GE

მინისტრი სკოლის დირექტორებს აკრიტიკებს – „ხშირად გვაქვს საქმე უპასუხისმგებლობასთან“

განათლების რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციისას, რომელიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მიმდინარეობს, მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სკოლის დირექტორების პასუხისმგებლობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, სკოლებში არსებობს პრობლემები, რომელთა გადაჭრასაც სამინისტროს ჩარევა სჭირდება, თუმცა არის საკითხები, რომლებიც ადვილი შესაძლებელია ადგილებზე გადაწყდეს.

„ჩვენ ორი კუთხით გვაქვს სამუშაო, ერთია, რას გავაკეთებთ ჩვენ ინფრასტრუქტურის კუთხით თბილისსა და რეგიონებში, მეორეა, რისი გაკეთება შეუძლიათ ადგილზე. ძალიან ბევრია ამაზე სამუშაო. ხშირად, გვხვდება პრობლემა, რომელიც ადგილზე გადაჭრილია მხოლოდ სამინისტროს ჩარევის შემდეგ, ეს არ უნდა სჭირდებოდეს დირექტორს. ხშირად ამას მხოლოდ კეთილი ნება და მეტი პასუხისმგებლობა სჭირდება სკოლების დირექტორების მხრიდან. ხშირად გვაქვს საქმე დაუდევრობასთან და უპასუხისმგებლობასთან. ამიტომ ამ კუთხით ვიმუშავებთ აქტიურად და ჩვენი სამინისტრო ძალიან აქტიურ მონიტორინგს, როგორც ახორციელებდა, ასევე გააგრძელებს ძალიან აქტიურად სკოლების მონიტორინგს, თუ რა ხდება ინფრასტრუქტურაში. დამოკიდებულება, რომ სანამ ვიღაც არ დამავალებს, სანამ ვიღაც არ მიიღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას არაფერს არ გავაკეთებ, ეს ჩვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი.

“შესაბამისად ამ კუთხით, იგივე ადგილობრივი პრობლემების მოწესრიგების კუთხით, რაც სკოლაში შეიძლება ადგილზევე გაკეთდეს, განვახორციელებთ აქტიურ მონიტორინგს სკოლებთან ერთად, მაგრამ ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია დირექტორების პასუხისმგებლობა ამ საკითხში, იმიტომ, რომ ბევრი პრობლემა, სანამ გლობალურ გეგმას შევეხებით, შესაძლებელია ადგილზევე გადაიჭრას და არ სჭირდება არც დედაქალაქიდან და არც მუნიციპალიტეტიდან კონკრეტული მითითებები. სკოლის დირექტორი არის პირველი პასუხისმგებელი პირი კონკრეტული სკოლის სამუშაო პროცესებში“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური