GE

მილიონნახევრიანი დავალიანების მიუხედავად ბსუ-ში უცხოელ სტუდენტებს სტატუსი არ შეუჩერდათ

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მედიცინის პროგრამაზე ჩარიცხული უცხოელი სტუდენტები სწავლის საფასურს წლების განმავლობაში ნაწილობრივ იხდიდნენ. გადაუხდელი თანხები წლიდან წლამდე მკვეთრად იზრდებოდა და 2019 წლის ბოლოს დავალიანებამ 1 486 817 დოლარი შეადგინა. წლებთან და გადაუხდელ თანხებთან ერთად დავალიანების მქონე სტუდენტთა რაოდენობაც იმატებდა. მაგალითად 2015 წელს ბსუ-ის მიმართ დავალიანება 25 უცხოელ სტუდენტს ჰქონდა, 2019 წელს კი ეს რიცხვი თითქმის 20-ჯერ გაიზარდა და 494-ს მიაღწია. საგულისხმოა, რომ დავალიანების მიუხედავად, უცხოელ სტუდენტებს სტატუსი შეჩერებული არ ჰქონდათ. ეს კი მაშინ, როდესაც ამავე პროგრამაზე ჩარიცხულ ქართულენოვანი სექტორის 67 სტუდენტს სტატუსი სწორედ დავალიანების გამო შეუჩერეს.

ამ მონაცემების შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახური საკუთარ დასკვნაში წერს. საქმე კი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2018-2019 წლების შესაბამისობის აუდიტს ეხება, რომელზეც EDU.ARIS.GE-მ უკვე გაგაცნოთ ინფორმაცია მაგისტრატურაზე ზედმეტად გადახდილ თანხებთან დაკავშირებით. იმაზე, თუ რა ხდებოდა უცხოელი სტუდენტების შემთხვევაში, უფრო ვრცლად მოგიყვებით.

უცხოელ სტუდენტებთან და მათ მიერ სწავლისთვის საჭირო თანხის გადახდასთან დაკავშირებული პრობლემები უნივერსიტეტში 2015 წელს იწყება. სწორედ ამ დროს გააფორმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ მემორანდუმი კომპანია GME CONSULTANTS-თან. შეთანხმების მიზანი მედიცინის მიმართულებით უცხოელი სტუდენტების მოზიდვა იყო. GME CONSULTANTS-ს პრეტენდენტების შერჩევის ექსკლუზიური უფლება ჰქონდა. აუდიტის ანგარიშის მიხედვით, კომპანია აპლიკანტებს აწვდიდა ინფორმაციას უნივერსიტეტის შესახებ და მათ სავიზო-სააპლიკაციო ფორმებით უზრუნველყოფდა. ამასთან, ისვე იყო პასუხისმგებელი უნივერსიტეტში მოზიდული სტუდენტების მიერ სწავლის საფასურის დროულად გადახდაზე. შეთანხმების თანახმად, კომპანია უფლებამოსილი იყო მოეთხოვა სტუდენტისათვის 4,000 აშშ დოლარი, საიდანაც უნივერსიტეტისათვის გადასახდელი თანხა შეადგენდა 3,300 აშშ დოლარს. როგორც აღმოჩნდა, GME CONSULTANTS-მა საკუთარი ვალდებულებები ვერ შეასრულა რის შემდეგაც, 2017 წელს ახალი ხელშეკრულება გაფორმდა. ამჯერად ბათუმის უნივერსიტეტსა და უცხოელ სტუდენტებს შორის შუამავლის ფუნქცია კომპანია „ინთერნეიშენალ სთუდენთ სელ, ბიესიუმ“ იკისრა. მიზანი ვერც ამ შემთხვევაში გამართლდა.

„2017 წელს, ურთიერთშეთანხმებით, უნივერსიტეტმა გააფორმა ახალი მემორანდუმი შპს „ინთერნეიშენალ სთუდენთ სელ, ბიესიუსთან“, რომელმაც ასევე აიღო ვალდებულება შეესრულებინა კომპანია GME CONSULTANTS-ის ვალდებულებები. მემორანდუმების ფარგლებში 7 ნაკადად, ჩაირიცხა 628 სტუდენტი ინდოეთიდან. კომპანიების მხრიდან გადახდილია 244,075 აშშ დოლარი და 4,964,046 ლარი, რომლის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება სტუდენტების მიხედვით. ორივე კომპანიის მიერ მოზიდულ სტუდენტთა სწავლის დავალიანება წლების მიხედვით იზრდებოდა, ხოლო კომპანიის მიერ ჩარიცხული თანხები არ იყო საკმარისი წარმოშობილი დავალიანების დასაფარავად, შედეგად 2019 წლის ბოლოს, 494 სტუდენტის დავალიანებამ 1,486,817 აშშ დოლარი შეადგინა”, – ვკითხულობთ აუდიტის ანგარიშში.

EDU.ARIS.GE ამ შემთხვევაშიც დაინტერესდა, როგორ გაიზარდა 5 წლის განმავლობაში უცხოელ სტუდენტა დავალიანება დაახლოებით 30-ჯერ და როგორ გადააჭარბა მან მილიონ დოლარს. ასევე, ბსუ-ის ადმინისტრაციას ვკითხეთ, როგორც ხდებოდა საგანმანათლებლო დაწესებულებაში უცხოელ სტუდენტთა აღრიცხვა.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში ირწმუნებიან, რომ სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში ასახული ყველა ხარვეზი ამ დროისთვის გამოსწორებულია. კერძოდ, შეცვლილია ფინანსური მოდელი და უცხოელი სტუდენტები სწავლის საფასურს არა შუამავლი კომპანიის, არამედ პირდაპირ უნივერსიტეტის ანგარიშზე რიცხავენ. როგორც EDU.ARIS.GE -სთან ბსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნიკა ჩხარტიშვილმა განმარტა, GME CONSULTANTS-სა და „ინთერნეიშენალ სთუდენთ სელ, ბიესიუსთან“ სამართლებრივი დავაც მიმდინარეობს.

„სტუდენტი ირიცხებოდა ჩვენთან, მაგრამ არასწორი ფინანსური მოდელი იყო. შემომყვანი კომპანია სტუდენტისგან იღებდა თანხას და შემდეგ იმ თანხას, რომელიც იყო სწავლისთვის გათვლილი, უხდიდა უნივერსიტეტს. როდესაც თანხები არ შემოდიოდა, უნივერსიტეტი ამას სტუდენტებთან ვერ გაარკვევდა. ბუნებრივია, დავიწყეთ გარკვევა შემომყვან კომპანიასთან. შემომყვანმა კომპანიამ პასუხი დააბრუნა, შემდეგ დაიწყო გარკვევა, ჩაურიცხა თუ არა მას იმ სტუდენტმა თანხა. ამას ხომ დრო მიაქვს? ვიდრე დაზუსტებით არ ეცოდინებოდა უნივერსიტეტს, რომ ამა თუ იმ სტუდენტმა თანხა ვერ შემოიტანა, ჯეროვნად, შეთანხმების საფუძველზე, ბუნებრივია სტატუსის შეწყვეტა არამართებული იქნებოდა. ახლა ეს პრობლემაც აღმოფხვრილია. შემომყვან კომპანიებთან კვლავაც ვთანამშრომლობთ, თუმცა სწავლის თანხას სტუდენტი პირდაპირ უნივერსიტეტში იხდის. ახლა სასამართლოშია საქმე. იქ, სადაც ჩვენი ხელი ვერ წვდება, სამართლებრივი დავაა. კომპანიებს კი დავალიანება ბოლომდე გადახდილი არ აქვთ“,- გვეუბნება ჩხარტიშვილი.

ის ყურადღებას ამახვილებს უნივერსიტეტის გამოცდილებაზე. კერძოდ, კომპანიებთან ურთიერთობის თვალსაზრისით.

„ხარვეზები იმიტომ აღმოჩნდა, რომ პირველი იყო. ასეთი ფინანსური მოდელის პირობებში მსგავსი გარემოების წარმოშობის დიდი რისკი არსებობს“, – ამბობს ის. თუმცა, ფაქტია, ახალი ხელშეკრულების დადებამდე უნივერსიტეტს GME CONSULTANTS-თან ურთიერთობის 2 წლიანი პრაქტიკა ჰქონდა. შესაბამისად, ის შესაძლო რისკების არსებობაზე ინფორმირებულიც იყო.

აღსანიშნავია, რომ ბსუ შემომყვან კომპანიებთან თანამშრომლობას კვლავაც აგრძელებს. თუმცა, კონკრეტულად ვისთან და რა პირობებით, ამაზე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არ საუბრობს. აღნიშნავს, რომ წერილობითი მიმართვების საფუძველზე ახალი კომპანია გასაუბრებისა და უნივერსიტეტის პირობების გაცნობის შემდეგ შეირჩა.

რაც შეეხება GME CONSULTANTS და „ინთერნეიშენალ სთუდენთ სელ, ბიესიუს”, მათთან ამ ეტაპზე სამართლებრივი დავა მიმდინარეობს. EDU.ARIS.GE მეორე მხარის პოზიციის გასაგებად კომპანიების წარმომადგენლებთან დაკავშირებას ეცადა, თუმცა უშედეგოდ. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში GME CONSULTANTS-თან დაკავშირებით მონაცემები არ იძებნება. კომპანიას საკუთარ ვებ-გვერდზე მითითებულ ოფიციალურ მეილზე მივწერეთ, თუმცა პასუხი არ დაგვიბრუნეს.

რაც შეეხება, „ინთერნეიშენალ სთუდენთ სელ, ბიესიუს”. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, კომპანიას ინდოელი მფლობელები ჰყავს. 50%-იან წილებს გოპალან ანიში და ბრიჯეშ კუმარ სინგი იყოფენ. მათ 2019 წლის აპრილში კომპანიაში ნებისმიერი საქმიანობის განხორციელების უფლებაზე მინდობილობა საქართველოს მოქალაქეობის მქონე 5 პირს გაუფორმეს. EDU.ARIS.GE მათგან ერთ-ერთს დაუკავშირდა, რომელიც ბათუმის უნივერსიტეტსა და კომპანიას შორის არსებულ სამართლებრივ დავაზე ინფორმაცია აქვს, თუმცა დეტალებზე საუბარი არ სურს და საქმის ადვოკატთან საუბარს გვირჩევს, რომელიც ტელეფონს და მოკლე ტექსტური შეტყობინებებს არ პასუხობს.

როგორ მოახერხა და მოახერხა თუ არა უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სულ რაღაც თვეებში წლების განმავლობაში დაშვებული შეცდომების გამოსწორება, ჩვენ, ალბათ, ბევრი წლის შემდეგ, მორიგი აუდიტის შედეგიდან გავიგებთ.

ბათუმის სახელწიფო უნივერსიტეტის წინაშე არსებულ მილიონნახევრიან დავალიანებაზე უნივერსტიტეტში პასუხისმგებელი პირები იმედია მალე დასახელდებიან, ხოლო სახელმწიფო უნივერსიტეტი კუთვნილ თანხას მიიღებს.

ამავე თემაზე:

„მექანიკური შეცდომა“ – ბსუ-ში სტუდენტები მაგისტრატურის საფასურს წლების განმავლობაში ზედმეტად იხდიდნენ

მოამზადა მარიამ ვაჩნაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური