივერსიტეტთან და ერთგვარ გარიგებას სთავაზობს: ის მას დაეხმარება კონკრეტული საგნის კურიკულუმში სიახლეების შეტანაში, მისცემს ინფორმაციას, თუ რა ტიპის კადრი სჭირდება და შემდეგ ამავე უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს თავის ორგანიზაციაში დაასაქმებს. ეს გარიგება ორივე მხარისთვის მომგებიანია. დამსაქმებელი ამით შოულობს მისთვის საჭირო თანამშრომელს, რომლის გადამზადებაში რესურსის დახარჯვა აღარ მოუწევს, ხოლო უნივერსიტეტი კი უფრო სასურველი ხდება ახალგაზრდებისთვის. თუმცა ამგვარი გარიგებები, როგორც წესი, უფრო კერძო უნივერსიტეტებთან იდება, რადგან ისინი იმთავითვე უფრო მეტად არიან ორიენტირებული შრომის ბაზარზე, ვიდრე სახელმწიფო უნივერსიტეტები.

– რატომ ვერ ქმნიან სახელმწიფო უნივერსიტეტები შრომის ბაზრისთვის საჭირო კადრებს?

– ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა ცოდნის ტრანსფერი გახლავთ. ძალიან ცოტას მუშაობს აკადემიური პერსონალი იმისთვის, რომ კონკრეტული საკითხი მხოლოდ თეორიად კი არ დარჩეს, არამედ სტუდენტს დაანახოს მისი მიზანმიმართულება დღევანდელობასთან, ანუ გააკეთებინოს მიღებული ცოდნის ტრანსფერი. ბუნებრივია, ცოდნა, თავისთავად, არსად არ საქმდება. არც ერთი დამსაქმებელი არ მოგთხოვს რომელიმე ავტორის თეორიის ზეპირად ცოდნას. სამაგიეროდ, ყველა მოგთხოვს ანალიტიკური შეფასების უნარს და დროის მენეჯმენტს. სწორედ ამ უნარების განვითარებაზე უნდა იყვნენ ორიენტირებული სამაგისტრო პროგრამები. ჩვენთან ჯერ ისევ არის პრინციპი: ცოდნა, გაგება, გაცნობიერება, მაშინ, როცა უნდა იყოს: ანალიზი, სინთეზი და შეფასება. სამწუხაროდ, დღეს შრომის ბაზარზე ამ უნარების მქონე ადამიანების სერიოზული ნაკლებობაა.

– პანდემიის პირობებში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, შრომის ბაზარზე სულ უფრო მოთხოვნადი ხდება ე.წ. ,,მომავლის პროფესიები“. როგორ ფიქრობთ, არიან თუ არა მზად ქართული უნივერსიტეტები მსგავსი პროფესიების გასავითარებლად?

– როგორც უკვე აღვნიშნე, უნივერსიტეტს აქვს სამი მისია. მესამე მისიაზე ანუ საზოგადოებრივ კონტრიბუციაზე პასუხი არის სწორედ ,,მომავლის პროფესიები“. თუმცა, ჩვენ ვერ გადავალთ მესამე მისიაზე, სანამ მეორეს არ განვავითარებთ, რაც არის კვლევა. უნივერსიტეტებმა, რომლებმაც სოციალური პასუხისმგებლობისა და საზოგადოებრივი წვლილის საჭიროება და მნიშვნელობა დაინახეს, თავდაპირველად სწორედ კვლევის განვითარებაში ჩადეს დიდი რესურსი და მხოლოდ მისი ამოწურვის შემდეგ გადავიდნენ ახალ საფეხურზე. ჩვენ ვერასდროს ვიქნებით მზად ,,მომავლის პროფესიების“ სწავლებისთვის, თუკი კვლევა და მეცნიერება არ გახდება პრიორიტეტული. კვლევა ჩვენთან მხოლოდ ლიტერატურის მიმოხილვა ჰგონიათ, რაც არ არის სწორი. კვლევა გულისხმობს მონაცემთა შეგროვებას, დაორგანიზებას, ანალიზს, ინტერპრეტაციასა და გამოყენებას. საინტერესოა, რომ საქართველო არის დუბლინის დესკრიპტორის წევრი, რომლის მიხედვითაც, სტუდენტები ჯერ კიდევ ბაკალავრის საფეხურიდან უნდა იყვნენ ჩართული კვლევის პროცესში, თუმცა ცოტაა ჩვენთან ისეთი პროგრამა, რომელიც ამ მოთხოვნას აკმაყოფილებს.

კვლევების განვითარების კვალდაკვალ უკვე შესაძლებელი გახდება თანამედროვე გამოწვევებზე პასუხი. ყველა განვითარებულ ქვეყანაში სწორედ აკადემია აძლევს ბიძგს შრომის ბაზარს. არსებობს ცოდნის სამკუთხედი – მეცნიერება, უნივერსიტეტი და შრომის ბაზარი. ჩვენს რეალობაში კი ეს სამკუთხედი სამკუთხედი არ არის. ეს არის წერტილები შეერთების გარეშე და მათ შორის კავშირი მინიმალურია.

– რა უშლის ხელს მეცნიერებისა და კვლევების განვითარებას საქართველოში?

– დავიწყოთ იმით, რომ რიგი მეცნიერებებისა ჩვენთან ძალიან ახალია. იგივე სოციალური მეცნიერებები, მხოლოდ ოცდაათი წელია, რაც არსებობს და წინ ვერ მიდის, რადგან საკმარისი ხელშეწყობა არ აქვს. რეალურად, სოციალური მეცნიერების ხარისხის მქონე პირები სოციალური მეცნიერები არ არიან. გარდა ამისა, უდიდესი პრობლემა გახლავთ მატერიალური რესურსის ნაკლებობა. ჩვენთან მეცნიერებაზე გაღებული ხარჯი მთლიანი შიდა პროდუქტიდან, სხვა ქვეყნებს რომ შევადაროთ, დავინახავთ, რომ სხვაობა ძალიან დიდია. ყოველივე ეს განაპირობებს იმას, რომ რეალურად ცოდნის კვლავწარმოება, რაც კვლევის მთავარი ამოცანაა, ადგილობრივ დონეზე არ ხდება და დღესაც იმას ვასწავლით, რასაც 70-იან წლებში ვასწავლიდით. აღსანიშნავია ისიც, რომ მეცნიერების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკა კარგა ხანია არ შეცვლილა. სახელმწიფო ქართულ მეცნიერებას აღიქვამს იმ საქმედ, რომელიც არაგაყიდვადი და ნაკლებად გამოყენებადია. მინდა გითხრათ, რომ ასეთ მიდგომას გარკვეული ახსნა აქვს. დღეს აკადემიური ნაშრომების უმრავლესობა ისეთ თემებზეა, რომლებიც მხოლოდ რამდენიმე ადამიანს თუ დააინტერესებს, მაშინ, როცა მეცნიერების მთავარი მიზანი საზოგადოების განვითარებაში წვლილის შეტანაა. სამწუხაროდ, საქართველოს აკადემიურ სივრცეში არის ამგვარი ქედმაღლური დამოკიდებულება – ,,მე ვარ მკვლევარი და მასებს არ ესმით“. ეს არასწორია. მეცნიერმა/მკვლევარმა თავისი შრომის ნაყოფი შიდა სივრცეში კი არ უნდა ჩაკეტოს, საზოგადოების განვითარებას უნდა მოახმაროს. რა აზრი აქვს გეოლოგის კვლევას, თუ მან გავლენა მშენებლობაში არ პოვა? რა აზრი აქვს საჯარო პოლიტიკის მეცნიერის კვლევას, თუ ამან უკეთესი არ გახადა საჯარო სერვისი? რა აზრის აქვს ეკონომისტის კვლევას, თუკი იგი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში თავის წვლილს არ შეიტანს? რა აზრის აქვს არქეოლოგის კვლევას, თუ მან ის ადგილი ტურისტულ ცენტრად არ აქცია? ყველა დარგი საბოლოოდ საზოგადოებრივ სარგებელზე უნდა იყოს ორიენტირებული. ეს არის მეცნიერება.

– უნდა იყოს თუ არა ცოდნა გაყიდვადი?

– ბოლო პერიოდში ხშირად მესმის, რომ ცოდნის კომერციალიზაცია საშინელებაა, მაგრამ ცოდნის კომერციალიზაციის პრობლემა საქართველოში ნამდვილად არ დგას. ვისაც ცოდნა აქვს, ის მას ვერ ყიდის. თუმცა, ასეც რომ იყოს, ცოდნის ,,გაყიდვა“ ასეთი საშინელი ამბავიც არ არის. თუ ცოდნა პრაქტიკაში არ გამოიყენე და არ გაყიდე, მაშინ რა აზრი აქვს ამ ცოდნას? გაყიდვაში არ იგულისხმება, მხოლოდ ის აკეთო, რაც ბაზარს უნდა. ცოდნის კომერციალიზაციაში იგულისხმება, რომ ნახო რა პრობლემა არის საზოგადოებაში, უპასუხო იმ პრობლემას და შემდეგ ეს ადეკვატურად დაგიფასოს შრომის ბაზარმა. სხვა რისთვის გვჭირდება ცოდნა? რაღაც ფურცლები დავწეროთ და ამით დავამთავროთ? თუ გრანტი მივიღოთ და კარგად ვიცხოვროთ? ეს არ არის მეცნიერება. მეცნიერება აუცილებლად უნდა ემსახურებოდეს საზოგადოებაში ახალი იდეების გენერირებასა და მის პრაქტიკაში გამოყენებას. მხოლოდ ამის შემდეგ შეერთდება ცოდნის, მეცნიერებისა და შრომის ბაზრის წერტილები და ბოლოსდაბოლოს, სამკუთხედადაც იქცევა.

ასევე დაგაინტერესებთ:

სადღეგრძელოში ჩარჩენილი უმაღლესი განათლების სისტემა

edu.aris.ge-სთვის მოამზადა ინგა ღოღობერიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
EDU.ARIS.GE [განათლება]