GE

მილიონებით დაფინანსებული ფაკულტეტები, რომელთა არჩევაც თითქმის შეუძლებელია

აბიტურიენტებს სამი დღე აქვთ იმისთვის, რომ სასურველი ფაკულტეტების ჩამონათვალში ცვლილებები შეიტანონ, თუმცა უმაღლესი სასწავლებლების ნაწილი აქამდე ვერ აქვეყნებს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ სპეციალობებზე გამოყოფილი ადგილების ზუსტ ოდენობას.

სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული ფაკულტეტების ჩამონათვალის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის ბრძანება, „საკანონმდებლო მაცნეში“ რეკორდული დაგვიანებით, გუშინ გამოქვეყნდა. იქ დასახელებულია უნივერსიტეტები და საგანმანათლებლო პროგრამების ის პროგრამული მიმართულებები, რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო, თუმცა ვაკანტური ადგილების რაოდენობა მითითებული არ არის, რაც აბიტურიენტებში დაბნეულობას იწვევს. საგულისხმოა ისიც, რომ ზუსტ მონაცემებს ამ დრომდე თავად უნივერსიტეტების ნაწილიც ვერ გვაწვდის.

რამდენი ადგილია გამოყოფილი სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ თითოეულ მიმართულებაზე? – EDU.ARIS.GE-მ ამ შეკითხვით უმაღლეს სასწავლებლებს მიმართა. დაფინანსებული ადგილების ოდენობა და სრული სია ამ დრომდე მოგვაწოდეს და გამოქვეყნებულიც აქვთ: ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა.

სახელმწიფოს მხრიდან საკმაოდ სოლიდური დაფინანსების მქონე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ამ დრომდე ვერ აქვეყნებენ ზუსტ მონაცემებს და მიზეზად მინისტრის ბრძანებას ასახლებენ.

იხილეთ 2019 წელს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული ფაკულტეტების სია 

„იქიდან გამომდინარე, რომ მინისტრის ბრძანება არ გამოვიდა მიმართულებების მიხედვით დაფინანსებადი ადგილების რაოდენობასთან დაკავშირებით, ჩვენ არ ვიცით, რომელი პროგრამა რამდენი ადგილით დაფინანსდება. ჯამში დაფინანსებულია 250 ადგილი“,- ეს გახლავთ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პასუხი ჩვენს შეკითხვაზე, რომელსაც სახელმწიფოსგან 562,500 ლარი აქვს გამოყოფილი.

„მიმართულებები ვიცით რაოდენობები თანხმდება სამინისტროსთან და მომავალი კვირის დასაწყისში იქნება დაზუსტებული“,- ეს თსუ-დან მიღებული პასუხია, რომელსაც უფასო ფაკულტეტებისთვის 2,524,500 ლარი აქვს გამოყოფილი.

რაც შეეხება თელავის და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტებს, მათ მიერ EDU.ARIS.GE -სთვის გამოგზავნილ ცხრილში არ გვხვდება მათემატიკა, რაც „საკონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებულ სიაში არის. ამ საკითხთან დაკავშირებით თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში განგვიცხადეს, რომ „მაცნეზე“ გამოქვეყნდა სიის პირველადი ვარიანტი, რაც უკვე კორექტირებულია. გორის უნივერსიტეტის წარმომადგენელმაც ჩვენთან საუბარში განმარტა, რომ მათემატიკა სიიდან მოგვიანებით ამოიღეს. საინტერესოა რატომ გადაიფიქრა სახელმწიფომ რეგიონის უნივერსიტეტებში მათემატიკის მიმართულების დაფინანსება? – ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არ ჩანს.

აბიტურიენტებს არჩევანის გასაკეთებლად სულ უფრო ნაკლები დრო რჩებათ, წინ ორი უქმე დღეა და ორშაბათს 18 საათზე კი ფაკულტეტების არჩევის ვადები მთავრდება. მანამ სანამ  უმაღლესი სასწავლებლები სამინისტროსთან არკვევენ სრულად დაფინანსებული ადგილების ოდენობას, შესაძლოა აბიტურიენტებს არჩევანის გაკეთების ვადაც ამოეწუროთ. საინტერესოა რატომ აფინანსებს სახელმწიფო მილიონებით ფაკულტეტებს, რომლის არჩევის დროც ახალგაზრდებს ფაქტიურად აღარ რჩებათ?!

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური