GE

მიმდინარეობს ტრენინგი საჯარო სკოლის მასწავლებლებისთვის საგნობრივი მეთოდიკის კურსში „აქტიური სწავლება საგნებში“

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს, საქართველოს ყველა საჯარო სკოლის 7000-ზე მეტ მასწალვებელს “აქტიური სწავლება საგნებში“ ტრენინგის კურსს სთავაზობს.

ამჟამად, ტრენინგს 550-ზე მეტი მასწავლებელი გადის. ტრენინგები ბათუმში, ბოლნისში, გადრაბანში, ლაგოდეხში, ქობულეთში, ყვარელსა და ხელვაჩაურში ტარდება.

საგნობრივი მეთოდიკის კურსი ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, მათემატიკის, გეოგრაფიისა და ინგლისურის ენის მასწავლებლებს უტარდებათ და ითვალისწინებს რეალური სასწავლო გარემოს მოდელირებას; ტრენინგის პროცესში მასწავლებლებს საშუალება ეძლევათ საკუთარ თავზე გამოსცადონ მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომების ძირითადი პრინციპები, უშუალოდ დაინახონ მათი სარგებელი და შეძლონ აქტიური სწავლების სტრატეგიების გამოყენება პრაქტიკაში.

ტრენინგ მოდული 24 საკონტაქტო საათისგან შედგება. მასწავლებლებს ტრენინგის შემდგომ აქვთ შესაძლებლობა სამუშაო შეხვედრებზე განიხილონ ახალი სტრატეგიები და მიდგომები, ამით კი ხელი შეუწყონ მათ საკლასო ოთახში დანერგვას.

საგნობრივ კურსში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მასწავლებელთა მიერ იმ სტრატეგიებისა და მიდგომების დაუფლებას, რაც უზრუნველყოფს მოსწავლეთა დაინტერესებას ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესწავლისას.

ტრენინგებზე შეძენილი ცოდნა და უნარები მასწავლებლებს საშუალებას მისცემს სასწავლო პროცესი მეტად სახალისო, ინტერაქტიული, პრაქტიკულ ცხოვრებასთან დაკავშირებული, ასევე XXI საუკუნის მოსწავლის მოთხოვნებსა და ინტერესებზე მორგებული გახადონ.

საგნობრივი მეთოდიკის ტრენინგები 2017 წლის აგვისტოსა და სექტემბერში მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდება.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს პროექტს აფინანსებს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია და ახორციელებს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია IREX- ის ექსპერტული მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური