GE

მინისტრი – არ ვაპირებთ „ბუქების“ ამოღებას და საბეჭდი მანქანების დაბრუნებას სკოლებში

ჩვენი მიზანია, მეტი ინოვაცია, ტექნოლოგიები სკოლებში და ამის პარალელურად ჩვენი კულტურული ფასეულობების დაცვა, – ასე უპასუხა განათლების მინისტრმა ჟურნალისტების კითხვას გოგებაშვილისეული დედაენის სკოლაში დაბრუნების შესახებ.

როგორ მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოებს დაემატება გოგებაშვილის “დედაენა”, რაც ნიშნავს ახალი სასწავლო რესურსის დამატებას.

„როგორც სხვა ავტორებს აქვთ უფლება, რომ მათი „დედაენა“ ისწავლებოდეს სკოლებში, ასევე გოგებაშვილს აქვს უფლება, რომ გოგებაშვილის დედაენაც იყოს სკოლაში, ანუ ეს უბრალოდ ნიშნავს ახალი სასწავლო რესურსის დამატებას. სკოლა თავად აკეთებს არჩევანს არსებულ გრიფირებულ სახელმძღვანელოებს შორის – ან გოგებაშვილის „დედაენას“ გამოიყენებს, ან სხვა სახელმძღვანელოს. ყველაზე მთავარი, რაც არის, ეს არის თავისუფალი არჩევანი სკოლებისთვის, იმ პედაგოგებისთვის, რომლებიც თავად წყვეტენ რომელი სასწავლო რესურსი გამოიყენონ. თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ უნდა გამოიყენონ პარალელურად გოგებაშვილის „დედაენა“, ამაში არ მგონია რამე ცუდი იყოს. დღეს დამისვეს კითხვა, ხომ არ მოხდება „დედაენით“ „ბუქების“ ჩანაცვლება. „ბუქები“ არა მარტო დაურიგდებათ, არამედ უფრო მაღალ ტექნოლოგიები შევა სკოლებში. გარწმუნებთ, არ ვაპირებთ „ბუქების“ ამოღებას და საბეჭდი მანქანების დაბრუნებას სკოლებში. ჩვენი მიზანია, მეტი ინოვაცია და ტექნოლოგიები სკოლებში და ამის პარალელურად ჩვენი კულტურული ფასეულობების დაცვა“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

წყარო: 1tv

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური