GE

„მგონია, რომ უნდა მოიპოვო შვილის ნდობა“ – ეკა მიშველაძე რუბრიკაში „მშობელი–მშობელს“

იყო მშობელი დიდი პასუხისმგებლობაა. პასუხისმგებლობა როგორც შვილის, ასევე საკუთარი თავისა და საზოგადოების წინაშე. პირველ რიგში, უნდა იყო საუკეთესო მაგალითი შვილისთვის. წარმატებული კარიერის მქონე მშობლები ამბობენ, რომ დედობა განსაკუთრებით რთულია, როცა გაქვს საქმე და კარიერასა და შვილებს შორის დროის განაწილების კუთხით ოქროს შუალედის პოვნაა საჭირო. დედობა არის ერთგვარი პროფესია, რომელიც არსად ისწავლება. EDU.ARIS.GE-ის რუბრიკის „მშობელი მშობელს“ დღევანდელი სტუმარია ჟურნალისტი, ტელეწამყვანი და ამჟამად საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე:

როცა ჩემი შვილები სკოლის ასაკში იყვნენ, სულ ვეკითხებოდი, ხომ ისწავლეთ გაკვეთილები, ხომ ყველაფერი წესრიგშია. ნამდვილად არ ვიბარებდი ყოველდღე გაკვეთილებს. ბავშვს გააჩნია, როგორია, რამდენად აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა. თუ ატყობს მშობელი, რომ ცოტა პასუხისმგებლობაში მოიკოჭლებს, მაშინ, ალბათ, უფრო მეტი კონტროლია საჭირო, რომ გამოუმუშავდეს პასუხისმგებლობის გრძნობა.

მიმაჩნია, რომ 12 წლამდე მოზარდს მეტად სჭირდება კონტროლი, გარკვეული თვისებების ჩამოსაყალიბებლად. თუ რაღაც ვერ გაიგო ბავშვმა და ჰკითხა მშობელს, მან უნდა უპასუხოს, თუმცა მშობელმა ყველა დავალება შვილის მაგივრად არ უნდა გააკეთოს, ეს უკვე დათვური სამსახურია. სკოლაში რა ქულებს იღებდნენ ამის საქმის კურსში ყოველთვის ვიყავი, თუმცა ჩემი შვილები ასევე მეუბნებოდნენ თავიანთ ნიშნებს. როცა კრება იყო სკოლაში, იქაც მივდიოდი და ვკითხულბდი მათ ამბავს.

შვილსა და მშობელს შორის ნდობა უნდა იყოს

ბავშვებს ძალიან უყვართ, როცა მათ აქებენ და თუ რაღაც პრობლემა აქვთ ეხმარებიან. მშობელი ყოველთვის უნდა იყოს შვილის აკადემიური მოსწრების თაობაზე საქმის კურსში, რათა შემდეგში მიიღოს ზომები. ვინ რა ზომებს მიიღებს მე არ ვიცი, მე რომ მენახა, ჩემი შვილი რაღაც საგანში ჩამორჩება, უფრო მეტ დახმარებას გავუწევდი, მასწავლებელს დაველაპარაკებოდი, რომ უფრო მეტი ყურადღება მიექცია. ამიტომ, მშობელმა შვილის აკადემიური მოსწრების თაობაზე  უნდა იცოდეს. ამას შვილი  ეტყვის თუ ფარულად გაიგებს, მისი გადასაწყვეტია, თუმცა ფარულად ამბის გაგება არ მიმაჩნია სწორად. მიმაჩნია, რომ ნდობა უნდა იყოს შვილსა და მშობელს შორის.

ვცდილობდი, ბაშვებს დასვენების დღე ჰქონოდათ

სულ ვცდილობდი, ჩემს შვილებს დასვენების დღე ჰქონოდათ და შაბათ-კვირას არ ყოფილიყვნენ დატვირთულები. თუ შაბათს სადმე, რამეზე უნდა ევლოთ, ვცდილობდი, ეს ყოფილიყო გასართობი და არა გაკვეთილი. მაგალითად: დამყავდა ლიტერატურის წრეზე, საკვირაო სკოლაში, ძერწვაზე. შაბათ-კვირას უფრო მსუბუქ რაღაცებს ვუთმობდით, ისე კი ინგლისურის შესწავლასა და სპორტით დატვირთვას ვანიჭებდით უპირატესობას. რაღაც კერძო გაკვეთილები მუსიკაშიც გვქონდა.

ყოველთვის ვითვალისწინებდი, ჩემი შვილების ინტერესებს და თუ რამეს მთხოვნდნენ, რაღაცის მიმართ ინტერესესს გამოიჩენდნენ აუცილებლად ამ საქმით ვაკავებდი. თუ მერე აღარ აინტერესებდათ ვანებებინებდიშემდეგ თავს. ისე რომ ძალა დამეტანებინა და მეთქვა, შენ უნდა ისწავლო  ფორტეპიანოზე დაკვრა, ასე ნამდვილად არ მოვქცეულვარ ჩემ შვილებთან. მათემატიკა უჭირდა ორივეს, გარკვეული პერიოდის განამვლობაში სახლში მოდიოდა პედაგოგი და ეხმარებოდა.

მშობელი მკაცრი და სასტიკი არ უნდა იყოს

მე ჩემი შვილების მეგობარი ვარ, მაგრამ ხანდახან, როცა საჭიროა ვარ დედა. ჩვენ ძალიან კარგი მგეობრები ვართ, ყველაფერს ვუზიარებთ ერთმანეთს. მშობელი მკაცრი და სასტიკი არ უნდა იყოს. მგონია, რომ უნდა მოიპოვო შვილის ნდობა და იყო მისი თანამოაზრე, უნდა იყო მისი მეგობარი. თუ სადმე, გარკვეულწილად მაინც სიმკაცრეა საჭირო, იქ შეიძლება რომ ცოტა მკაცრი იყო, თუმცა ისე, რომ ეს რაღაც დესპოტიზმში არ გადავიდეს.

ერთხელ, მახსოვს, ერთ-ერთმა  ტყუილი თქვა. რა თქმა უნდა, გავბრაზდი ძალიან, მთელი რიგი სამუშაოები ჩავატარე, რომ მეორედ მას ასეთი რამ არ ეთქვა. საკმაოდ მკაცრი ვიყავი მაშინ მის მიმართ. ჯერ ავუხსენი, რომ ტყუილი არ შეიძლება, შემდეგ დავსაჯე, სადღაც არ გავუშვი და მერე ყოველთვის იცოდა, რომ ტყუილის გამო აუცილებლად დაისჯებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაკავებული ვიყავი და სულ ვმუშაობდი, შვილებისთვის დროს მაინც ყოველთვის ვიტოვებდი. ჩემი შვილები ვერ იტყვიან და არც ამბობენ, რომ მათ დედა აკლდათ. შესაბამისად, თუ რაიმე არასწორად გავაკეთე, გამოუსწორებელი შეცდომა არ დამიშვია, ასე მგონია. თუ რაღაც არასწორად გავაკეთე, ისინი, ალბათ, თავის შვილებთან გაითვალისწინებენ და უკეთესი მშობლები იქნებიან.


კარგად გაიცანით საკუთარი შვილები!

პირველ რიგში მშობლებს ვურჩევდი, რომ შვილებს დაუთმონ რაც შეიძლება დიდი დრო. ვურჩევდი, კარგად გაიცნონ საკუთარი შვილები და შემდეგ დრო ამის მიხედვით გადაუნაწილონ. ყველას ერთნაირი შესაძლებლობა არ აქვს, არც გონებრივი და არც ფიზიკური. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ შვილს რაღაცები არ უნდა დააძალო, ყველაფერში მისი ინტერესები და უნარები უნდა გაითვალისწინო. ეს იქნებოდა ჩემი რჩევა.

რაღაც ასაკამდე დედა შვილზე უნდა ზრუნავდეს, თუმცა ეს არ გულისხმობს –მხოლოდ საჭმელი აჭამო და პამპერსი გამოუცვალო, ვგულისხმობ აღზრდას. დედა აუცილებლად უნდა მონაწილეობდეს შვილის აღზრდაში  და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უნდა იცხოვრო გარკვეულწილად  შვილების ცხოვრებით და რაღაცებს მისი თვალით უნდა უყურო.

შენ, როგორც უფრო  გამოცდილი, უნდა დაეხმარო სწორი გადაწყვეტილებების  მიღებაში, სწორი გზის  პოვნაში, სწორი ფასეულობების ჩამოყალიბებაში – ეს არის ჩემთვის დედის როლი.

მშობელი–მშობელს სხვა სტუმრები

მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური