GE

მიმდინარე კვირაში, კორონავირუსის გამო, დისტანციურ სწავლებას 11 სკოლა და 109 ცალკეული კლასი დაუბრუნდა

ინტენსიური მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, მიმდინარე კვირის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, COVID-19 მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 0.1%-ს და მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 0.03%-ს დაუდასტურა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მშობელთა მოთხოვნის ან კორონავირუსის შემთხვევის გამოვლენის საფუძველზე, საქართველოს მასშტაბით, სრულად დისტანციურ რეჟიმზე მიმდინარე კვირაში სრულად 11 სკოლა და 109 ცალკეული კლასი გადავიდა.

“მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალთა სავალდებულო ტესტირება საქართველოს მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ამავდროულად, სამინისტროს პირველი პირებისა და ადგილობრივი რესურსცენტრების მხრიდან სკოლების მონიტორინგი ასევე უწყვეტად მიმდინარეობს. შესაბამისი სანიტარულ-ჰიგიენური პირობების უზრუნველყოფის მიმართულებით საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში ნორმები მაქსიმალურადაა დაცული. ამ კუთხით, საქართველოს მასშტაბით, რეკომენდაცია მხოლოდ რამდენიმე სკოლას მიეცა”, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, სკოლების მონიტორინგის პროცესში საგანმანათლებლო რესურსცენტებთან ერთად, ჩართულები იქნებიან სკოლამდელი, ზოგადი განათლებისა და ადმინისტრაციის დეპარტამენტის თანამშრომლები.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური