GE

„მინისტრო ბატიაშვილო, დაელაპარაკეთ თქვენ კართან მოსულ ახალგაზრდებს“

რუბრიკის „თავისუფალი ტრიბუნა“ დღევანდელი წერილის ავტორი უცხოეთში განათლებამიღებული საქართველოს მოქალაქეების საკითხს ეხმაურება, რომელთაც საქართველოში განათლების მიღების უფლებისთვის ზოგადი უნარების გამოცდა დაუწესდათ და რამდენიმე დღეა მათი ნაწილი განათლების სამინისტროსთან ამას აპროტესტებს.

მიმართვა მინისტრს:

„ევროპელი მინისტრები არ გაურბიან ხალხს. არ იმალებიან კაბინეტებში,  დაბურულ მანქანებში… მათ სცალიათ ხალხისთვის, სცალიათ კი არა და ეს არის მთავარი საქმე, რადგან ხალხია მათი მბრძანებელი და არა პირიქით. ისინი ცდილობენ მუდმივ კომუნიკაციას ფიზიკური უშუალობით, სოციალური ქსელებით…

ბრიტანეთის განათლების  მინისტრს დამიან ჰინდსის (მნიშვნელობა არ აქვს განათლების სამინისტროა, დეპარტამენტი, ინსპექცია თუ რა, მოდი დავარქმევ განათლების მინისტრს.) ალბათ, აზრადაც არ მოდის თავის „სამენეჯმენტო სეგმენტთან“ დამალვა. პირიქით, ის მუდმივი კომუნიკაციის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ბრიტანეთი ახალ საგანმანათლებლო სისტემაში გადართოს;  ანჯა კალიკლი, გერმანიის განათლების მინისტრი გამორჩეულია ოპონენტებთან ურთიერთობით და მათთან იუმორისტული დამოკიდებულებით; მთელი მსოფლიო ალაპარაკდა ახალგაზრდა ქალბატონის, საფ­რან­გე­თის გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის ნა­ჯატ ბელ­კა­სე­მის  ამბით. ბავშვობისას ის მწყემსი იყო, და ჩვენში გავრცელებული სინდრომისგან განსხვავებით, მინისტრობა სულაც „არ ავარდნია თავში“. ახლაც კი გასაოცარია მისი უშუალობა ხალხთან ურთიერთობაში.

ევროპის ქვეყნებში მინისტრების აუდიტორია რომ უფრო დიდია, არც ეს დაგვავიწყდეს: საქართველოს მოსახლეობისოდენი ზოგიერთი ქვეყნის მთლიან საგანმანათლებლო სისტემაშია დასაქმებული, თქვენ კი, მინისტრო, „მისაბაძ“ ევროპელთაგან განსხვავებით ვერასდროს იცლით მათთან შესახვედრად, ვის მინისტრსაც უწოდებთ თავს.

თქვენ ვერ გაბედეთ და ვერ დაელაპარაკეთ თქვენ (სამინისტროს) კართან მოსულ ათობით ახალგაზრდას. არ აქვს მნიშვნელობა, იმას, ისინი მართლზომიერად ითხოვენ თუ არამართლზომიერად  საქართველოში სწავლის გაგრძელებას. განა, ისეთს რას გთხოვენ? შეგხვდითო, დაგველაპარაკეთო. იქნებ, უარს იტყოდნენ მოთხოვნებზე?

კარგი, დავუშვათ ეს სტუდენტები სწავლის ხარისხით დაიწუნეთ, განა თქვენმა სისტემამ არ შექმნა ის საგანმანათლებლო პაკეტი, რომლითაც ყველა მოსწავლე სარგებლობს? მათაც ამით ისარგებლეს, მერე უცხოეთში ისწავლეს და დაბრუნება გადაწყვიტეს. თქვენ მათ სამშობლოს წართმევას უპირებთ და სადღა გვყავს დასაკარგი ხალხი? გარბიან ადამიანები საქართველოდან და ვისაც გაქცევა არ უნდა, მათ კარს ურაზავთ? თუ ასე არაა, რატომ უარყოფთ მათ? იმ უნივერსიტეტებს არ აღიარებთ, სადაც სწავლობენ? ასე ხომ ამ გაფეტიშებულ ბოლონიის პროცესს ეწინააღმდეგებით.

რაღა  განვითარებას აანონსებთ, მინისტრო, კომუნიკაციის საუკუნეში, როდესაც, დღისით მზისით თქვენ სტუდენტებს ვერ დაელაპარაკეთ? თქვენ ადამიანებს  საჯაროდ გაურბიხართ და არა მარტო გაურბიხართ, დარბევის ბრძანებას გასცემთ  და ამის მერე რეფორმებზე საუბრობთ?

ეჰ, მოუცლელო მინისტრო, მრავალგზის ვაი-უშველებელი გვჭირს. სულ ყველა მინისტრი სწორებას ევროპულ საგანმანათლებლო სისტემაზე აკეთებთ და ამ დროს, უკანასკნელი წლების კვლევებმა უჩვენა, რომ ჩვენგან ესოდენ ცხრა მთის მანძილით წინ წასულ ევროპულ საგანმანათლებლო სისტემას აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებმა გაუსწრო და მართლაც სასიამოვნო და მართლაც საინტერესო ფინურმა სისტემამ მე-4-5 ადგილზე ჩამოინაცვლა. მაგრამ ეგ ადგილიც კი ჩვენგან ცა და მიწასავითაა განსხვავებული. და უცხოეთში რა არის წარმატებული ეროვნული სისტემების ამოსავალი წერტილი? რა და ადამიანი. ადამინის კეთილდღეობაზე ორიენტირებული მომავლის შენება. და თქვენ „აიგნორებთ“ ადამიანის ფაქტორს.

თქვენ რეფორმებზე, რომლებშიც გარკვეულ პოზიტივებს ვხედავ, სხვა დროს ვისაუბრებ, ახლა კი გირჩევთ, გადააბიჯეთ საკუთარ სიამაყეს, შიშს, გაუცხოებას და დაელაპარაკეთ ამ გოგო-ბიჭებს, რომლებიც გაყინულები გელოდებიან სამინისტროს კართან.”

დავით ფერაძე

პედაგოგი, ისტორიკოსი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
თამარა იაკობიშვილი