GE

„მიმართეთ პრესსამსახურს“… „გესმით ხმა“?… – რატომ ვერ პასუხობს 179-ე სკოლის შესახებ კითხვებს ვერც დირექტორი და ვერც რესურსცენტრი?

მიმართეთ პრესსამსახურს – ასე, პატრულ-ინსპექტორივით პასუხობს EDU.ARIS.GE-ს არაერთ კითხვას ისანი-სამგორის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მეგი როსტიაშვილი, რომელსაც იმის გასარკვევად მივმართეთ არის თუ არა თბილისის 179-ე საჯარო სკოლა ონლაინ სწავლებაზე მიწისძვრის შემდეგ დაწყებული მოკვლევის მიზეზით და როდის განაახლებენ სწავლას დასწრებულ რეჟიმში მოსწავლეები.

როგორც EDU.ARIS.GE-სთვის გახდა ცნობილი, სკოლა ონლაინ სწავლებაზე ჯერ კორონავირუსის შემთხვევების გამო იყო, მას შემდეგ კი, რაც საქართველოში 13 თებერვალს ძლიერი მიწისძვრა მოხდა, სკოლის ადმინისტრაციის მიერ თანამშრომლებისთვის მიწოდებული ინფორმაციით, მოკვლევის პროცესშია და სწავლას ონლაინ ამის გამო აგრძელებენ.

“ჯერ კიდევ მიწისძვრამდე იყო სკოლა ონლაინ. მიწისძვრის შემდეგ მოკვლევის პასუხიც იყო მაგრამ მაინც არ განახლდა სწავლა და როცა განათლების სამინისტროს ცხელ ხაზს დავუკავშირდით, გვიპასუხეს, რომ ალბათ საგაზაფხულო არდადეგების შემდეგ მიიღებენ ბავშვებსო. ამასობაში კი გავიდა მარტის თვეც და ისევ ონლაინზე ვართ”, – უთხრეს EDU.ARIS.GE-ს სკოლის თანამშრომლებმა.

179-ე სკოლის დირექტორს, ქალბატონ ხათუნას კი მას შემდეგ შეექმნა ტელეფონზე სმენის პრობლემა როგორც კი ჩვენი ინტერესის საგანი განვუმარტეთ, “არ ისმის, გესმით?” – გვეკითხებოდა ის, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი უპრობლემოდ ესმოდა. ამის შემდეგ კი ჩვენს ზარებს აღარ უპასუხა. როდესაც ჩვენ მას მივწერეთ, რომ მედიისთვის მისი ეს ქცევაც პასუხია, დაახლოებით 10 წუთში თავად დაგვიკავშირდა და პრესსამსახურისთვის მიმართვა გვირჩია, რადგან კონსულტაცია უკვე გავლილი ჰქონდა, რა უნდა ეპასუხა და ამჯერად ხმაც კარგად ესმოდა. სამწუხაროა, რომ როცა საკითხი ბავშვებს ეხებათ, სკოლის დირექტორს ობიექტური რეალობის შესაფერისი პასუხების გაცემა უჭირს და სატელეფონო ზარებს არც სკოლის ორ სხვადასხვა ნომერზე პასუხობენ.

კიდევ ერთი ინფორმაცია, რაც ჩვენ მოვიპოვეთ ის არის, რომ სკოლამ მშობლების ნაწილს უთხრა, თითქოს სწავლას 7 მარტიდან განაახლებენ, რაც ასევე შეცდომაში შემყვანია, რადგან საგაზაფხულო არდადეგები სწორედ 8 მარტიდან იწყება და ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

EDU.ARIS.GE რა თამა უნდა, სამინისტროს პრესსამსახურსაც მიმართავს, თუმცა გვეეჭვება ამაზე მაინც მივიღოთ სწრაფი პასუხი მიხეილ ჩხენკელის უწყებიდან, თუკი საერთოდ გვიპასუხებენ.

ასევე იხილეთ:

სკოლის შენობას, სადაც 800-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს, მიწისძვრამ ბზარები გაუფართოვა – ვეკუას სკოლის გასაჭირი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური